რატომ გადაწყვიტა ეროვნულ ჩემპიონატში დარჩენა ფორმის პიკზე მყოფმა დვალმა და ამცირებს თუ არა საქართველოში დარჩენა მისი ნაკრებში მოხვედრის შანსებს - ექსკლუზივი ჯაბა დვალთან, რომელმაც ვრცელი ინტერვიუ მხოლოდ "ლელოს" მკითხველისთვის მისცა.
- შენი ასაკის ფეხბურთელები ევროპაში თამაშს ეძალებიან, შენ კი საქართველოში დარჩი. რატომ შეაჩერე არჩევანი "დინამოზე"?
- "ზესტაფონთან" ორი წელი კიდევ მაკავშირებდა კონტრაქტი. ამიტომ მათი გადასაწყვეტი
- "დინამოსთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმე. მისი ამოწურვის შემდეგ გაქვს იმედი, რომ ევროპაში წახვალ სათამაშოდ, თუ აქ აპირებ კარიერის დასრულებას?
- ვფიქრობ, "დინამო" ისეთი გუნდია, რომ წინ დიდი წარმატებები ელის და მინდა, წვლილი მეც შევიტანო ამაში. ისეთ ტრადიციულ გუნდს, როგორიც "დინამოა", მეტი წარმატება უნდა ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ.
- ჯაბა დვალი არ იმსახურებს იმაზე უკეთეს ჩემპიონატში თამაშს, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია?
- არ ვიცი. შეიძლება ვიმსახურებ, შეიძლება - არა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ "დინამოსთან" გავაფორმე კონტრაქტი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა წარმატებას მიაღწიოს ამ გუნდმა.
თუკი ასე იქნება, ყველასთვის კარგია. დიდი იმედი მაქვს, რომ ის, რაც ვერ შევძელი "ზესტაფონში" - ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, "დინამოს" რიგებში მოვახერხებ.
- "ზესტაფონის" პრეზიდენტმა, ილია კოკაიამ განაცხადა, რომ თუკი სარფიანი წინადადება გამოჩნდებოდა, შენ აუცილებლად გაგასხვისებდა, თუმცა ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა კონკურენტ გუნდში საკუთარი ფეხბურთელის გაშვებას. რა შესთავაზა "დინამომ" ზესტაფონს და შენ ისეთი, რომ ამ წინადადებას დათანხმდი?
- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ილია კოკაიას. მან გაითვალისწინა ყველაფერი და ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მეც მინდოდა და მასაც, ალბათ. "დინამომ" რა შესთავაზა "ზესტაფონს", ეს უკვე მე არ მეხება.
- ამოწურე შენი თავი "ზესტაფონში"?
- ვერ ვიტყოდი, რომ ამოვწურე, ვინაიდან "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში მოხვედრა სურდა, რაც ვერ გავაკეთეთ. იყო წარმატებები, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, რაც აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ის, რაც ყველას სურდა, ვერ შევძელით. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თავი ამოვწურე ამ გუნდში.
- შენ თქვი, რომ "ზესტაფონიდან" წამოსვლის სურვილი გქონდა. მიზეზი ბაქოს "ნეფთჩისთან" განცდილი მარცხი ხომ არ იყო?
- აზერბაიჯანელებთან წაგება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იყო, როგორც ქართული ფეხბურთისთვის, ასევე "ზესტაფონისთვის". აზერბაიჯანთან არ უნდა ვაგებდეთ, თუმცა მარცხი ძალიან ბევრმა მიზეზმა განაპირობა - პირველ რიგში, ჩვენი, ფეხბურთელების ბრალი იყო.
აზერბაიჯანის ჩემპიონატი არ არის ისეთი დონის, რომ მათი გუნდის წინააღმდეგობა ვერ დაგვეძლია. გულნატკენი ვარ და ამანაც განაპირობა.
- "დინამომ", ფაქტობრივად, შენი თავი წაართვა აზერბაიჯანულ "ყარაბაღს". რეალურად, იყო შანსი, რომ იქ წასულიყავი სათამაშოდ. რამდენად სამართლიანი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება?
- აზერბაიჯანში როცა მიდიხარ, ვფიქრობ, ეს არის კარიერის დასასრული. მატერიალურ შესაძლებლობებს იუმჯობესებ, სხვა არაფერი.
აზერბაიჯანის ჩემპიონატზე ცუდს ვერ ვიტყვი, იქ ძალიან დიდი ფული იხარჯება, რომ წინ წაწიონ ფეხბურთი, მაგრამ ამ მომენტში ჩემთვის მიუღებელი იყო იქ წასვლა. თუმცა, თუკი კლუბი გადაწყვეტდა, სხვა გზა არ მექნებოდა.
"ზესტაფონში" დარჩენაც აღარ მინდოდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს.
- ჯაბა დვალი გახდა წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი, მაგრამ მას მაინც არ იძახებენ ნაკრებში, ვერ მიდის უკეთეს ჩემპიონატში სათამაშოდ... რა აზრი აქვს წვალებას? მაშინ ხომ არ სჯობს, წახვიდე აზერბაიჯანში და მატერიალურ მხარეზე გააკეთო აქცენტი?
- ჩემთვის მთავარი მატერიალური მხარე არააა. ესა უცილებელია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. არის რამდენიმე ქართული გუნდი, რომელსაც შეუძლია წინსვლა და თუკი წარმატება იქნება, მატერიალური მხარეც მოგვარდება.
შემთხვევით ვისარგებლებ და გორის "დილას" ვუსურვებ სასურველ შედეგს პლეი ოფში. ქართულმა გუნდებმა კი წარმატებას მარტო საქართველოში არ უნდა მიაღწიონ. მთავარია, ევროსარბიელზე გამოვიდეთ კარგად.
- ევროპის რამდენიმე გუნდიდან გქონდა შემოთავაზება. რატომ გააკეთე არჩევანი მაინცდამაინც "დინამოზე"?
- თავისუფალი აგენტი რომ ვყოფილიყავი, კონტრაქტი არ მქონოდა, შეიძლებოდა მელაპარაკა სხვა გუნდთან, მაგრამ ახლა ძნელია იმის გარკვევა, თუ რომელ გუნდებზე იყო აქცენტი. კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და მეც დავეთანხმე. "დინამოს" ევროპის გუნდებზე ნაკლები სახელი არ აქვს.
- შენი დონის ფეხბურთელის გადაყვანა ნებისმიერი გუნდის ქომაგს გაუხარდებოდა, თუმცა თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა ნაწილი შენზე ნაწყენია, რადგან ადრე მათ კარში გატანილი გოლი აღნიშნე. როგორ აპირებ მათ შემორიგებას?
- თბილისის "დინამოს" ბევრი ქომაგი ჰყავს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის, რომ ზესტაფონში ვთამაშობდი 4 წელი და გოლი ავღნიშნე, ამაში ცუდი არაფერია. სადაც ვიქნები და ვის წინააღმდეგაც ვითამაშებ, გოლის გატანა და ჩემი გუნდის წარმატება მენდომება.
ყველას თავისი აზრი აქვს და ამაში ცუდს თუ ვინმე დაინახავს, არ ვიცი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ახლა "დინამოში" ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გულშემატკივარმა და ხალხმა დაინახოს, თუ როგორ მიყვარს ეს გუნდი.
- ყველა ამ თვისების გამო ზესტაფონელ ქომაგს შენ განსაკუთრებით უყვარხარ. ალბათ, გული დაწყდებოდათ, რომ მათ კონკურენტ გუნდში გადახვედი...
- ზესტაფონელ გუშემატკივრებთან მქონდა ლაპარაკი, სანამ წამოვიდოდი, მანამდეც. მათგან სიცივეში, ყინვასა და წვიმაში მიგრძვნია მხარდაჭერა და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ბევრი რამ გავაკეთე მათი გუნდისთვის, ბოლომდე ვიხარჯებოდი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, "ზესტაფონის" გულშემატკივარი არ იქნება ჩემზე ნაწყენი.
- ნაკრებზე ლაპარაკი არ გიყვარს, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში დარჩენამ ხომ არ შეამცირა შენი ნაკრებში მოხვედრის შანსი?
- ჩემი ნაკრებში მოხვედრის შანსი აქამდეც შემცირებული იყო და ახლა არ ვიცი. თუ გამომიძახებს ქეცბაია, გამეხარდება; თუ არ გამომიძახებს, მისი გადასაწყვეტია.
ყველაფერს გავაკეთებ, რათა თავი დავანახო, მაგრამ თუ ამას მაინც ვერ შევძლებ, წარმატებას ვუსურვებ მასაც და ეროვნულ ნაკრებსაც.
ყველა დაინახავს, დინამო როგორ მიყვარს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:
ჯაბა დვალის მორიგი და ყველაზე ხმაურიანი დაბრუნება თბილისის "დინამოში"