მე და კოსტია ძველი ძმაკაცები ვართ. რომ გავიცანი, მე ოცი წლის ვიყავი, ის 70-ის, მაგრამ ილარიონის არ იყოს, რა განსხვავებაა ჩვენ შორის? 9 აპრილს იგი 94 წლის გახდა. უკრაინაში ვიყავი ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე და ვერ მივულოცე დაბადების დღე. ამიტომ თბილისში ჩამოსვლისთანავე "დანაშაულის გამოსასყიდად" დავპირდი, "დინამოს" თამაშზე წაგიყვან და შენებურად სურათები გადაიღე-მეთქი.
გადატანილი
კოსტია შანიძე 1918 წელსაა დაბადებული, ერთ თვეში კი საქართველო დამოუკიდებელი გახდა და მისი ფეხის ადგმა და რუსების შემოჭრა ერთი იყო! სკოლაში რომ დაუწყია სიარული, "დინამოს" სტადიონის მშენებლობა დაიწყო… მაშინ იქ თურმე ბაღჩა-ბაღები იყო გაშენებული და კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. შანიძეებიც ახლანდელი მეტრეველის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, სტადიონიდან, ფაქტობრივად, რამდენიმე მეტრში. ჰოდა, პატარა ბიჭიც მუდამ მშენებლობაზე ჩხირკედელაობდა.
ერთადერთი, მაშინ მოუსვამდა სახლისკენ, როცა მშენებლობას გაკრიალებული შავი "პობედა" მოადგებოდა და მანქანიდან თავად ლავრენტი ბერია გადმოვიდოდა ხოლმე. უშიშროების მაშინდელი ვეშაპი სკურპულოზურად ადევნებდა თვალს სტადიონის მშენებლობას და ერთხელაც ისე გაბრაზებულა, თავად მოუკიდია ნიჩბისთვის ხელი და მშენებლებისთვის უჩვენებია, როგორ უნდოდა საქმის გაკეთება!
შეშინებულ მუშებს ბერიასთვის ხელის დასაბანად წყალი ვერ მოუძიებიათ და პატარა კოსტია შანიძე გაუგზავნიათ სახლში, რომელსაც თუნგით მიურბენინებია წყალი. ბერიას ხელი გადაუბანია და... პირსახოცი არავის აღმოაჩნდა! ენაჩავარდნილი ხალხი ისევ ბერიას გამოუყვანია მდგომარეობიდან და... პატარა შანიძის ხუჭუჭა თმაზე გაუმშრალებია ხელი...
მოკლედ, კოსტია შანიძეს მთელი ცხოვრება სტადიონზე აქვს გატარებული. 80 წლისა ისევ მხნედ დააბიჯებდა "დინამოს" თამაშებზე თავისი განუყრელი აპარატით... "დინამოს" ყველა გულშემატკივარს ახსოვს ჭაღარა ფოტოგრაფი, პატარა ნოდარ ახალკაცს რომ დაატარებდა ხოლმე...
არ მეგონა, პატარა ბიჭებსაც თუ ახსოვდათ. ჰოდა, ძალიან გამიკვირდა და, რა თქმა უნდა, გამიხარდა, როცა მე და კოსტია სტადიონზე შევედით და "დინამოს" ფან-კლუბ "გლადიატორების" მთელი შემადგენლობა ფეხზე წამოუდგა მხცოვან კაცს და ტაში დაუკრა... კოსტიას ცრემლები მოერია და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. ამასობაში ჩვენს "კოტორას" დაუნახია ძველი დოსტი და სირბილით მოვარდა...
ძნელი იყო, თავი შეგეკავებინა მათი თბილი შეხვედრის შემხედვარეს... ჰოდა, "დინამომაც" ივარგა - კოსტიას გამოჩენა იყო და ზედიზედ სამი გოლი შეაგდეს!
ამ ჩანახატს მისი ცნობილი ოჯახობის შეხსენებით დავამთავრებ: ბატონი კოსტიას შვილი, ქალბატონი ცისანა, საქართველოში ცნობილი მოცურავე გახლდათ და მერე დიდხანს მუშაობდა პირველ არხზე. მისი მეუღლე "დინამოს" ოქროს თაობის წარმომადგენელი გურამ პეტრიაშვილი იყო. კოსტიას შვილიშვილი კი "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დავით პეტრიაშვილია, რომელიც ახლა უეფაში მოღვაწეობს...
მამუკა კვარაცხელია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"