ჯაბა დვალის მორიგი და ყველაზე ხმაურიანი დაბრუნება თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
საგოლე ალღო, ტექნიკა, დარტყმა, მოედნის ხედვა, ბრძოლისუნარიანობა - ჯაბა დვალს ყველა ის თვისება აქვს, რაც მაღალი დონის თავდამსხმელს სჭირდება.

ბოლო წლებია, იგი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია. გასულ სეზონში კი განსაკუთრებით ეფექტური იყო - მას შემდეგ, რაც ზამთარში ნიკა გელაშვილმა "ზესტაფონი" დატოვა, ჯაბამ ფეროელთა შეტევის ლიდერობა ღირსეულად იტვირთა და უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, "ლელომ" კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ბუნებრივია, ასეთი ფეხბურთელის გადაბირება ბევრ კლუბს მოუნდებოდა
და "ზესტაფონმაც" არაერთი წინადადება მიიღო. მიზეზთა გამო იმერულ კლუბში დვალის დარჩენა ვერ მოხერხდა და ჯაბა თბილისის "დინამომ" შეიძინა - კლუბმა, სადაც იგი აღიზარდა და დაოსტატდა.

დვალი "დინამოს" პირველ გუნდში ჯერ კიდევ 2004 წელს გამოჩნდა, როცა გია გეგუჩაძემ 19 წლის თავდამსხმელი ნელ-ნელა გაუშინაურა გუნდის ძირითად შემადგენლობას. როცა "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, ჯაბა მხოლოდ შეცვლებზე თამაშობდა, თუმცა გუნდის წარმატებაში გარკვეული წვლილი მასაც შეჰქონდა.

თუმცა მისი კარიერა ისე წარიმართა, რომ ცნობილი უფრო სხვა კლუბებში თამაშით გახდა. მართალია, ერთხელ "დინამოს" შემადგენლობაში გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე, მაგრამ დვალი რამდენიმეჯერ წავიდა დედაქალაქური კლუბიდან და უკან დაბრუნდა, შუალედებში გოლები ბოლნისის "სიონისა" და საჩხერის "ჩიხურას" მაისურით გაჰქონდა.

მცირე ხანი რუსთავის "ოლიმპში" დაჰყო და მოლდოვაში წავიდა, სადაც ორი სეზონი კიშინიოვის "დაჩიაში" გაატარა და ბომბარდირული თვისებებით თავი იქაც გამოიჩინა. "დაჩიაში" მის ანგარიშზე 41 მატჩი და 19 გოლია.

დვალის მაღალ კვალიფიკაციაში ეჭვი არც მაშინ შეჰპარვია ვინმეს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ მაშინ მას საუკეთესო ქართველ თავდამსხმელთა შორის მოიხსენიებდნენ. სამაგიეროდ, ჯაბას კარიერაში ნამდვილი გარდატეხა დაიწყო მას შემდეგ, რაც კვლავ გია გეგუჩაძემ გამოუცხადა ნდობა და ამჯერად იგი "ზესტაფონში" მიიწვია. ეს 2009 წელს მოხდა.

გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" უწინდელზე უფრო მძლავრი და ამბიციური გახდა, ახალ პროექტში კი დვალს მეტად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მისი და გელაშვილის დუეტი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში. პირადად დვალის ანგარიშზე კი "ზესტაფონის" შემადგენლობაში გატარებული სამი სრული სეზონი და ყველა ოფიციალური ტურნირის ჯამში 127 მატჩში გატანილი 63 გოლია.

215 თამაში და 81 გოლი - ეს კი მისი მონაგარია საქართველოს ჩემპიონატში, 2004 წლიდან დღემდე, ჯამურად ყველა კლუბის შემადგენლობაში.

ფეხბურთი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სტატისტიკა არ არის და საგოლე მონაგარის გარდა, დვალმა თავი ძალიან ხარისხიანი ფეხბურთით დაგვამახსოვრა. ამას გარდა, ჯაბას "ზესტაფონში" ლიდერის თვისებებითაც გამოარჩევდით და სტაბილური ასპარეზობითაც - მის მიერ ჩაგდებული თამაში იშვიათი გასახსენებელია. სწორედ ამიტომ იყო, ზესტაფონელი ქომაგების განსაკუთრებული სიყვარულით რომ სარგებლობდა და წესით, იქაურებს დვალისადმი პატივისცემა არც მისი გადაწყვეტილების გამო უნდა დაეკარგოთ.

საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დვალი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გამხდარიყო. რასაკვირველია, მწვრთნელის კომპეტენციაში არ ვერევით, მაგრამ მაინც მიგვაჩნია, რომ იგი შანსს იმსახურებდა.

27 წლის დვალი მშობლიურ "დინამოს" უკვე ჩამოყალიბებული და კლასიანი ფორვარდის სახით უბრუნდება, რაც იმის საფუძვლიან მოლოდინს აჩენს, რომ დედაქალაქურ კლუბში მორიგი მიბრუნება ჯაბასთვის წინა ცდებზე გაცილებით წარმატებული გამოდგება და "დინამოც" ბოლოს და ბოლოს მოაგვარებს ცენტრფორვარდის პრობლემას.

ახლავე და ასპროცენტიანი სიზუსტით კი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთი რიგითი ტრანსფერი არ არის - ჩემპიონობის ერთმა პრეტენდენტმა მეორისგან ლიდერი ფეხბურთელი იყიდა და მსგავსი ამბები ყოველთვის აცოცხლებს და დიდ ინტრიგას სძენს ნებისმიერი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯაბა დვალი თბილისის "დინამოში" გადავიდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული