თამაშის სურათს რაც შეეხება, ვინც მას თვალი ტრიბუნიდან ან ტელეეთერიდან მიადევნეთ, ვეჭვობთ, მატჩის პერიპეტიების გახსენების სურვილი გქონდეთ; ხოლო ვისაც შეხვედრა არ გინახავთ, საერთოდ არაფერი დაგიკარგავთ.
საქართველოს თასის მფლობელმა, მართალია, საკმაოდ სიმპათიურ, მაგრამ ევროპული საზომით საშუალო დონის მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მას უღიმღამო თამაშის გარდა, ვერაფერი დაუპირისპირა.
საქართველოში გასული სეზონი ისეთი შფოთიანი გამოდგა, თითქოს ლოგიკურიც არის, რომ ყოველივე ამის შემდეგ ქართულმა
დანიური "ორჰუსის" დამაჯერებელმა ძლევამ "დილას" წარმატების იმედი მაინც შემოგვიტოვა, მაგრამ კვიპროსულ გუნდთან მატჩმა დაგვანახა, რომ ეს იმედი უსაფუძვლოა.
ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ და ერთ კვირაში საქართველოს თასის მფლობელი ისე გარდაიქმნას, რომ სტუმრად ვითარება სათავისოდ შეატრიალოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნია.
მინიმალური ანგარიშით მარცხი ტრაგედია არ არის, მაგრამ ვიმეორებთ, "დილას" თამაშის ხარისხი არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოსაზრებას გულშემატკივრებიც იზიარებენ - თამაშის დასრულებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, როცა ხალხმა "მიხეილ მესხის" ტრიბუნების დატოვება დაიწყო და მსაჯის საფინალო სასტვენისას ქომაგთა ნახევარზე მეტი უკვე სტადიონიდან შორს იყო.
ეს არ იყო იმ ტიპის შეხვედრა, რომლის ბედიც ერთი ადამიანის შეცდომას შეიძლებოდა გადაეწყვიტა, მაგრამ როგორ არ ვთქვათ, რომ "დილას" გოგიტა გოგუამაც "წააშველა" ხელი.
გოგუა და გაძევება - დიდი ხანია, ეს ერთმანეთთან განუყრელ ცნებებად იქცა და იმის მაგივრად, რომ ეს სტერეოტიპი დაამსხვრიოს, უკვე საკმაოდ გამოცდილი შუახაზელი ყოვლად გაუმართლებელი წითელ-ყვითელი ბარათების მიღებას აგრძელებს.
ძალიან დასანანია - ფეხბურთელი, რომლისგანაც გულშემატკივართა საკმაო ნაწილი ბოლო დრომდე ბევრს ელოდა და მის ნაკრებში დაბრუნებასაც ითხოვდა, 28 წლის ასაკშიც ვერ ახერხებს თავის ხელში აყვანას.
"დილას" ძირითად შემადგენლობაში ორი ცენტრალური თავდამსხმელი ვიხილეთ და სტუმრებმა ორივე გაანეიტრალეს.
"ანორთოსისს" ნახევარდაცვაში გოგუას გაძევებამდეც ჰქონდა რიცხობრივი უმრავლესობა, ათკაციან "დილას" კი კიდევ უფრო შემოუჭირა მარწუხები და ლოგიკურადაც დაჯაბნა.
"ანორთოსისმა" მასპინძლებს არცთუ მაღალი ტემპი შესთავაზა და თითქოს მეტოქის შეცდომის მოლოდინში იყო, მაგრამ წინა ხაზზე დროდადრო მაინც აქტიურობდა.
ბევრს შრომობდა სტუმართა სასტარტოში მყოფი ერთადერთი კვიპროსელი, გამოცდილი ფორვარდი იოანის ოკასი, რომელიც შეხვედრის დებიუტში "დილას" საჯარიმოში დაეცა, მაგრამ არბიტრმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.
0:0-ზე მეტი აქტიურობა "დილას" მართებდა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა შესვენებისას შოთა გრიგალაშვილის ნაცვლად თამაშში მარჯვენაფლანგელი კახა ალადაშვილი ჩართო, გოგუა კი ფლანგიდან ცენტრში გადასწია.
