ერთი კვირის ათასი წვრილმანი: მოძრაობა - მეტი ვიდრე დოგმა

AutoSharing Option
გორის "დილამ" ერთხელაც გაგვახარა. რვა წლის წინ "დინამო თბილისმა" მოახერხა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, ახლა კი "დილა" შეეცდება ამ მიღწევის გამეორებას - გორელებს ერთი ნაბიჯიღა აშორებთ ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლამდე.

ლაშა სალუქვაძე, შოთა გრიგალაშვილი და რა თქმა უნდა, მათე ვაწაძე - "დილას" გასამებული მახვილი საკმაოდ ბასრი გამოდგა ლარნაკაში.

ცხადია, წარმატება მთელი გუნდის ნაჯაფარს მოჰყვა, მაგრამ ალბათ არ გვიწყენენ გორელები, თუ ამ სამეულს გამოვარჩევთ.

"დილამ" ამით სხვა მოწინავე ქართულ გუნდებს დაანახა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატი საშუალო ევროპულ დონეს ვერ
უტოლდება, თუ კარგ ფეხბურთელებს მოიწვევ, ევროსარბიელზე რაღაც ღირებულის მიღწევა შესაძლებელია.

კლუბის პოლიტიკა ვერ იქნება დამოკიდებული სხვა გუნდების ავან-ჩავანზე - "დილამ" კარგად აუღო ალღო სიტუაციას, ნახევარ წელიწადში შექმნა ისეთი გუნდი, ევროსარბიელზე უკვე საფუძვლიანი ამბიცია რომ აქვს.

ეს გორის "დილა" საკმაოდ ძვირი პროექტია და კარგია, რომ დახარჯულმა ფულმა რაღაც შედეგი უკვე მოიტანა. თუ "დილა" ჯგუფში შევა, მაგალითის ძალასაც მოინაგრებს - ძვირიანი პროექტი, რომელსაც ნახევარ წელიწადში მოაქვს ევროშედეგი.

ქართული გუნდებიდან ამ დროისთვის სატარნსფეროდ ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი ალბათ ვაწაძეა. "დილაში" თამაშმა და ევროგოლებმა მისი ფასი ასწია.

"დილა" ეტაპების გადალახვითაც მოიპოვებს ფინანსურ დივიდენდებს და თუ საქმეს დასჭირდა, ფეხბურთელების ტრანსფერებითაც. ანუ "დილას" გაუჩნდა იმის რეალური შანსი, რომ ფეხბურთში დახარჯული ფულით უკუგება მიიღოს.

ქართულ ფედბურთში ყველაზე აქტუალური ახლა სწორედ გორის "დილაა" და ამას შეძლება უნდა.

"დილას" გაელვებას ალბათ კიდევ მოჰყვება სასიამოვნო და საინტერესო ამბები.

აგერ "დინამო თბილისს" ჰქონდა ახლახან სეზონისწინა პრეზენტაცია. "დინამოს" ახალ ლოგოზე ვრცლად ისაუბრა კლუბის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლევან ღვინიანიძემ. ეს ლოგო, რომელიც ბევრს არ მოსწონს, ცხადია, უმთავრესი არ არის "დინამოსთვის". ლოგოზე თუ კამათობენ, სლოგანი ნამდვილად წარმატებულად შეარჩია კლუბმა: მეტი ვიდრე ფეხბურთი.

სლოგანი სხარტი, თანამედროვე, სადა და ემოციურია - "დინამოს" რომ მოუხდებოდა, ისეთია.

უმცროსი დუშან უჰრინი კი 11 აგვისტოს პირველად დამოძღვრავს "დინამოს" ოფიციალურ შეხვედრაში. უჰრინი დისცპლინის საკითხში მკაცრი და შეუვალიაო - უკვე შეიქმნა ასეთი მითი და არა მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს დისციპლინის.

დინამოელთა ესტონელმა ლეგიონერმა ვლადიმერ ვოსკობოინიკოვმა კი "ლელოს" უთხრა, ესტონეთის ნაკრებმა წინა შესარჩევში პლეინ ოფამდე რომ მიატანა, ეს თავდადების და დისციპლინის ხარჯზე მიაღწიაო, მოედანზე დისციპლნია კლასს ამარცხებსო.

ფეხბურთი სულ უფრო და უფრო იცლება დოგმებისგან. ხომ ხედავთ, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კლასს ისეთი რამე ამარცხებს, რომელსაც ნიჭი არ ჭირდება. რომ არ არის აუცილებელი ძლიერი ჩემპიონატი, ევროპალიგის პლეი ოფამდე მისაღწევად. რომ არც დიდი ტრადიციებია აუცილებელი, კლუბმა უცბად რომ გააკეთოს დიდი ნახტომი - "დილას" მანამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები ევროსარბიელზე და ისიც ინტერტოტოს თასზე.

დაიწყო ეროვნული ჩემპიონატიც, იქითა კვირას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს და ახალგაზრდულიც. თემურ ქეცბაიამ არც ახლა გამოიძახა ალექსანდრე იაშვილი ნაკრებში, არადა იაშვილმა მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში ჩინებულად ითამაშა და "კიკერის" სიმბოლურშიც მოხვდა.

ნაკრები - სიტყვა ყოველივეს კარგად განმარტავს, ეროვნული გუნდი საუკეთესოთა კრებული უნდა იყოს, ხელოვნურად გაახალგზარდავების პოლიტიკა ნაკრებში დაუშვებელია - ალბათ ისეთი დოგმებიც არის ფეხბურთში, არასდროს რომ არ იმსხვრევიან.

ამასობაში "ზესტაფონმა" გერმანელი ფეხბურთელი პატრიკ მილხრაუმი დაიმატა. ფეროელები ამითაც გააფერადებენ საქართველოს ჩემპიონატს.

მართლა არის რაღაც მოძრაობა ქართულ ფეხბურთში, "დილაც" ხომ ამ ყველაფრის შედეგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული