თბილისის "დინამოს" პროგრესი - საპატიო ფრე თურქულ გრანდთან [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
23 ივლისს თბილისის "დინამო" ავსტრიის ქალაქ გრაცში ამხანაგურად თურქულ გრანდ "ფენერბახჩეს" დაუპირისპირდა, რომელმაც მანამდე ინგლისურ "ნიუკასლთან" 1:1 ითამაშა. ცხადია, მატჩის არაოფიციალურობის მიუხედავად, თამაში მაინც მნიშვნელოვანი იყო.

...სლოვენიურ შეკრებაზე დინამოელთა მეკარეების მწვრთნელი გელა ჭანტურია ცუდად გახდა და ბრმა ნაწლავის ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა. ჭანტურია თავს კარგად გრძნობს და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება, მაგრამ გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ჭანტურიას არყოფნაში მეკარეებს რუმინელი სპეციალისტი, დრაგოშ პიკუ ავარჯიშებს, რომელიც ტიმოშარას "პოლოტეხნიკაში" უმცროსი დუშან უჰრინის ასისტენტი გახლდათ. თუმცა ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში არ უნდა იყოს.

შეხვედრა
კი თურქების მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა. უჰრინის გაწვრთნილები პრესინგით ხელის შეშლას ცდილობდნენ, თავად კი კონტრშეტევებს ახორციელებდნენ: 30-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძემ საჯარიმოსთან ჩისკო შენიშნა, რომელიც მცველს ჩინებული მოძრაობით ჩამოშორდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მცველი ბოლო მომენტში ჩაუწვა და მომენტი განმუხტა.

44-ე წუთზე თავად თექთურმანიძემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

"ფენერბახჩეს" გაცილებით მეტი მომენტი შეექმნა: 35-ე, 39-ე და 42-წუთებზე ალექსი უტევდა, მაგრამ სამივეჯერ კარს ააცილა.

მეორე ტაიმი უფრო მაღალ ტემპში წარიმართა და თურქებმა უფრო მწვავედ შეუტიეს: განსაკუთრებით სახიფათო 59-ე წუთზე ჰოლანდიელი დირკ კუიტის დარტყმა გამოდგა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა - მეკარე გიორგი ლორია ამ და სხვა შემთხვევებშიც საიმედოდ გამოიყურებოდა.

68-ე წუთზე, კუიტის ჩაწოდების შემდეგ, თბილისელთა კარს კრისტიან ბარონი დაემუქრა - ბურთს ლორია ისევ დროულად გადაეფარა.

"დინამოს" თამაში კარლეს კოტომ და ახალგაზრდა არჩილ ტვილდიანმა გაამწვავეს - მეტოქეს ფლანგზე დისკომფორტს განსაკუთრებით ეს უკანასკნელი უქმნიდა და აიძულებდა, შემცდარიყო.

"დინამომ" სამი საკმაოდ სახიფათო მომენტი შექმნა: 69-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარის წინ მარტო დარჩენილმა დაარტყა - თურქები მეკარე ვოლქან დემირელმა გადაარჩინა.

85-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილი საკუთარი საჯარიმოდან სწრაფად დაიძრა, გზად ხუთი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და "ფენერბახჩეს" საჯარიმოში შესულმა კარში დაარტყა - მეკარემ ამჯერადაც კარგად ითამაშა.

თუმცა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მიკელ ალვაროს ჰქონდა: 90-ე წუთზე, კოტოს ფლანგური გადაცემის შემდეგ, ბასკი ფეხბურთელი კარის წინ აბსოლუტურად მარტო დარჩა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ააცილა და მსაჯმაც ჩასტვინა - 0:0.

თურქული ფეხბურთის გრანდთან ფრე ურიგო შედეგი არ არის. დაცვის ცენტრი (გია კვარაცხელია-ოთარ ხიზანეიშვილი) ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ტემპიც იგრძნობოდა, მაგრამ დასაფიქრებელიც ბევრია: მოწინააღმდეგე როგორც კი აუჩქარებდა, "დინამოს" დაცვას პრობლემები ექმნებოდა.

თბილისელები ბურთს არ აყოვნებდნენ და ერთი შეხებით ცდილობდნენ შეტევის განვითარებას, მაგრამ სიმწვავე და დამაჯერებლობა აკლდათ და კონტრშეტევების სწრაფად განხორციელება უჭირდათ.

თუმცა, მეტოქის ძალის გათვალისწინებით, მთლიანობაში "დინამოს" ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია - გუნდს პროგრესი აშკარად ეტყობოდა.

23 ივლისი. გრაცი. UPC-არენა.
დინამო-ფენერბახჩე 0:0 (იხილეთ ვიდეო)
დინამო: ლორია - სეთურიძე, კვარაცხელია, ხიზანეიშვილი (62. გლიშიჩი), რეხვიაშვილი - ძარია, ხმალაძე, თექთურმანიძე, მერებაშვილი - ჩისკო, ვოსკობოინიკოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ტვილდიანი, გველესიანი, კოტო, პაპავა, ალვარო, რობერტინიო, იაგუე

ფენერბახჩე: დემირელი, ზამი, ირტეგუმი, ქორქმაზი, ქალდირიმი, მეჰმეთ ტოპალი, ბარონი, თოპუზი, ალექსი, შტოხი, კუიტი.

საპატიო ფრე თურქულ გრანდთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" პოლონურ "იაგელონიასთან" მატჩი ჩაეშალა
დუშან უჰრინი: "ფენერბახჩესთან" ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული