უეფა გორის "დილას" ევროპალიგის პლეი ოფში გასვლას არ ადასტურებს

AutoSharing Option
"ანორთოსისისა" და "დილას" მატჩიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული, თუმცა უეფას ლარნაკაში მომხდარი ინციდენტის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შეგახსენებთ, შეხვედრის 82-ე წუთზე, როცა გორელები 3:0-ს იგებდნენ, "ანორთოსისის" გულშემატკივართა ნაწილი საკუთარ ფეხბურთელებზე ანგარიშსწორების მიზნით მოედანზე გაიჭრა და თამაში ჩაშალა.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 23 აგვისტოს ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში პორტუგალიური "მარიტიმუ" "ანორთოსისისა" და "დილას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

რა თქმა უნდა, ცოტა უსიამოვნოა, "დილას" კუთვნილი გამარჯვება ოფიციალურად რომ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ სანერვიულო მაინც არაფერი გვაქვს - უახლოეს დღეებში
უეფა "ანორთოსისს" მკაცრი სანქციებით დასჯის, პლეი ოფის საგზურს კი საქართველოს თასის მფლობელს დაუკანონებს.

ასე რომ, "დილას" ხელს არაფერი უშლის იმაში, რომ მოახლოებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის მშვიდად მოემზადოს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მხოლოდ "ანორთოსისი" კი არა, ყველა კვიპროსული კლუბი დაისაჯოს - დანარჩენები, ბუნებრივია, უფრო მსუბუქად, "დილას" ყოფილ მეტოქეს კი, შესაძლოა, ერთი წლით ევროტურნირებზე თამაში აუკრძალონ, უკეთეს შემთხვევაში კი "ანორთოსისს" მომდევნო საერთაშორისო მატჩების ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება და სოლიდური ფინანსური ჯარიმა "გარანტირებული" აქვს.

ჩვენთვის საინტერესო კი ის არის, მატჩის შედეგად ტექნიკური 0:3 გაფორმდება თუ ის 0:3, რომელსაც "დილამ" საკუთარი თამაშით მიაღწია.

ვფიქრობთ, უმჯობესი ტექნიკური შედეგის დაფიქსირება იქნება - ამით, მართალია, მათე ვაწაძის "დუბლი" და ლაშა სალუქვაძის გოლი გაუქმდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ასევე ანულირდება ამ ორი და კიდევ სხვა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გაფრთხილება, რაც "დილას" სამომავლოდ აუცილებლად წაადგება.

ხოლო, თუ "დილას" ტექნიკური გამარჯვება არ დაუფიქსირეს, ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო ვაწაძეს "მარიტიმუსთან" პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ყველა ქართულმა თუ უცხოურმა ტოტალიზატორმა ამ მატჩის შედეგი გააუქმა და შესაბამისად, ვინც ფსონი "დილას" გამარჯვებაზე დადო, კვიპროსელი ფანების უსაქციელობის გამო კუთვნილი მოგება ვერ მიიღო და მხოლოდ დადებული თანხა დაუბრუნეს.

უეფას მარიტიმუს მეტოქე ჯერ არ დაუსახელებია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პორტუგალიური "მარიტიმუ" - რა შანსი აქვს გორის "დილას"?
ანორთოსისი-დილა 0:3 - ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღაა, შეუძლებელი არაფერია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს არის არაფრის მომცემი სტატია. არ ადაასტურებს, მაგრამ დაადასტურებსო. მალადეც, მაგარი სტატიაა. ლევან სხვა რამეზე დაგეწერა შე კაი დედმამიშვილო
zako
13:02 14-08-2012
0

სიახლეები პოპულარული