"ანორთოსისს" დაწინაურება მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შეეძლო, როცა რიკარდო ლაბორდემ "დილას" საჯარიმომდე სოლორეიდით ჩააღწია, თანაგუნდელს "კედელი" გაუთამაშა, მაგრამ უხეიროდ დაარტყა.
69-ე წუთზე ოკასს კუთხურისას ხელი ვერავინ შეუშალა და მან თავისიანები თავურით დააწინაურა.
ქართველები ამის შემდეგ შედარებით გამოცოცხლდნენ - 70-ე წუთზე დავით კვირკველიას ძლიერი დარტყმა "ანორთოსისის" მეკარემ მოიგერია. შეხვედრის მიწურულს კი სანდრო გურულმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
78-ე წუთზე კი კვიპროსელებს ანგარიშის სხვაობის გაზრდა შეეძლოთ - ბრანკო ილიჩის უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა.
არა იმდენად ანგარიშმა, არამედ მატჩის შინაარსმა კიდევ ერთხელ გაგვიჩინა უიმედობის განცდა - ბევრად მეტს ველოდით იმ გუნდისგან, სადაც საქართველოს ნაკრების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს.
ევროპალიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
02.08. თბილისი. მ.მესხი. 7 000 მაყურებელი
დილა-ანორთოსისი 0:1 (იხილეთ ვიდეო და ფოტორეპორტაჟი)
გოლი: 0:1 ოკასი (69)
დილა ანორთოსისი
4-4-2 4-1-4-1
სკენდერი ბლაჟიჩი
შაშიაშვილი ილიჩი
სალუქვაძე პაულუ ჟორჟე
გ. ონიანი კოლინი
კვირკველია ბონავენტურა
გურული ალექსა
ბეჭვაია კალვო
შ. გრიგალაშვილი ლაბანი
გოგუა სპადასიო
ვაწაძე ლაბორდე
მოდებაძე ოკასი
მწვრთნელები
თ. შალამბერიძე რ. ლევი
დილა
46. გრიგალაშვილი - ალადაშვილი
62. მოდებაძე - გვალია
77. ბეჭვაია - კაციტაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ახალკაცი, ნ. ჯიშკარიანი, შ. კაშია
ანორთოსისი
65. ლაბანი - რონკატო
75. ოკაზი - რეზეკი
78. კალვო - ოჰაიონი
სათადარიგოები: მასტრუ, ანდიჩი, სიელისი, იულა
გაფრთხილება: ოკასი (15), მოდებაძე (24), შაშიაშვილი (26), გოგუა (29), ბეჭვაია (45), კოლინი (45), რონკატო (67), კაციტაძე (80), ალექსა (80), ილიჩი (86)
გაძევება: გოგუა (57)
არბიტრი: კ. იონსენი (ნორვეგია)
მატჩის შემდეგ
თემურ შალამბერიძე (დილა):
- ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით, რასაც მარცხი მოჰყვა.
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შეძლეს. ვიბრძოლებთ სტუმრადაც და გამარჯვებას იქ შევეცდებით.
- "დილას" ფეხბურთელებმა კვლავ გააგრძელეს დიდი რაოდენობით გაფრთხილებების მიღება...
- ემოციური ფონი იყო და ჩვენმა მოთამაშეებმა თავი ვერ შეიკავეს. ამაზე საუბარი აუცილებლად გვექნება.
- თქვენი გუნდის თამაშის ხარისხი გაკმაყოფილებთ?
- ზაფხულში გუნდის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოხდა და თამაშის სასურველი ხარისხის მისაღწევად დროა საჭირო.
რონი ლევი (ანორთოსისი):
- პირველ რიგში, მადლობა ქართველებს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან რთული მატჩი იყო. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ მისი ძლევა მაინც შევძელით.
დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საბოლოო წარმატების მისაღწევად შინაც შედეგიანი თამაში დაგვჭირდება.
- "დილას" წინა შეხვედრას თქვენი ასისტენტი დაესწრო. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციები თუ დაგეხმარათ გამარჯვებაში?
- რა თქმა უნდა. "დილა" კარგად შევისწავლეთ და მისი ძლიერი მხარეები შევზღუდეთ, სისუსტეები კი საჩვენოდ გამოვიყენეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"