ეგაა, პატარა წარმატებაზე ყველაფერი გვავიწყდება და ოცნებებს მივეცემით, მაგრამ "აქტობეები" და "ნეფთჩები" ცივ შხაპს გადაგვასხამენ და ვფხიზლდებით.
ჩვენი ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) სატკივარი ბავშვთა ფეხბურთია, საიდანაც იწყება დიდი ფეხბურთის საფუძვლები. ვერ იქნება სიხარული, თუ არ იქნება სწორი დამოკიდებულება, კარგი სკოლები...
ვფიქრობ, ამ კუთხით დაგაინტერესებთ გერმანიაში, "ბოხუმის" საფეხბურთო სკოლაში ნამუშევარი ახალგაზრდა ქართველი კაცის, დავით წიქარიშვილის მონაყოლი -
ცნობისთვის: წიქარიშვილი თამაშობდა "დინამო 2"-ში, "მორკინალში", 1995 წლიდან გერმანიაში გადავიდა და გამოდიოდა რეგიონალლიგის "ნოირკირხენში", როსტოკის "ჰანზას" დუბლშემადგენლობაში, ჰოლანდიაში "გრააპსხაფის" დუბლებში, "აპელდორნში", "სულთფენში", მერე ისევ გერმანიაში - "ბოხუმის" დუბლებში, "ვიტენში":
- ყველაზე კარგი წინადადება 2004 წელს მეორე ბუნდესლიგის "ჰანოვერიდან" მქონდა. სამწუხაროდ, კუნთი გამიწყდა, მშვენიერი ვარიანტი ჩამეშალა და კარიერა "ბოხუმის" ფარმკლუბ "ვიტენში" დავამთავრე.
მანამდე ერთი წლით ადრე "ბოხუმის" ბავშვთა გუნდი ჩამაბარეს, რომელიც ტურნირზე მოეწონათ და მუშაობა შემომთავაზეს.
სასიამოვნო სამუშაო აღმოჩნდა, ლიცენზია ავიღე და ამ საქმეს შემოვრჩი. საქართველოში ბოლო ხანს დავბრუნდი, ახლა ვარკეთილში, კლუბ "გოლეადორში" ვმუშაობ.
- რა პირობებია გერმანულ საფეხბურთო სკოლებში?
- "ბოხუმის" სკოლის მაგალითზე გეტყვით: ვერ ვიტყვი, რომ გერმანიაში საუკეთესოა, მაგრამ მათი პირობები საქართველოში სანატრელია.
- საფეხბურთო სკოლებს გერმანიაში ვინ აფინანსებს?
- გერმანიის საფეხბურთო კავშირი, სხვადასხვა კომპანიები.
- სკოლაში გადასახადი რამდენია?
- არაფერსაც არ იხდიან, თუ არ ჩავთვლით სიმბოლურ წლიურ გადასახადს, 10 ევროს. კლუბების უმრავლესობაში ასეა. არადა, სკოლებში მშვენიერი პირობებია. რაც მინახავს, ყველგან ორი ბალახის მოედანი მაინც აქვთ, გასახდელებსა და საშხაპეებზე არაფერს ვამბობ. ჩემს გუნდს 17 ფორმა ჰქონდა.
15 წლიდან გუნდს უნიშნავენ რამდენიმე მწვრთნელს, რადგან ამ ასაკში უკვე ცნობილია, ვის რა შეუძლია და ვის აქვს პერსპექტივა. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბავშვებს ახვედრებენ მინერალურ წყალსა და ნატურალურ წვენს.
არალიცენზირებული მწვრთნელის მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ყველა ლიცენზირებულსაც არ სწყალობენ და ბავშვების აზრით ინტერესდებიან, ვისთან სიამოვნებთ მუშაობა და ვისთან - არა. შესაძლოა, მწვრთნელს ჰქონდეს განათლება, მაგრამ პედაგოგიური და ურთიერთობის ნიჭის გარეშე, ბავშვს ფეხბურთს შეაზიზღებს და მისგან მწვრთნელი არ დადგება.
განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ, რომ მწვრთნელს საფეხბურთო წარსული ჰქონდეს.
- სამედიცინო მომსახურებაზე რას გვეტყვით?
- კვირაში ერთხელ მოთამაშეებს სისხლს უღებენ, საიდანაც მის მდგომარეობაზე სრული სურათი ექმნებათ.
- ასაკის გადაკეთება მოსულა?
- მოთამაშის ბარათის გარეშე ვერავინ ითამაშებს. ეს დაცვის სისტემაა. სხვათა შორის, საქართველოში ბარათებს ხშირად არც ამოწმებენ.
