შეკრების მთავარი თემა ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის ცენტრალური მატჩი - დინამო-ტორპედოს მატჩი იყო. კერძოდ, კლუბების პოზიცია მატჩის არბიტრთან მიმართებაში.
ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, არბიტრმა ხეცაძემ რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლებმაც მატჩის საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა.
თავისი მოსაზრებები გააჩნდა "დინამო" თბილისსაც. თუმცა კლუბის მმართველ დირექტორს - ბუბა ტყავაძეს მსაჯის მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს.
ამ მატჩისა და მისი არბიტრის შესახებ იმერულმა კლუბმა საკუთარი პოზიცია პრესაში დააფიქსირა
არადა, წინა შეხვედრებზე ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში, მსჯელობა და კამათი საბჭოს სხდომებზე იქნებოდა და პრესის მეშვეობით ურთიერთბრალდებების წამოყენების პრეცედენტი აღარ იქნებოდა.
უმაღლესი ლიგის 12 კლუბიდან შეხვედრას 10 კლუბის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი ესწრებოდა.
სხვადასხვა მიზეზის გამო შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ გორის "დილასა" და ფოთის "კოლხეთის" წარმომადგენლები.
თითქმის საათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ დახურული შეხვედრა დასრულდა. თავისი აზრი ორივე მხარემ გამოთქვა.
შემაჯამებელი კომენტარი კი, "12-თა საბჭოს" კოორდინატორმა - აკაკი ლოდიამ გააკეთა:
"ჩვენ თვეში ორჯერ, გეგმისამებრ ვიკრიბებით; თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა საგანგებო ხასიათის იყო, რაც "ტორპედოს" მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია.
საერთოდ, ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ მსგავს საკითხებზე, უპირველესად, საბჭოს სხდომებზე უნდა ვიმსჯელოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაჟღერდეს პრესაში.
საბჭოს ნაწილის აზრით, ეს განცხადება ეროვნული ჩემპიონატისა და მსაჯების დისკრედიტაციის მცდელობა იყო. მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. თუმცა ვინაიდან იმერული კლუბის მხრიდან ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო, საბჭომ გაითვალისწინა და სადისციპლინო კომიტეტს საკითხი განსახილველად არ გადასცა" - განაცხადა საბჭოს კოორდინატორმა.
gff.ge
ასევე იხილეთ:
დინამო-ტორპედო 3:2 - არავინ დაინდოთ!