ფეხბურთში მთავარი ფეხბურთელია, ისევე, როგორც სკოლაში მასწავლებელი და თეატრის სცენაზე მსახიობი.
მაგრამ არსებობენ დანამატებიც, რომლებიც აძლიერებენ გრავიტაციას ადამიანებს შორის და უსულო საგნებსა და ადამიანებს შორის. ეს შეიძლება იყოს ატრიბუტიკაც.
საფეხბურთო კლუბისთვის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტიკა კი მისი ლოგოა; კიდევ, ტრადიციული ფერები. ფერებსა და ლოგოს კი პატარა ძალა როდი აქვს. მე თუ მკითხავთ,
ზოგადად, ფერომონი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც გამოყოფენ სულიერი საგნები, რა თქმა უნდა, ადამიანებიც. ფერომონები გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევასა და ფსოქოლოგიაზე. ფერომონი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს - ზოგი ფერომონი განგაშსა და სიგნალს აძლიერებს; არსებობს სასიყვარული ფერომონებიც. დიდი და ამოუცნობია ფერომონის ზემოქმედების ძალა.
ფერომონი საინტერესო ნივთიერებაა ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ამ ჯადოთიც შეასხან ხორცი ადამიანის ძნელად მიმოსახილავ ბუნებას.
არის სხვა მეცნიერული გრძნეულობანიც. ერთ-ერთი ფსიქოლოგის სტატიაში წავიკითხე ევოლუციური მახის შესახებ. თურმე, ოდითგანვე ისე ყოფილა, რომ გამხდარი ქალი ფერხორციანზე ბევრად უფრო რეპროდუქტიული გახლდათ, ბევრად უფრო განვითარებული ჰქონია ჰორმონალური სისტემა. ამ ყველაფერმა კი მახეში მოაქცია მამაკაცი. ადამიანმა ევოლუცია განიცადა, მამაკაცს კი სტერეოტიპულად ჩამოუყალიბდა შეხედულება - გამხდარი ქალი ფერხორციანზე უკეთესია.
გემოვნებაზე სწორედაც რომ დავობენ, თუმცა ფაქტია, რომ ტანკენარი ქალი ახლაც ბევრად უფრო რესპექტაბელურია მამაკაცთა თუ ქალთა საზოგადოებაში.
შეხედულებები ყალიბდება ფეხბურთშიც, რომელიც ვეღარ ვითარდება რევოლუციურად და ვითარდება ოდენ ევოლუციურად. აქაც საჭირო ხდება რაღაც მახეების დაგება მიზიდულობის შესანარჩუნებლად და გასაღვივებლად. რაღაც სულ უნდა იყოს და არ იცვლებოდეს, ყველაფრის შეცვლა წარმოუდგენელია.
"დინამო" იყო, არის და იქნება, რადგან ამაზე უკეთესი ქართველებს ფეხბურთში ჯერ არაფერი შეგვიქმნია.
ბოლო დროს "დინამო" კარგად ვეღარ ბურთაობს, "დინამოს" ლოგოს კი აბურთავებენ.
საქართველო და ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი გახდა და "დინამოს" ლოგოც შეიცვალა; "დინამო" ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა და "დინამოს" ლოგო ისევ შეიცვალა; "დინამო" რომან ფიფიამ იყიდა და ლოგო კიდევ ერთხელ შეიცვალა.
რა გინდა, რა, ლოგოს გამოუჩნდება ოფიციალურად დასაბუთებული და განმარტებული ვერსია, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუწყობს ვერც ფერომონის გამოყოფას და ვერც ევოლუციური მახის დაგებას. ეს რაღაც გაუგებარ ბრძოლას ჰგავს მთელ ამ ფსიქოლოგიურ სიტკბოებაში.
ფსიქოლოგები კლუბებსაც სჭირდებათ - დასკვნების გაკეთება ჟურნალისტის საქმე არ არის, მაგრამ საკუთარი აზრის გამომზეურება, ვგონებ, ნებადართული გვაქვს.
საფეხბურთო კლუბი ნიადაგ უნდა მოქმედებდეს ფსიქოლოგიურად გულშემატკივარზე, რათა მუდმივ გრავიტაციაში ამყოფოს მასთან. ეს სულაც არ არის მაღალ მატერიებზე ლაყბობა - ძალიან ჩვეულებრივი, ოღონდაც ცოტათი მეცნიერული საკითხია.
ქვეყანა გამეცნიერდაო, ხომ გაგიგიათ?..
"დინამოს" ახალ ლოგოზე ბორდოსფერი რკალი გამოჩნდა. გუნდის სათამაშო ფორმაც ასეთნაირად დაიფერა. სიახლეები, იცოცხლეთ, დიდებულია, ოღონდაც ტრადიციული კლუბის ტრადიციული ფერების შეცვლის რა მოგახსენოთ.
გამოუჩნდება "დინამოს" კიდევ ახალი პატრონი და მერე მასაც დაარწმუნებენ იმაში, რომ არსებული ლოგო არ ვარგა და ახალია საჭირო; რომ კლუბის ლოგო უკვე ბევრჯერ შეიცვალა და დიდი რამე, თუ კიდევ შეიცვლება; ეს ფერომონები და ევოლუციური მახეები კი დიდი სისულელეა და მეტი არაფერი, ფსიქოლოგია კი სულაც არაფრის მომცემი, ზედმეტი, გამოგონილი მეცნიერებაა - ალბათ, აქეთკენ მივდივართ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შვეიცარიულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" იერსახე და ლოგო შეუცვალა