"უშენოდ მოსაწ(ყენია), ლევან!" როცა ეს ტრანსპარანტი საქართველო - ალბანეთის თამაშის დროს სტადიონზე გამოფინეს, თემურ ქეცბაიამ ყენია შეცვლაზე ათამაშა და აგრძნობინა, რომ ეროვნული ნაკრებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ორწლინახევრიანი უქმობის შემდეგ ყენიამ ახალი გუნდი იპოვა და ალბათ უკრაინელ ქომაგს საქმე მოსაწყენად აღარ ექნება - მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოაწონოს თავი გულშემატკივარს.
უკრაინამ ქართულ ფეხბურთს დიდი მანძილით გაუსწრო, მაგრამ ყენიას "კარპატიში" გადასვლა ჩვენი ქომაგისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. ბუნდესლიგა, მერე
უკრაინაში ბევრი ქართველი ფეხბურთელი წასულა და უმეტესობა იქ ჩარჩენილა. კახა კალაძე იშვიათი გამონაკლისია, ის კიევის "დინამოში" წავიდა და თანაც საქართველოს ჩემპიონატიდან. კალაძე უკრაინიდან "მილანში" გადავიდა და თუ ყენია რაღაც ამის მსგავს მოახერხებს, დაამტკიცებს, რომ სულით სპორტსმენია.
ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. ლუის სეზარ მენოტი თამაშის დროს რამდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. მაშინ მოწევა თავისებური მოდა იყო და მწრთნელსაც ნებადართული ჰქონდა თამბაქოთი მოეწესრიგებინა ნერვიული სისტემა. მენოტი რომანტიკოსი მწვრთნელი იყო, ასეთები კი ეპოქას ვერ ქმნიან.
1978 წლის მერე მენოტი ლეგენდა გახდა, თითქოს სამწვრთნელო სარბიელზე თავისი საქმე მოისტუმრაო. ახლახან კი გერმანულ პრესაში ინტერვიუ გამოქვეყნდა მენოტისთან და ძალიან მომეწონა მისი ფრაზა, - თანამედროვე ფეხბურთში ინფლაცია არისო.
ყენიას შემთხვევაშიც ასე მგონია, რომ არა საფეხბურთო ინფლაცია, ის "კარპატიში" ვერ მოხვდებოდა და ალბათ არც ის ნერვიულობა შეხვდებოდა, რაც "ზენიტში" გადაიტანა.
საფეხბურთო ინფლაცია - მენოტი მწვრთნელი აღარ არის, მაგრამ მაინც მაგარია. ასეთებს რაღაცნაირად, შინაგანად ესმით ფეხბურთი.
ისე, კარპატები მთლად ცუდი არ უნდა იყოს, გეორგ ჰაჯის ხომ "კარპატელ მარადონას" ეძახდნენ, ოღონდაც ჰაჯიმ ეს ნიკი მართლა დაიმსახურა ყოველგვარი ირონიის გარეშე.
* * *
მილეთი ახალგაზრდულის თამაშზე არ მოვიდა, არადა ხორვატიასთან თამაში ცოტა მეტ მაყურებელს ნამდვილად იმსახურებდა.
ალექსანდრე ჩივაძეს ურიგო გუნდი როდი ჰყავს, თუმცა ხარვეზიც ცოტა არ ჰქონიათ ქართველ 21-წლამდელებს. ინდივიდუალისტები ამ ასაკშიც დეფიციტია. 19-20 წლის ფეხბურთელების თამაშს რომ უყურებ, გინდა რომ მეტი სილაღე და სითამამე დაინახო.
ნაკრების მწვრთნელი გუნდს კარგად ან ააწყობს და ან ვერა, მაგრამ ფეხბურთელს ის ნამდვილად ვერ გამოზრდის. ახალგაზრდული ნაკრები სარკეა იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ასაკობრივ გუნდებში. ტალანტების ცვენა არ არის, თუმცა ერთი-ორი გამორჩეულად ნიჭიერი ნამდვილად გვყავს.
გიორგი ჭანტურია მარჯვენა ფლანგიდან ცდილობდა ხორვატთა დაწიოკებას. ბურთი სულ ცაციაზე გადაჰქონდა და შუისკენ მიჰქონდა. ხორვატებმა ეს ყველაფერი კარგად დაინახეს, მაგრამ ჭანტურია მაინც ახერხებდა თამაშის გამწვავებას.
ცაცია გარემარბი მარჯვენა ფლანგზე - ასე თამაშობს, მაგალითად, არიენ რობენი, ანუ ეს კარგად აპრობირებული ვარიანტია.
ეროვნულ ნაკრებში თამაში რიგით არ უნდა იყოს. თემურ ქეცბაიაზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოფილან მწვრთნელები, რომლებიც რიგითობას იცავდნენ - ჯერ ამან უნდა ითამაშოს, ბოლომდე უნდა ამოწუროს თავი, მერე კი მასზე ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი.
კითხვა თავისით ჩნდება: რატომ არ შეიძლება, რომ ჭანტურიამ ეროვნული ნაკრების რომელიმე ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშოს?
ჭანტურიათი იტალიური "ჯენოა" რომ დაინტერესდა, ვინძლო "ლელომ" დაწერა ამაზე პირველად, მერე კი ეს თემა იტალიურ მედიაშიც გაჩნდა.
ერთ-ერთი აპენინურ საიტზე ამ სათაურით დაიწერა ეს ცნობა: ქართველი მესი "ჯენოას" შემოთავაზებას ადასტურებს. ამავე ცნობაში ვკითხულობთ ჭანტურიას სიტყვებს: "ახლა "ვიტესის" მფლობელს, მერაბ ჟორდანიას უნდა დაველაპარაკო, რათა გავიგო, როგორი იქნება ჩემი მომავალი".
ქეცბაიას გუნდმა კი ამასობაში ლუქსემბურგს მოუგო. შესარჩევის წინ ამხანაგურ შეხვედრაში რომ გაიმარჯვებ, ეს კარგია. ამაზე ვერ იქნება დამოკიდებული ნაკრების სვე-ბედი, მაგრამ ლუქსემბურგის ძლევასაც თავისი მნიშვნელობა აქვს.
ქართული მედია ლუქსემბურგში ვერ ჩავიდა ამ შეხვედრის გასაშუქებლად, ანუ ერთხელაც განაცხადა, რომ ფეხბურთისთვის საკმაოდ სუსტი პარტნიორია.
ხალხიც არ დადის სტადიონზე და გვინდა თუ არა, გულშემატკივარიც სუსტი პარტნიორი ხდება ქართული ფეხბურთისთვის.
ამ თემებზე რატომღაც ცოტას ფიქრობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში.
18 აგვისტოს კი ერთხელაც იქნება იმის მოლოდინი, რომ მილეთი სტადიონზე წავა საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე დიდი დაპირისპირების სანახავად. 18-ში ხომ "დინამო" - "ტორპედოა".
მაშინაც კი, როცა ამ გუნდების შეხლაზე ბევრი ქომაგი არ მიდის, თამაშს განსაკუთრებული ხიბლი ეფინება. "დინამოში" ბევრი რამ შეიცვალა საამსეზონოდ, "ტორპედოსაც" საკუთარი გეგმაზომიერი პოლიტიკა აქვს.
ჯერ არ ვიცით, ეს გუნდები მთავარი კანდიდატები იქნებიან თუ არა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, მაგრამ, ვინც "დინამო" - "ტორპედოზე" წავა, ის ამაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან ეს სულ სხვა დაპირისპირებაა, რომლის უკან ბევრი მოგონება, ბევრი ძვალთამტრეველი თამაში ინახება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"