პირველი გერმანელი საქართველოს ჩემპიონატში - "ზესტაფონი" პატრიკ მილხრაუმს გაიფორმებს

AutoSharing Option
"ზესტაფონში", რომელიც ბოლო წლებში ლეგიონერების დამატებისგან თავს იკავებდა, საინტერესო უცხოელი გამოჩნდა - 28 წლის გერმანელი პატრიკ მილხრაუმი.

იგი რამდენიმე დღეა, საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ვარჯიშობს და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "ზესტაფონთან" კონტრაქტს გააფორმებს.

მილხრაუმი საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიის ფეხბურთელია და მის სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, ურიგო მოთამაშე არ უნდა იყოს. ნახევარდაცვის გარდა, მას დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კი 157 მატჩი ჩაუტარებია და 17 გოლი გაუტარებია.

გასულ სეზონში იგი ალექსანდრე იაშვილთან ერთად "კარლსრუეს" ღირსებას იცავდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არცთუ
ხშირად ხვდებოდა - სეზონის განმავლობაში მეორე ბუნდესლიგაში მხოლოდ 9 შეხვედრა გამართა, აქედან სასტარტოში - 3.

მილხრაუმს პირველ ბუნდესლიგაში არასდროს უთამაშია, თუმცა "კარლსრუეს" გარდა, დაუცავს ისეთი კლუბების ღირსება, როგორებიც "მიუნხენ 1860", "აუე" და "ალემანია" არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითებზე ჩამოსათვლელი მატჩი მას გერმანიის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჩაუტარებია, ახალგაზრდული ნაკრების მაისურით კი ორჯერ უთამაშია. პოპულარული გერმანული ვებგვერდი "ტრანსფერმარკტი" მას 100 ათას ევროდ აფასებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მილხრაუმის შესახებ: 2005 წლის 30 მაისს მიუნხენის "ალიანც არენას" გახსნით მატჩში მან პირველი გოლი გაიტანა. ეს "მიუნხენი 1860"-ისა და "ნიურნბერგის" შეხვედრაში მოხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული