საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ექს-ლიდერი, 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გორის "დილაში" ვარჯიშობს და სავსებით შესაძლებელია, 23 აგვისტოს პორტუგალიაში ევროპის ლიგის პლეი ოფში "მარიტიმუს" წინააღმდეგ ითამაშოს.
"ლელოსთან" ინტერვიუში ირაკლი კლიმიაშვილი ლაპარაკობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ წამოვიდა ტაშკენტის "ფახთაკორიდან" და რატომ ვერ დარჩა მახაჭყალის "ანჟიში", რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის.
- შენი ტრანსფერი ეკუთვნოდა მახაჩყალის "ანჟის", მაგრამ საქართველოში დაბრუნდი. რუსებს შენი დატოვება არ სურდათ?
- ახლა "ანჟიში" ისეთი ფეხბურთელები ჩაიყვანეს, ჩემს იქ
- შანსიც არ მოუციათ?
- მოთამაშეებს მილიონებად რომ ყიდულობენ, ცხადია, იმათ სკამზე ვერ დასვამენ, უნდა ათამაშონ. სერიოზული კონკურენციაა და იქ სათადარიგოებში ჯდომას "დილაში" თამაში მერჩივნა.
- "ფახთაკორიდან" წამოსულმა თქვი, რომ რუსეთის და უკრაინის პრემიერლიგის კლუბი გიწვევდა...
- იყო ვარიანტები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სანამ ეს ამბები გაირკვეოდა, დრო გადიოდა, "დილა" კი კონტრაქტს მთავაზობდა და ცდას "დილაში" თამაში სჯობდა.
- უცხოეთში არანაირი ვარიანტი არ გქონდა?
- "დილა" ძალიან ძლიერი გუნდია. ვერც ვიხსენებ, ბოლოს ქართულ კლუბში ასეთი სოლიდური შემადგენლობა როდის შეიკრიბა და სხვაგან კლუბის ძებნას აქ თამაში არ სჯობდა?
- ტაშკენტის "ფახთაკორი" მართლაც არაა ურიგო კლუბი, ფინანსურადაც არ უჭირს - დარჩენა არ შემოგთავაზეს?
- მიუხედავად იმისა, რომ მართლაც კარგი გუნდია და თავს კარგად ვგრძნობდი, დარჩენა აღარ მსურდა.
- "დილასთან" კონტრაქტი როდემდე გააფორმე?
- დეკემბრის ბოლომდე, ნახევარი წლით.
- ანუ, რეალურად, ევროპის ლიგაში ითამაშებ და მერე წახვალ?
- არა მგონია. ალბათ, დეკემბრამდე დავრჩები.
- ევროპის ლიგის განაცხადში შეგიყვანეს?
- ვიცი, რომ უნდა შემიყვანონ. იმედია, პორტუგალიაში თამაშის უფლება მექნება.
- "ფახთაკორიდან" ერთი თვის შემდეგ წამოხვედი და მას შემდეგ სად ვარჯიშობდი?
- ჩემს ძველ კლუბში, "ვიტ ჯორჯიაში" მომცეს ფორმის შენარჩუნების საშუალება, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ასე რომ, ნაღდად არ ვისვენებდი და ისეთი დიდი დროც არ არის გასული, რომ ფორმიდან ამოვვარდნილიყავი. მაგრამ თამაში მომენატრა.
- "დილასთან" ადაპტაცია არ დაგჭირდება?
- რა ადაპტაცია უნდა დამჭირდეს, მოთამაშეთა უმრავლესობას ბავშვობიდან ვიცნობ.
- კახა მახარაძე კიდევ აპირებს უზბეკეთში დარჩენას?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდში ძალიან დიდ პატივს სცემენ, ძირითადის შეუცვლელი მოთამაშეა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უზბეკეთში ქართველები უყვართ.
- საინტერესოა შენი აზრის მოსმენა: არის კი უზბეკეთი ისეთი საფეხბურთო ქვეყანა, სადაც გადასვლა გიღირდა?
- იქ რომ დადის ხალხი ფეხბურთზე, იქ რომ პირობები და ყურადღებაა, ჩვენთან ასეთი სანატრელია.
შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტი ნიჭი გვაქვს, მაგრამ არასაფეხბურთო ქვეყანა არისო, მათზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ხალხი ფეხბურთს აფეტიშებს, სტადიონები ბოლომდე ივსებოდა და მაღაზიაში შესვლის მრცხვენოდა, მცნობდნენ და ფულს არ მახდევინებდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" პორტუგალიაშია და "მარიტიმუსთან" მატჩისთვის ემზადება