ქუთაისის "ტორპედომ" აზერბაიჯანიდან ქართველი მიიწვია

AutoSharing Option
ნუგზარ კვირტია ქუთაისის "ტორპედოში" ვარჯიშობს და მისი საკითხი მალე გადაწყდება.

ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკლებად ცნობილ ამ ფეხბურთელს ერთ-ერთმა აზერბაიჯანული გაზეთმა მათ ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ქართველი უწოდა.

იყო ალბათობა, კვირტია კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერში" გადასულიყო. 27 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბაქოს აზალ-ში თამაშობდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელთან, ვაგიფ სადიგოვთან კონფლიქტის გამო კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. მაშინ იყო ცნობა, რომ კვირტიას ცხადაძე იწვევდა.

ქართველი ნახევარმცველით "რავანიც" დაინტერესდა, მაგრამ კვირტია ზაქათალას "სიმურგის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ მიიწვია და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილი გვეგონა
- აზერბაიჯანული გამოცემა "ექსტრატაიმის" ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურებულიყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და კვირტია სამშობლოში დაბრუნდა.

წალენჯიხელი კვირტია რუსეთში გაიზარდა და მოსკოვის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. საქართველოში 14 წლისა დაბრუნდა, 1999-2000 წლებში თბილისის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა. 2001 წელს კი რუსულ "ხიმკიში" ჩაირიცხა. მერე იყო კრასნოგორსკის "ზორკი" (2004–06), "რიაზანი" (2007), "ზელენოგრადი" (2008) და "ზნამია ტრუდა" (2009). აზალ-ში კი 2009 წლის შემოდგომაზე გადავიდა.

კვირტიას დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "ტორპედოში" ჩემი ჩარიცხვა გადაწყვეტილი არ არის. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდში ვვარჯიშობ, ესაა და ეს. აზალ-იდან წამოსვლის შემდეგ არც მივარჯიშია და ცხადია, მწვრთნელს ჩემი მდგომარეობა აინტერესებს.

- აბა, აზერბაიჯანში "ინტერი", "რავანი" და "სიმურგი" იწვევდნენო?
- ლაპარაკი იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლაპარაკადვე დარჩა.

- აზერბაიჯანელები შენს თამაშს დადებითად აფასებდნენ და უგუნდოდ როგორ დარჩი?
- აზერბაიჯანში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტი დააწესეს და დიდი გადასახადებია, რომლისგანაც მხოლოდ ნაკრების წევრი მოთამაშეები თავისუფლდებიან და კლუბები ასეთ მოთამაშეებს ეძებენ. მე კი ნაკრებში არ მითამაშია და პრობლემა ამის გამო შემექმნა.

- "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" შეხვედრაზე რას იტყოდი, ნუთუ აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის ასეთი კატასტროფული სხვაობაა?
- აზერბაიჯანელებს უფრო დიდი ანგარიშითაც რომ მოეგოთ, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩვენ და მათ ჩემპიონს შორის დიდი სხვაობაა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ზესტაფონმა" საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ განმეორებით მატჩს "ზესტაფონი" უკეთ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ არის "ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ქართველი" ნუგზარ კვირტია?
ყაზახებთან მარცხის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოდან" კაპიტანი გაუშვეს
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სისხლი სჭირდება - სამიზნე ავთანდილ ბრაჭულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული