ლანჩხუთში ცვლიან: მინდვრის საფარს, ლოჟას, ტაბლოს, განათებას, მწვრთნელსა და შემადგენლობას

AutoSharing Option
გასულ სეზონში "გურია" ახლოს იყო მიზანთან, 10-წლიანი შესვენების შემდეგ უმაღლეს ლიგაში ეასპარეზა - გუნდი პლეი აუტის სტარტზე მოსალოდნელზე წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა დასკვნითი მატჩები ასევე მოულოდნელად ჩააგდო და ელიტლიგაში აღზევების შანსი მინიმუმ ერთი წლით გადადო.

არადა, "გურიის" წარმატებაზე ლანჩხუთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მომავალი იყო დამოკიდებული და ასეთი ჩავარდნის შემდეგ იყო შანსი, რაიონს საფეხბურთო პრიორიტეტზე ხელი აეღო, რასაც თავისთავად მოჰყვებოდა სტადიონის რეკონსტრუქციის გაურკვეველი დროით გადადება.

თუმცა ლანჩხუთელი ქომაგების გასახარად, ყველაფერი რიგზეა. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით კლუბი კვლავაც უმაღლესი ლიგისთვის იბრძოლებს.

ამ კუთხით საინტერესოა, რომ
მმართველი პარტიის მხრიდან დეპუტატობის კანდიდატად კლუბის ყოფილი პრეზიდენტი და დღეს ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე სახელდება, ვის სახელთანაცაა დაკავშირებული კლუბისადმი ხელისუფლების მხარდაჭერა. ცნობისთვის, მისი კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" "გურიის" ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე იქნება.

ბოლო კვირების განმავლობაში ლანჩხუთს მინდვრის საფარის გამომცვლელი კომპანიისა თუ სტადიონის დამპროექტებელთა ჯგუფები არაერთხელ ეწვივნენ. როგორც ხელისუფლება ირწმუნება, "ევგრაფი შევარდნაძე" აუცილებლად გარემონტდება. განახლებული არენის გახსნა სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. იმ დროს შემდეგი სამუშაოები უნდა იყოს დასრულებული: მინდვრის საფარის გამოცვლა, განათებისა და ელექტროტაბლოს დამონტაჟება, გასახდელის კეთილმოწყობა (სავარაუდოდ, ძველი დაინგრევა და ახალი გაკეთდება), ჩრდილოეთ ტრიბუნის მოხსნა, ტრიბუნების გამაგრება და იზოლაციის მოწყობა; ასევე, პრეს და ვიპ-ლოჟების კეთილმოწყობა.

განახლებული არენა 10 ათასამდე ქომაგს დაიტევს და პირველ ეტაპზე 4-5 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება მოხდება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "გურიას" საშინაო შეხვედრებს 2 ათასზე მეტი ქომაგი ესწრებოდა და ერთხელ გულშემატკივართა რაოდენობამ 5 ათასსაც გადააჭარბა.

"გასულ სეზონთან შედარებით, კლუბს ნაკლები ბიუჯეტი კი ექნება, მაგრამ უკეთესი გუნდი უნდა გავაკეთოთ, რადგან მიზანი - უმაღლეს ლიგაში გადასვლა - შევასრულოთ.

წელს ამის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ამის გამო გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს, თუმცა ვფიქრობ - უფრო მეტად საბოდიშო ფეხბურთელებს აქვთ, რომელთაც ყველანაირი პირობა შევუქმენით.

ვაღიაროთ, ჩვენ არ გვყავდა ისეთი გუნდი, როგორი წარმატებითაც გამოვედით პირველ წრეში. ამიტომაც ვთხოვდით ფეხბურთელებს მობილიზებას, მაგრამ ეტყობა წარმატებებმა მათზე ცუდად იმოქმედა, ზოგმა ცაში ფრენა დაიწყო და სამწუხარო შედეგიც მივიღეთ.

თუმცა იმედიანად ვართ განწყობილები და ყველაფერს გავაკეთებთ გურული ფეხბურთის გასახარად",
- აცხადებს გურული ფეხბურთის მესაჭე კახა ებრალიძე.

რაც შეეხება ცვლილებებს, ცნობილია, რომ "გურიას" მთავარი მწვრთნელი შეეცვალა - ეროვნულ ჩემპიონატებში კლუბის ყველაზე წარმატებული თავკაცის, გიგლა იმნაძის (პირველი თასი და ვერცხლის მედლები ლანჩხუთელებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს) თანამდებობა გასული სეზონის ფინიშზე წარუმატებლობას შეეწირა - მას ახალგაზრდა სპეციალისტი თემურ ლორია შეცვლის. ეს უკანასკნელი "გურიის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, კარიერის მანძილზე იცავდა მის ღირსებას და გაუწვრთნია კიდეც. მას A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აქვს.

ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია შემადგენლობაში. სხვა კლუბებში აგრძელებენ კარიერას მეკარე ლევან ბუბუტეიშვილი, მცველები ერეკლე კილაძე (ორივე ბათუმის "დინამო") და როინ ონიანი ("ბაიაში" დაბრუნდა).

რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, "გურიამ" მხოლოდ ადგილობრივები დაიტოვა სრული შემადგენლობით, ხოლო მოწვეულებიდან დავით მაისაშვილი, გია თოდუა, ალექსანდრე ლაღაძე და არნო ჩასემი შეინარჩუნა.

მარტვილის "მერანში" გადასვლას გეგმავდა, მაგრამ "გურიაში" დაბრუნდა გუნდის ლიდერი და მთავარი მეგოლე გიგა კვერენჩხილაძე. კაპიტანი სეზონისთვის მოსამზადებელ წვრთნაში უკვე ჩაერთო. ფორვარდით დაინტერესებას უმაღლესლიგელები იჩენდნენ - მარტვილის გარდა, მისით ბათუმის "დინამოც" სერიოზულად იყო დაინტერესებული. თუმცა გიგამ უმაღლესლიგელებს და უკეთეს პირობებს მშობლიურ კლუბში დაბრუნება არჩია.

გურულებს ერთი მეკარის დამატება სურთ და მოლაპარაკებებს "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ მეკარე გიორგი ძაძამიასთან აწარმოებენ. იგი უკვე ირიცხებოდა "გურიაში", სადაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ვეტერინარების ძირითადი მეკარე გახდა.

ლანჩხუთელები რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავენ. კლუბმა პირველი ტესტ-მატჩი თანაკუთხელ "მერცხალთან" 10 ივლისს გამართა და 2:1 გაიმარჯვა.

რამდენიმე დღეში "გურია" გრიგოლეთში დაბანაკდება და საკუთარ ბაზაზე ორკვირიან შეკრებასაც გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიგლა იმნაძე: ლანჩხუთის "გურიამ" საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალა და დაისაჯა
ლანჩხუთის "გურიის" ფანკლუბი სფფ-ს უმაღლესში დაბრუნებას სთხოვს
მკითხველის კომენტარები / 3 /
მერცხალი მაგაროია
giviko
22:52 11-07-2012
0
მაინც ვერ გაავა გურია რადგან არააკვტ კლასი.მერცზალი გახევს
giviko
22:51 11-07-2012
0

სიახლეები პოპულარული