ერთი კვირის ათასი წვრილმანი: თამაშს ერთი კაცი არ აგებს

AutoSharing Option
ფეხბურთი ისეთი ბაცილაა, მისგან ოლიმპიური თამაშებიც ვერ გაგკურნავს. გორის "დილას" შეხლაც კვიპროსულ "ანორთოსისთან" საფეხბურთო კვირის მთავარი ამბავი გამოდგა.

"დილამ" წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შეიმცირა. ეს "დილა" გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ როგორც კლუბი, ახლაღა გახდა დიდად ამბიციური და სხვებზე ღონიერი, ამიტომაც "დილას" ბევრი რამ ჯერაც გასავლელი აქვს, სანამ ევროპა ლიგის ჯგუფში შეაღწევს.

თამაშს ერთი კაცი არ აგებს. გოგიტა გოგუა მართლაც თავისებური ფეხბურთელია, შეიძლება ითქვას, არაორდინალური თავის ქცევითა და გადაწყვეტილებებით. წლებთან ერთად მას გამოცდილებაც მოემატა, მაგრამ
მხოლოდ ეს არ კმარა ხასიათის შესაცვლელად, შინაგანად უნდა იყო ისეთი, რომ უკეთესობისკენ შეცვლა შეგეძლოს.

გოგუა "დილასთვის" დიდი ძალაა, "ანორთოსისთან" კი ორი გაფრთხილება მიიღო და გააძევეს. გოგუამ "დილა" კაცნაკლული დატოვა და გორელებმაც ამის მერე გაუშვეს გოლი.

გოლის ეპიზოდს თუ გავიხსენებთ, "დილას" ბავშვური შეცდომა მოუვიდა - კვიპროსელმა ახლოდან ისე დაარტყა, ხელის შეშლა მისთვის არავის არ უცდია.

სანამ მას ბურთი მიუვიდოდა, ჰაერში კარგა გვარიანი ტრაექტორია მოხაზა, "დილას" დაცვას დრო საკმარისად ჰქონდა, სიტუაციაში რომ გარკვეულიყო, მაგრამ...

ამიტომაც ვთქვი, თამაშს ერთი კაცი არ აგებს-მეთქი.

გოგუას გაძევებაც რომ არა, "ანორთოსისი" "დილაზე" გამოცდილი კლუბია, თემურ ქეცბაიას ხელში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა.

როგორც არ უნდა დასრულდეს "დილასა" და "ანორთოსისის" დაპირისპირება, წლევანდელ ევროსაბიელზე ქართული გუნდებიდან საუკეთესო შედეგი გორელებმა აჩვენეს და ეს ალბათ რაღაცას ნიშნავს.

ერთი კვირაც და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება. ეს თავისებური მოლოდინია, შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატის დაწყება ყოველთვის იწვევს მცირე ეიფორიას. ქართულ ფეხბურთში მართლაც არის პატარა დინამიკა, სხვანაირად ვერც მოლიდინი გაჩნდებოდა და ვერც იოტისხელა ეიფორია.

მარადჟამს საღერღელის ასაშლელია "დინამოს" თემა. ამ კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ახლა ბევრად უფრო ჩახედულია ქართულ ფეხბურთში, ვიდრე წინა სეზონის წინ. მაშინდელი წარუმატებლობა ძალაუნებურად კარგი გაკვეთილი იქნებოდა "დინამოსთვის".

ჯერ არ ვიცით, რა მწვრთნელი გამოდგება ამ გუნდისთვის უმცროსი დუშან უჰრინი, მაგრამ "დინამო" უწინდელზე კარგად რომ შეხვდება სეზონს, ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს - "დინამოს" გამოცდილი მენეჯერი ბუბა ტყავაძე დაუბრუნდა, უმცროს უჰრინს კი აქვს აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობის გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სულ სხვა რეგიონია, აღმოსავლეთ ევროპასთან რაღაც საერთო ალბათ მაინც აქვს.

ერთ კვირას იოლად გადააგორებს კაცი. პირველ ტურში რუსთავის "მეტალურგი" უჰრინის "დინამოს" დაუხვდება - ესეც პირველი საღერღელი. ცხადია, საინტერესო თამაშები სხვაც ბევრი იქნება.

ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატს რაღაცნაირი შარმი ჩამოუყალიბდა - ჩვენი ლეგიონერები შინ ბრუნდებიან, ასპარეზზე გამოდიან უცბად მოფულიანებული გუნდები, გვესმის უცნაური განცხადებები ზოგიერთი კლუბის პრეზიდენტისგან, პატარ-პატარა სკანდალებიც გამოყოფენ ფეხს - ყველაფერი ეს ფეხბურთის ნაწილია.

"დილა"-"ანორთოსისმა" კლაუს ტოპმიოლერის დროინდელი საქართველო-იტალია გამახსენა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაშია.

ლევან ცქიტიშვილის მეთაურობით საქართველომ ბურთი მართლაც კარგად გაუგორა იტალიას. საქართველოს აკლდა ორი ლიდერი - მალხაზ ასათიანი და შოთა არველაძე, მაგრამ მაინც ფეხბურთი ითამაშა, სანამ ჯაბა კანკავას არ გააძევებდნენ.

კანკავა მოედნიდან რომ გადიოდა, არცთუ ცოტა გულშემატკივარმა ის ტაშით გააცილა... მაშინაც გაძევებამ მოგვითავა საქმე, თუმცა მთავარი ალბათ ის ფეხბურთი იყო, როგორადაც ქართველებს შეუძლიათ თამაში.

ახალ ჩემპიონატსა და ახალ სანაკრებო ციკლშიც ეს უნდა გვენატრებოდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ანორთოსისი 0:1 - სრული უიმედობა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული