სამტრედია ისევ მადაზე მოდის

AutoSharing Option
"სამტრედია" ორი სეზონის წინ უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული გუნდიც იყო და იქ ადგილსაც შეინარჩუნებდა, მოულოდნელად ფინანსური წყარო რომ არ გადაეკეტათ.

თავი ქუდში რომ ჰქონოდა, კლუბს მინიმალური ბიუჯეტის დამტკიცება სჭირდებოდა. ამის მიუხედავად, 44 ათასი ლარი ჩაურიცხეს და ყველაფერი ცხადი გახდა - კლუბს აქვეითებდნენ და ეს საფეხბურთო ქალაქი უმაღლეს ლიგას, ფაქტობრივად, ხელოვნურად ჩამოაშორეს.

ორი წელიწადი კლუბს საკმაოდ უჭირდა, რადგან ამბიციური "სამტრედია" პირველ ლიგაში უპერსპექტივოდ თამაშს ვერ ეგუებოდა. ახლა კი გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ კლუბი ფეხზე დადგება.

"სამტრედიაში სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი გვესტუმრა და მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდა:

უახლოეს დღეებში დაიწყება სტადიონის რეკონსტრუქცია, მოედნის რეაბილიტაცია და დაიგება ბოლო თაობის ხელოვნურსაფრიანი მოედანი
.

ბუნებრივ მინდორს ძალიან დიდი ხარჯი სჭირდება, რასაც ქუთაისის "ტორპედო" და "ზესტაფონიც" ვერ წვდებიან, ხელოვნური კი ადვილი მოსავლელია და ნაკლებადხარჯიანია.

ეს პროექტი 700 ათასი ლარი ჯდება და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს - მოედნის გარდა, განახლდება ტრიბუნები, დამონტაჟდება 2500 ახალი ინდივიდუალური სკამი და ახალი ტაბლო, გვექნება თანამედროვე სათადარიგოთა სკამები.

ადგილობრივი ბიუჯეტით გავაკეთებთ გასახდელებს, საშხაპეებს, მსაჯთა და დელეგატთა ოთახებს.

რეაბილიტაციის დასრულებამდე პირველი ლიგის საწყის 6-7 შეხვედრას "სამტრედია" გასვლაზე ჩაატარებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვეთ, თუ შესაძლებელია, ეს მატჩები მეტოქის მოედანზე დაგვინიშნონ.

შეგვპირდნენ, გავითვალისწინებთო და ვნახოთ. თუ არადა, მეტოქეებს ქუთაისში მივიღებთ"
- გვითხრა "სამტრედიის" პრეზიდენტმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ავთანდილ თადუმაძემ.

სამტრედიელები ადგილობრივ კადრებზე დაყრდნობას აპირებენ:

"ჯერ სამტრედიის ბიუჯეტი გვაფინანსებს და საკადრო პოლიტიკა ადგილობრივებზე გვაქვს აწყობილი.

ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ვერ ვწვდებით და მიზნის მიღწევა უცნობი, მაგრამ ნიჭიერი ადგილობრივებითა და სხვა კლუბში დაწუნებულები ახალგაზრდებით გვსურს. მერწმუნეთ, მათ შორის ბევრ საინტერესო მოთამაშეს აღმოაჩენთ.

რაც მთავარია, სამტრედიელების დაბრუნებას შევეცადეთ და დავიმატეთ მარტვილის "მერანის" კაპიტანი გიგა ჟვანია და თავდამსხმელი გიგა ბოხუა, ლანჩხუთის "გურიადან" კი - დემურ სამსეიშვილი.

გადავწყვიტეთ შანსი მივეცით გუნდის ყოფილ კაპიტან სპარტაკ გოგიას, რომელიც შარშანდელ სკანდალში იყო გახვეული. მას გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურს და უნდა ნახოთ, როგორი მონდომებით ვარჯიშობს.

დავაბრუნეთ თავდამსხმელი ზაურ ხაჭიპერაძეც. ჩვენგან ის ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, შემდეგ კიდევ რამდენიმე კლუბი შეიცვალა, მაგრამ ფეხი ვერსად მოიკიდა. მგონია, რომ "სამტრედიისთვის" დაბადებული თავდამსხმელია და ჩვენს გარდა ვერსად ითამაშებს. ზაურს თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი მივეცით".


სტადიონის განახლება კარგია, მაგრამ სამტრედიელთა გულშემატკივრები გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე ოცნებობენ. ამჟამინდელი დაფინანსებით "სამტრედია" ამ ამოცანას ვერ გადაჭრის.

"საქმე ამ კუთხითაც კარგად არის. ჩვენ უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად ვემზადებით და ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის რეალური იმედიც გვაქვს.

მართლა გვექნება თუ არა მილიონიანი ბიუჯეტი? არ დავმალავ, რომ ლადო ვარძელაშვილთან ამაზეც ვილაპარაკეთ და დახმარებას შეგვპირდა, მაგრამ 2013 წლიდან, როდესაც ახალი ბიუჯეტი დამტკიცდება. ახალ წლამდე კი 110 ათასი ლარს უნდა დავჯერდეთ"
- იმედიანად არის კლუბის პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ პოლიტიკოსების სათამაშო ხდება ფეხბურთი და ზოგს ისევ უხარია და ისევ სჯერა, რომ ამით ქართულ ფეხბურთს რამე შეემატება. ისევ ერთწლიანი გუნდები, ბიუჯეტის ფულის ხარჯვა და პროფანაცია. კალაძის ჯინაზე გაიქცა ეს სამარცხვინო მინისტრი და სამტრედიაში დაიწყო ფეხბურთის "აყვავება"
dudu
09:07 20-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული