"ზუგდიდმა" თურქული შეკრება ფრეთი დაიწყო

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის ბინადარი "ზუგდიდი" უკვე თურქეთშია და პირველი საკონტროლო მატჩიც გამართა - იქაურ "ადანასფორს" 2:2 დაუზავდა.

როგორც ზუგდიდური კლუბის პრესსამსახურმა თურქეთიდან გვაცნობა, ქართველებმა საწყისი წუთებიდანვე მწვავედ შეუტიეს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ - კუტალიას წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა "ზუგდიდის" ახალწვეულმა ალექსანდრე კოშკაძემ სახიფათოდ დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა.

ამის შემდეგ წურწუმიამ დაარტყა თავით სახიფათოდ, თუმცა კარს მცირედით ააცილა.

გოლები კი პირველი ტაიმის მიწურულს ვიხილეთ. უკვე 34-ე წუთზე თურქები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. თუმცა შვიდი წუთის ინტერვალში მეტოქეს დუბლით უპასუხა კოშკაძემ. 38-ე წუთზე
მან საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი შეაგდო. მისი მეორე გოლი კი კიდევ უფრო ლამაზი გამოდგა - დაახლოებით 30 მეტრიდან მან მარცხენათი უძლიერესად დაჰკრა და მეკარისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში შეაგდო.

მეორე ტაიმში კი ზუგდიდელებს დაწინაურების არაერთი შანსი ჰქონდათ. ჯერ კუკავა გავიდა მეკარესთან პირისპირ და მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა. შემდეგ ახლო მანძილიდან ქობალიამ ხეირიანად ვერ წაჰკრა ბურთს ფეხი. შეცვლაზე შემოსულმა ეხვაიამ კი შორეული მანძილიდან უძლიერესად დააქუხა და მეტოქის ხარიხა შეაზანზარა.

"ზუგდიდის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ძაგანია, ფოფხაძე, გამეზარდაშვილი, თოდუა, აკობია, კუტალია, ონიანი, წურწუმია, ბოლქვაძე, კოშკაძე, გაბედავა.

შეცვლაზე შევიდნენ: აქუბარდია, აფაქიძე, ბოიომო, შონია, კუკავა, ხუბუა, ეხვაია, ლომია, ქობალია, სიხარულია.

როგორც ხედავთ, მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ თამაში განაახლა ირაკლი ქობალიამ, რომელიც ახალგაზრდა თაობაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად მიიჩნევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული