როგორც უნდა იყოს, "მეტალურგმა" ალბანელებს ცხრა გოლი გაუტანა და ერთი გაუშვა, ეს კი, სხვა რომ არაფერი, სასიამოვნოა.
რუსთავში ფეხბურთი ისე არ უყვართ, როგორც ზესტაფონში ან ქუთაისში. ძნელია იმის თქვა, ასე რატომ არის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არადა, "მეტალურგი" ფეხბურთს კარგად თამაშობს, წლეულს სულაც მესამედ უნდა გამხდარიყო რუსთავული გუნდი საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ ჩემპიონობა იმას შეეწირა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.
რუსთავი თავისებური ქალაქია საქართველოს ქალაქთა შორის. რუსთავი ძალიან
რუსთავი ორ ნაწილად იყოფა - გაღმად და გამოღმად. გაღმა რუსთავი სტალინურად ძველებურია და შარმიც მეტი აქვს. სტადიონიც მტკვრის იქით არის. რუსთავი დიდად ინდუსტრიული ქალაქი აღარ არის, ასი ათასამდე კაცი ცხოვრობს, სტადიონზე კი ხშირად ათასი გულშემატკივარიც არ მიდის. არადა, "მეტალურგი" მარჯვედ თამაშობს ფეხბურთს.
ტრადიციები? რუსთავის ფეხბურთს არც ეს დაეწუნება. რუსთავულ გუნდში უთამაშიათ შოთა ხინჩაგაშვილს, კახა ცხადაძეს, რევაზ არველაძეს, გოგა გახოკიძეს, ლევან კობიაშვილს...მაგრამ ხალხი სტადიონზე აღარ დადის.
რუსთავულ გუნდს არაერთხელ შეუცვალეს სახელი. "მეტალურგი", "გორდა", "მეტალურგი", "გორდა", "რუსთავი", "ოლიმპი" და ისევ "მეტალურგი" - ასე იყო საქმე ბოლო 25 წელიწადში.
სახელის შეცვლის გარდა რუსთავულმა გუნდი სხვაც ბევრი გადაიტანა, ხან ასეთი პატრონი და მწვრთნელი ჰყავდა და ხან - ისეთი. რუსთავი მაინც მოვიდა აქამდე, როგორგ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.
შარშან "მეტალურგმა" სომხურ "ბანანცს" და ყაზახურს "ირტიშს" აჯობა ევროსარბიელზე, მერე კი ფრანგულ "რენს" გადაეყარა და დაიჯაბნა. "რენი" "მეტალურგისთვის" ძალიან ძლიერი და სიმპატიური გუნდი გამოდგა, არა მგონია, რომ "პლზენიც" ასეთივე იყოს, თუმცა ვინ იცის...
ხალხი კი სტადიონზე პირველ რიგში ფეხბურთელმა უნდა მიიყვანოს. ლევან ყენია რომ თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", ამ გუნდის საშინაო მატჩებზე ბევრი ქომაგი არ დადიოდა, მაგრამ ვინც დადიოდა, უფრო ყენიას გამო.
დღეს "ლოკომოტივი" თამაშობს და მოდი, ყენიას საყურებლად წავიდეთო - კანტი-კუნტად, მაგრამ ასე მაინც დადიოდა გულშემატკივარი "ლოკომოტივის" თამაშებზე. ყენია იყო "ლოკომოტივის" ლოკომოტივი.
გგიორგი თექთურმანიძემ "ტეუტას" ორი ლამაზი გოლი გაუტანა და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ უფრო ძლიერ გუნდებსაც გაუმწარებდა ყოფას. თექთურმანიძეს საფეხბურთო მილეთი ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა ჯიქიას ქუჩაზე, "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლაში დასდევდა ბურთს. ნიჭიერებს ადვილად იმახსოვრებენ.
თექთურმანიძე 21 წლისაა და კიდევ აქვს დრო, წინ დიდი ნაბიჯებით რომ წაიწიოს. "ჩიორას" ალბანელებთან გატანილი გოლების გარდა სხვა კარგი რამეებიც შეუძლია და იქნებ იმდენიც მოახერხოს, რომ ხალხი "მეტალურგის" თამაშებზე მიიყვანოს.
"ჩიორა" ჟორჟიკაშვილის გამოზრდილია, ამ მწვრთნელს კი ახალგაზრდებთან მუშაობა განსაკუთრებით ეხერხება. მწვრთნელის მუშაობაც მხოლოდ იმით არ ფასობს, მისი გაწვრთნილი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს.
თითო ქართველმა მწვრთნელმა ერთი "ჩიორა" რომ მაინც გამოზარდოს, ქართულ ფეხბურთს ნამდვილად ეშველება.
მანმადე კი "ჩიორას" ჯერია, რომ ხალხი სტადიონზე მიიყვანოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"