აქ სხვა უცნაურობებსაც წავაწყდი. პირველად გავიგე, რომ თურმე, ბავშვმა კონტრაქტი უნდა გააფორმოს და სკოლიდან წასვლის შემთხვევაში 50 თუ 100 ათასი გადაიხადოს. ეს შუა საუკუნის მეთოდია, მსგავს რამეზე გერმანიაში კლუბს დასჯიან. გამორჩეულ ბავშვებს იქით უხდიან 200 ევროს, თავი პროფესიონალად რომ იგრძნონ.
- ჩვენთან კლუბებსა და სკოლებს შორის საკომპენსაციო თანხის გადახდაც პრობლემურია.
- გერმანიასა და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ეს საკითხი ფიფასა და ადგილობრივი საფეხბურთო კანონმდებლობით რეგულირდება, მას კი ყველა იცავს.
- იდეალურ სურათს ხომ არ ხატავთ? გერმანელებს ყველაფერი კარგად თუ აქვთ აწყობილი, სანაკრებო ტიტულებს რატომ ვეღარ იგებენ?
- ცხადია, პრობლემები არის, რადგან ბოლო წლებია, გერმანელი ბავშვები ფეხბურთს ნაკლებად ეტანებიან და ამას საფეხბურთო წრეები ძალიან განიცდიან. მიზეზი ფეხბურთში გაზრდილი დატვირთვებია. ძალიან ბევრი კარიერის შემდეგ დაავადებულია. ამიტომ, ბევრს ურჩევნია, თვეში 100 ათას ევროსა და ტიტანური შრომის ნაცვლად 5 ათასს დასჯერდეს და წყნარი ცხოვრება ჰქონდეს.
- საქართველოში რატომ დაბრუნდით?
- რაც უნდა კარგად იყო უცხოეთში, ქართველ კაცს სამშობლო და ჩვენი ურთიერთობები ენატრება. ბუნებრივი სურვილიც არის, ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარო.
აქ რომ ჩამოვედი, ჯერ "ბერმუხაში" ვმუშაობდი, მერე ჩემს ძმასთან, გიორგი წიქარიშვილთან ერთად "გოლეადორში" მივედი. პრეზიდენტი, დავით ბიჩინაშვილი ყევლანაირად ამყვა. შედეგად სამხრეთ ოსეთის უფროსი ასაკის, 1994-95-წლიანების ჩემპიონატში 20-დან 20 შეხვედრა მოვიგეთ. არადა, ამ გუნდს წინა ჩემპიონატში ასეთი წარუმატებით არ უასპარეზია. ახლახან თურქეთში ვიყავით და ჩვენი ორი ფეხბურთელით "ალანიასფორი" დაინტერესდა.
დღეს ფეხბურეთს ის იგებს, ვინც მეტს დარბის, საამისოდ კი გამძლეობაზე ვარჯიში და ფიზმომზადების მწვრთნელია საჭირო - უამისოდ წარმატებაზე ფიქრიც წარმოუდგენელია. ჩვენ კი ფიზმომზადების მწვრთნელად ვალერი ლობანოვსკისთან ნამუშევარი თენგიზ გელდიაშვილი ავიყვანეთ და ამან შედეგი გამოიღო.
სამწუხაროდ, ეს ჩვენი პრობლემაა: ამ პროფილის მწვრთნელი არათუ სკოლებს, პირველი ლიგის ბევრ გუნდსაც არ ჰყავს. კვალიფიკაციის პრობლემაც არსებობს. არადა, ფიზმომზადების გარეშე შედეგი წარმოუდგენელია.
ძალიან მნიშვნელოვანია კვების საკითხი: ბევრმა მოთამაშემ არც იცის, ვარჯიშამდე რამდენი საათით ადრე უნდა ჭამოს და რა უნდა მიიღოს.
სად არის ბუნებრივსაფრიანი მოდნები? გერმანიაში ხალიჩაზე არ ავარჯიშებენ, რადგან დიდია მუხლებისა და წვივების ტრავმების საფრთხე. დიდები მხოლოდ მე-6 თაობის მოედნებზე ვარჯიშობენ, რომლის მსგავსიც აქ არ მინახავს. არადა, ფეხბურთელის გაზრდაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ასეთ ნიუანსებს აქვს.
ასეთი სხვაობის მიუხედავად, ჩვენთან ფეხბურთელები კიდევ იზრდებიან და ეს მართლაც სასწაულია. იმიტომ, რომ ბევრი ნიჭიერი გვყავს, მაგრამ თუ სწორად არ გავზრდით, მხოლოდ ტალანტის იმედად შორს ვერ წავალთ.
იქ და აქ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: ასეთ გუნდებთან თამაში ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ
"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში
ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...
ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის
ბავშვთა სპორტი: ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმა?