ალექსანდრე ჩივაძე: უცხოელი მწვრთნელი ნაკრებში - ეს ჯოხია ორი დაბოლოებით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ რუსულ სპორტულ გაზეთ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა.

მოგეხსენებათ, ევრო 2012-ზე შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ რუსეთის ნაკრებმა ჯგუფში დარჩენილი მატჩები ჩააგდო, მეოთხედფინალში ვერ გააღწია და გულშემატკივართა რისხვა დაიმსახურა. რუსებმა პოლონეთიდან დაბრუნებული ნაკრებიდან უმალ დაითხოვეს ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი და ახლა მსჯელობენ, ქვეყნის მთავარი გუნდი ვის ჩააბარონ - კვლავ უცხოელს მიანდონ თუ არჩევანი თანამემამულე სპეციალისტზე შეაჩერონ.

სწორედ ამ საკითხზე
დაეკითხა "სპორტ ექსპრესი" ჩივაძეს. თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა და კაპიტანმა მეზობლებს ნაკრებში ადგილობრივი სპეციალისტის მიწვევა ურჩია.

- რა თქმა უნდა, რუსეთის ნაკრებმა ახლახან ჩამთავრებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა, - თქვა ჩივაძემ. - ჩეხებთან მოგებულ პირველ მატჩშიც ნათლად ჩანდა, რომ ძირითადი გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი ფიზიკურად არ იყო სათანადოდ მომზადებული. ისინი აშკარად ამოვარდნილნი იყვნენ გუნდიდან.

იგივე არშავინი, კარგ გადაცემებს აკეთებდა, მაგრამ არ შრომობდა ისე, როგორც ამას თანამედროვე ფეხბურთი ითხოვს - წინაც და უკანაც. დღეს ძალიან ბევრი უნდა ირბინო, ის კი ამას არ აკეთებდა.

და კიდევ, როდესაც მე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდი, ფეხბურთელებს გულშემატკივრებისადმი, მაყურებლებისადმი სულ სხვანაირი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა გვქონდა.

მოთამაშე მოედანზე ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს და ერთ ადგილს არ უნდა ტკეპნიდეს. ისე გამოდის, რომ თქვენი ფეხბურთელები კლუბებში ბოლომდე იხარჯებიან, ნაკრებში კი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ირჯებიან.

შეხედეთ ესპანეთს, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ასევე იტალიას, გერმანიას და სხვა გუნდებს - იქ ყველა თავდადებულია.

რაც შეეხებათ რუს ფეხბურთელებს, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, მათ უკვე მოიხვეჭეს მოსახვეჭელი, მაგრამ ნაკრები - მთავარია! მოურიდებლად, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი - ისე გამოდის, რომ ისინი ეროვნულ გუნდში მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობენ.

- რუსეთის ნაკრები შესაძლოა კვლავ უცხოელს ჩააბარონ. გუს ჰიდინკისა და დიკ ადვოკაატის შემდეგ პრესის განსაკუთრებული ყურადღება ფაბიო კაპელოსა და ხოსეპ გვარდიოლასკენაა მიმართული...
- უცხოელი მწვრთნელი - ჯოხს ორი დაბოლოება აქვს...

- რუს კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად ვალერი გაზაევი სახელდება...
- ვალერის ძალიან კარგად ვიცნობ და მიმაჩნია, რომ თავისი გაწეული სამუშაოთი ყველას ყველაფერი დაუმტკიცა. მის ხელში რუსეთის ნაკრებს სულ სხვა პასუხისმგებლობა ექნება.

ხომ ნახეთ, რუსეთის ნაკრებს ბერძნებთან წაგებული მატჩი დამთავრებული არ ჰქონდა, დიკ ადვოკაატი უკვე სამშობლოში მიფრინავდა...

- თქვენი აზრით, ვინ უნდა უთავკაცოს რუსეთის საფეხბურთო კავშირს?
- რუსეთში მცხოვრები იმ ადამიანებიდან, ვისაც მე ვიცნობ, ფეხბურთში ყველაზე უკეთ ვიაჩესლავ კოლოსკოვი ერკვევა. მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება გმართებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული