თბილისის "დინამოში" დიდიე დროგბას ორეული გამოჩნდა

AutoSharing Option
26 ივნისს "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენის შემდეგ ტესტ-მატჩი გაიმართა.

დუშან უჰრინის გუნდი "ვიტ ჯორჯიას" გაეჯიბრა. ეს სპარინგი ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ორივე გუნდისთვის პირველი იყო.

იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელები შვებულებიდან ახალი დაბრუნებულები არიან და ოპტიმალურ კონდიციებამდე ბევრი უკლიათ, მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდად ხარისხიანი და სანახაობრივი ვერ გამოდგა.

თუმცა შეხვედრამ მაინც საკმაო ინტერესი გამოიწვია და "დინამოს" ბაზის ჭიშკარი, ჟურნალისტებთან ერთად, გულშემატკივრისთვისაც გაიღო.

თამაშს ორ ასეულამდე ქომაგი დაესწრო.

რაკი "დინამოდან" წამსვლელ-დამრჩენები ბოლომდე ჯერ არ გარკვეულან, ჯერ ადრეა იმაზე
საუბარი, თუ რა სახეს მიიღებს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის.

26 ივნისს "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის, გიორგი ლორია, რომლის გუნდში დარჩენაც გადაწყვეტილია. მას, უბრალოდ, დასვენების საშუალება მიეცა.

უჰრინი სამ პოტენციურ ახალწვეულსაც დააკვირდა - ბრაზილიელ ცენტრფორვარდ ეუდისს და შესაბამისად, მაკედონიელ და უგანდელ მარცხენა მცველებს, დარკო გლიშიჩსა და კიზიტოს. ეს უკანასკნელი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დიდიე დროგბას - ბუნებრივია, გარეგნობით და არა საფეხბურთო მანერითა და ოსტატობით.

იქიდან გამომდინარე, რომ სინჯებზე მყოფ უცხოელებს თავის გამოსაჩენად მხოლოდ ერთი ტაიმი მიეცათ, მათი შეფასებისგან თავს შევიკავებთ.

მათ "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი მომდევნო სპარინგებშიც დააკვირდება და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეუდისმა ორჯერ სახიფათოდ დაარტყა და ერთხელ ბურთი "ვიტ ჯორჯიას" კარის ხარიხასაც გაარტყა.

მატჩი "დინამოს" უპირატესობით წარიმართა, თუმცა ვეტერინარები ყველანაირად შეეცადნენ, მეტოქისთვის ტოლი არ დაედოთ და ნულოვან ფრეს ბრძოლით მიაღწიეს. ეუდისის გარდა, "ვიტ ჯორჯიას" კარის ძელს ბურთი ჩისკომაც გაარტყა.

ორივე გუნდის უახლოესი ტესტ-მატჩების გრაფიკს მალე შემოგთავაზებთ.

26.06. თბილისი. დიღმის საწვრთნელი ბაზა
დინამო-ვიტ ჯორჯია 0:0
დინამო: ზარქუა - სეთურიძე, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი, გლიშიჩი - კოტო, ხმალაძე, ალვარო, თარხნიშვილი - მერებაშვილი, ეუდისი.
მეორე ტაიმში: სეფიაშვილი - ტვილდიანი, გველესიანი, პაპავა, კიზიტო - ლექვთაძე (ჩაფიძე), პარუნაშვილი, ძარია, ჯიღაური - ჩისკო, იაგუე.

ვიტ ჯორჯია: ნ. დაუშვილი - ხურცილავა, გეთიაშვილი, გოგიაშვილი, ღანიაშვილი - კასრაძე, გურეშიძე - კორიფაძე, ჯანელიძე, ვასაძე - ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმში: რეჭია - ახვლედიანი, გეთიაშვილი, ტეტუნაშვილი, ძავაშვილი - ვასაძე, დავლაშელიძე - ზაქრაძე, ჯანელიძე (ჯაყელი), ჯუღელი (ვაშაკიძე) - ლობჯანიძე.

არბიტრი: ჯ. ხორავა

ლეგიონერები ახალი შანსის მოლოდინში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როგორი სქემით ათამაშებს თბილისის "დინამოს" დუშან უჰრინი
რატომ ამჯობინა რომან ფიფიამ დუშან უჰრინი გერმანელ და ჰოლანდიელ სპეციალისტებს
რომან ფიფია: პროფლიგის აღდგენას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე კი უკან დაიხიეს
მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უცებ ჩაგვიკლა იმედი ჟურნალისტმა---> ეს უკანასკნელი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დიდიე დროგბას - "ბუნებრივია", გარეგნობით და არა საფეხბურთო მანერითა და ოსტატობით.:D:D:D
gela
14:26 27-06-2012
0

სიახლეები პოპულარული