მარტვილის "მერანში" გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელები გადავიდნენ

AutoSharing Option
მარტვილის "მერანში" გორელი ნახევარმცველის, ნოდარ ნოზაძის გადასვლის შემდეგ იქ გორის "დილას" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი გიორგი ქარქუზაშვილი გააგრძელებს კარიერას.

ქარქუზაშვილი გასული სეზონის პირველ წრეში "დილას" კაპიტანი იყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გუნდის საფუძვლიანი რეორგანიზაციის მერე, ბევრი თანაგუნდელის მსგავსად, უგუნდოდ დარჩა.

"მათ შორის, რომელ გუნდებში გადასვლის პერსპექტივაც გამიჩნდა, "მერანი" საუკეთესო ვარიანტი იყო. შანსი მქონდა უცხოეთშიც მესინჯა ბედი, ოღონდ მხოლოდ გასინჯვის მერე.

მოგეხსენებათ, გაზაფხულზე "დილაში" თითქმის აღარ მქონდა სათამაშო პრაქტიკა, "მერანში" კი იცოდნენ ჩემზე და ამიტომ არსებულ ვარიანტთაგან ყველაზე რეალური
წინადადება ავარჩიე.

მარტვილურ კლუბთან ხელშეკრულებაზე ხელს ამ დღეებში მოვაწერ. იგი, სავარაუდოდ, ნახევარწლიანი იქნება. ამჟამად მარტვილშივე ვვარჯიშობ.

ძალიან კმაყოფილი ვარ დახვედრით, მწვრთნელთან ურთიერთობით, გუნდის საგაისო ამბიციით და მიზნებით"
, - გვითხრა ქარქუზაშვილმა.

მარტვილში შარშან კიდევ ერთი გორელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი გურამ სამადაშვილი თამაშობდა, თუმცა ტრავმის შემდეგ მან "მერანი" დატოვა და ამჯერადაც უგუნდოდაა.

სეზონის მიწურულს ასევე უგუნდოდ დარჩა "დილას" შემტევი ნახევარმცველი რომან გოგინაშვილი. ადრე მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სხვადასხვა კლუბში მოთამაშე ამ 28 წლის ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო წლები ბრესტის "დინამოში" აქვს გატარებული, რომლის შემადგენლობაშიც ქვეყნის პრიზიორი გახდა და თასსაც დაეუფლა.

"ევროპის ლიგის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებისას დიდი იმედი მქონდა, რომ "დილაში" დამტოვებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და მჯერა, უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბს
აუცილებლად გამოვადგები, თუმცა ამ ეტაპზე ისევ უგუნდოდ ვრჩები", - თქვა გოგინაშვილმა.

გორელები მარტვილში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული