ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ქიშმიში და ინდური ხურმა ხმების სანაცვლოდ

AutoSharing Option
ესეც ასე: 2015 წელს უეფას სუპერთასი თბილისში გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ჩვენს დედაქალაქში გავლენ მოედანზე და საფეხბურთო ზეიმით გაალამაზებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც თავს იწონებს ამ წარმატებით და რატომაც არა, სულ ცუდი ამბებით ხომ არ უნდა შეგვახსენოს თავი. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა - ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად და კარგად მუშაობს.

მოკლედ, რაც მოხდა დიდებული ამბავია, ოღონდაც ისე ვერ არის შეფუთული, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი, მაგრამ უეფას ამ გადაწყვეტილებას უკან სხვა ისტორიები ახლდა.

საქმე
უცბად არ კეთდება, უეფა რეფორმატორული რომ გახდა, ეს პირველ რიგში მიშელ პლატინის დამსახურებაა. ფრანგის გაპრეზიდენტებას კი უეფას წევრი ქვეყნების საარჩევნო ხმები სჭირდებოდა. ამისთვის არ არის აუცილებელი ქუჩაში ასი ათასი კაცის გამოყვანა, პერიფერიებში თეფშების დამონტაჟება, ტელევიზიის შექმნა, დაჭერა, დაყადაღება და ათასი დავიდარება. აქ მთავარი იყო ამომრჩეველთა დარწმუნება იმაში, რომ მე სხვანაირი პრეზიდენტი ვიქნები და საქმეს სხვანაირად წავიყვან.

მაძღარი საფეხბურთო ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვერ იქნებოდა ის, პლატინი გახდებოდა უეფას პრეზიდენტი თუ ვინმე სხვა, ჩვენთვის და ჩვენნაირებისთვის კი რეფორმები აუცილებელი იყო.

პლატინი კენჭს რომ იყრიდა, მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. მან ხმა პლატინის მისცა და როგორც უტყუარ კულუარებში ამბობენ, კიდევ რამდენიმე ხმის მონაგრებაში დაეხმარა მას. ეს უკვე ცოტა არ იყო, პლატინი ჟორდანიას და ძალაუნებურად ჩვენი ფეხბურთის მეგობარი გახდა.

ჟორდანიამ სხვა სამსახურიც გაუწია ფრანგს. ალბათ გახსოვთ, ძალიან აქტუალური რომ შეიქნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის მოწვევა იოჰან ბოსკამპისა და ივო შუშაკის შემდეგ. თურქი აგენტი ბაირამ თუთუმლუ ანრი მიშელს სთავაზობდა ჟორდანიას, ამასობაში ჟორდანია დააპატიმრეს, დაიწყო ბრძოლა ფეხბურთის ხელში ჩასაგდებად.

ფედერაციის პრეზიდენტმა გირაო გადაიხადა და გაათავისუფლეს, თითქოს გარდაუვალი ჩანდა ანრი მიშელის საქართველოს ნაკრებში გამწვრთნელება, მაგრამ არა, ჟორდანიამ არჩევანი უცბად ალენ ჟირესზე, პლატინის მეგობარზე გააკეთა.

ეს პერიპეტიები ახალი ჩამთავრებული იყო, შოთა არველაძემ ინტერვიუს დროს სანაძლეო რომ გააჟღერა - ცოტა ხანში საქართველო რაიმე ფინალს უმასპინძელბს, ჩემპიონთა ლიგისას ვერა, მაგრამ უეფას თასის ფინალი ალბათ მალე თბილისში გაიმართებაო. ამ ინტერვიუს მოძებნა ადვილად შეიძლება, უბრალოდ, ამის აუცილებლობა მგონი არ არსებობს. პლატინი ჟორდანიას თბილისში რომ ესტუმრა, ძმებ არველაძეებთან გრეხეტბოლიც კი ითამაშა, შერკინების მსაჯი კი ჟორდანია გახლდათ.

პლატინიმ დანაპირები მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეასრულა - 2015 წლის სუპერთასი თბილისში. ამ ყველაფრის შემდეგ კი ცოტა უხერხულად გვეჩვენება, სხვა რომ გამოდის სიტყვით ტელეკამერის წინ, მაგრამ ამაში ცუდი მგონი არაფერია, უეფას ამ გადაწყვეტილების პრელუდიები ხომ ყველამ არ იცის და ალბათ არც არის აუცილებელი, რომ იცოდეს.

ჟორდანია ახლა არნემის "ვიტესის" პრეზიდენტია და მაინც გაუხარდებოდა, პლატინიმ სიტყვა რომ შეასრულა - სიტყვისკაცობას ყავლი არასდროს გასვლია.

და რა იქნება 2015 წელს? სუპერთასი თბილისში და კიდევ რამდენი რამ...

საფეხბურთო ციებ-ცხელება საქართველოში დაქოქილია. ეროვნულ ჩემპიონატს საპრიზო ფონდი ეღირსა, მალე ალბათ კიდევ სხვა სახეიროც გამოჩნდება, მერე ნაკრებსაც ეშველება...

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სად და როგორ გაიმართება, ესეც საღერღელის ამშლელია ჩვენთვის. ვფიქრობ, წინ მივდივართ. ის ძველი ამბები კი, ახლა რომ მოგიყევით, მალე მგონი მეც აღარ მეხსომება, ოღონდაც ურიგო არ იქნება, თუ გვეცოდინება, რა საიდან და როგორ დაიწყო.

პლატინი იყოს კარგად და უეფა აღმოსავლეთ ევროპისთვის კიდევ გამოიმეტებს ქიშმიშსა და ინდურ ხურმას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს სიმართლეს და სუპერთასს თბილისში!
dudu
18:11 08-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული