პლზენის "ვიქტორიამ" შარშან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშა, "მილანთან" შინ ფრე მოახერხა, ბორისოვის ბატეს მოუგო, "ბარსელონასთან" ორივე მატჩი წააგო, მერე ევროპა ლიგაზე გადაერთო და 1/16-ფინალში "შალკესთან" დამარცხდა.
ამით იმის თქმა გვსურს, რომ "პლზენი" საკმაოდ გამოცდილი გუნდია და კლასიც არ უნდა დაეწუნებოდეს.
ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
19.07. თბილისი. მ. მესხი. 20:00 (ტელეტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე)
მეტალურგი (საქართველო)-ვიქტორია (პლზენი. ჩეხეთი)
"მიხეილ მესხზე" რუსთავის "მეტალურგმა" 18 ივლისს ვარჯიში საღამოს ექვსის ნახევარზე
სტუმართა გუნდის 37 წლის კაპიტანმა, პაველ ხორვატმა, ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა:
- თბილისში იმას ვეცდებით, რომ გოლი გავიტანოთ. საპასუხო მატჩისთვის აქედანვე უნდა შევიქმნათ რაღაც უპირატესობა.
- რუსთავის "მეტალურგზე" რა აზრის ხართ?
- რთული მოწინააღმდეგე გვყავს. ხვალ დილით, თამაშის დღესაც გვექნება ტაქტიკური მეცადინეობა. "მეტალურგს" კარგი დაცვა ჰყავს. ალბანელებს ორი მატჩის ჯამში ცხრა გოლი რომ გაუტანა, იმაზე მიუთითებს, რომ მეტოქე შეტევაშიც ძლიერია.
* * *
"პლზენი" ვარჯიშს რომ შეუდგა, გუნდის მთავარი მწვრთნელი პაველ ვრბა საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გაეშურა და ჩეხი თუ ქართველი მასმედიელების კითხვებს პასუხობდა.
- ქართველებთან მატჩს რა დანაკლისით ხვდებით?
- ორი წამყვანი ფეხბურთელი არ გვეყოლება - მცველი მარიან ჩიშოვსკი ტრავმირებულია, ხოლო თავდამსხმელი მარეკ ბაკოში ახლახან "შალკეში" წავიდა.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება გუნდზე გავლენას ახდენს, თუმცა შევეცდებით, რომ ამ დანაკლისმა დიდად არ იმოქმედოს ჩვენზე.
- მოწინააღმდეგეს როგორ შეაფასებდით?
- ქართველების თამაშს ალბანეთში ვუყურე "ტეუტასთან". მეტოქეზე საკმარისი ინფორმაცია მაქვს. ცხრა გოლი რომ გაუტანა ალბანელებს, ამით ყველაფერია ნათქვამი.
- "მეტალურგიდან" ყველაზე უფრო რომელ რგოლს გამოარჩევდით?
- მთლიანობაში, გუნდი მომეწონა, თუმცა დაცვას მაინც გამოვარჩევდი.
- დიმიტრი ტატანაშვილზე რას გვეტყოდით? რამდენად სახიფათო იქნება ის თქვენი გუნდისთვის?
- ამ თავდამსხმელს კარგად ვიცნობ, კარგი ფეხბურთელია. განსაკუთრებით, კარის სიახლოვეს არის სახიფათო. მან იცის გოლის გატანა.
- წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში სომხურ "პიუნიკს" ეთამაშეთ - როგორ შეადარებდით "პიუნიკს" "მეტალურგთან"?
- "პიუნიკი" ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო, "მეტალურგში" კი გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე "მეტალურგი" უფრო რთული მოწინააღმდეგეა. ჩვენს გუნდში 21 წლის ედგარ მალაკიანი სწორედ "პიუნიკიდან" ავიყვანეთ.
- თბილისური ხვატი არ გადარდებთ?
- მართლაც ძალიან ცხელა, თუმცა თამაში საღამოს 8 საათზეა და ეს ოპტიმალური ვარიანტია ამ სიტუაციაში.
- რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?
- გოლები უნდა გავიტანოთ და მოვიგოთ.
პაველ ვრბა: მეტალურგი პიუნიკზე რთულია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ...
დიმიტრი ტატანაშვილი: წინ რთული მატჩები გველის
გიორგი თექთურმანიძე: იმედია, შემდეგ მატჩში მეტი გულშემატკივარი გვეყოლება
მეტალურგი-ტეუტა 6:1 (პირველი მატჩი 3:0) - აბა, ახლა "პლზენი" გამოუშვით!