კვირის 1000 წვრილმანი: ბელარუსი ოქრომ გააქრო

AutoSharing Option
საქართველომ მოიგო! შესარჩევი გამარჯვებით დაიწყო. კარგი სტარტი ხანდახან ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი გოლის ფაქტორი. ბელარუსიც გოლმა გატეხა, თორემ პირველ ტაიმში რომ გაეტანათ სლავებს, ვინ იცის, რა მოხდებოდა.

ეს გამარჯვება მართლაც მნიშვნელოვანია იმით, რომ ციკლი რიხით დავიწყეთ. ეს იწვევს თავდაჯერებულობას, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის.

ეს გამარჯვება ძალიან ჭირდებოდა თემურ ქეცბაიას. მან პოზიციები გაიმყარა, თავდაჯერებულობა ხომ მწვრთნელისთვისაც აუცილებელია.

ქეცბაია ემოციური მწვრთნელია, ჩვენი გუნდის შანსიც ეგ იყო - პირველი თამაში, ახალი იმედი, ახალი მუხტი -
ეს ჰქონდა საქართველოს ნაკრებს და გამოიყენა კიდეც.

ეს გამარჯვება გულშემატკივარსაც ძალიან ჭირდებოდა, ქომაგმა დაინახა, რომ ჩვენ ნაკრებს ბრძოლა და შანსზე ჩაჭიდება შეუძლია. ბიჭებმა იბრძოლეს და გაიმარჯვეს, ხალხი კი სტადიონდან კმაყოფილი წავიდა - ეს უკვე შედეგია.

იღბალი ფეხბურთშიც ძალიან ბევრს ნიშნავს, შენს კბილა გუნდთან ყისმათიც თუ წაგეხმარა, ეს უკვე საქმის ნახევარია. ბელარუსი ჩვენთვის ზუსტად ისეთი გუნდია, კბილი კბილს რომ მოედება.

კონდრატიევს კარგი გუნდი ჰყავს, შეტევის ორგანიზება რომ შეუძლია ისეთი, ცალკეული ფეხბურთელებიც არ დაეწუნება, მაგრამ საქართველოს მაინც დაეჩაგვრინა - ფეხბურთი ხანდახან ულმობელია, ბელარუსმა შანსი ვერ გამოიყენა, ჩვენს გუნდს კი შნო აღმოაჩნდა და გაიმარჯვა.

ათი ათასჯერ თქმულა, რომ ფეხბურთი გრძნობების თამაშია. საქართველომ გოლი რომ გაიტანა, გრძნობაც გაჩნდა - ბელარუსი თამაშის შემომბრუნებელი აღარ იყო. ემოცია ჩვენს მხარეს გადმოვიდა, ჩვენი მოკავშირე გახდა.

თორნიკე ოქრიაშვილის თამაში პირველად მუხრანში ვნახე, როცა ის "გაგრას" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი იყო. ის გამორჩეულად ნიჭიერი გახლდათ და აკი მალევე დატოვა კიდეც საქართველო.

ოქრიაშვილის ნიჭში ეჭვი არავის ეპაროდა, ის წინ წავიდა, 7 სექტმებრს კი მატჩის გმირი გახდა.

გოლი ესთეტიური გამოვიდა. სიამოვნების ულუფაც ძალიან დიდი გამოდგა. ოქრიაშვილი კი უკვე აღარ არის ნაკრების პერსპექტიული ფეხბურთელი, ბელარუსის კარში გატანილი გოლი უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია იმისთვის, რომ ოქრიაშვილზე ვთქვათ, ნაკრების საკვანძო ფეხბურთელიაო.

ოქრიაშვილმა ბელარუსს გოლი ქართულად გაუტანა. ჩვენი ასეთი გოლებით, ასეთი ნიჭით გვიცნობენ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. მან ამ გოლით ერთხელაც შეახსენა სლავებს, რომ ქართული გენი ფეხბურთში არ მომკვდარა. ეს გოლი ისეთია, პათეთიკასაც რომ უძლებს.

ბელარუსთან მოგება გემრიელი კი გამოდგა, მაგრამ ილუზიების საფუძველიც გააქრო - ხარვეზი ცოტა როდი ჰქონდა ჩვენს გუნდს, თუმცა ეს აღარავის ემახსოვრება, ტვინში ოქრიაშვილის ოქრო - გოლი ჩაიკირება.

ეს გოლი ალბათ ოქროზე უძვირფაესია და კიდევ უფრო იშვიათი, ვიდრე საქართველოს ნაკრების გამონათებები (იხილეთ ვიდეო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბელორუსი კარგი გუნდია რომ ამბობენ Yველაფერი შედარებითია. მსოფლიო დონეზე თუ ისაუბრება ეგ დონე რამოდენიმე საფეხურით დაბლა. და ამას ესპანეთი ცხადად დაგვანახვებს.

მე როგორც Yველა ქარტველს საქარტველოს კარგი თამაში მინდა, მაგრამ ამას იმიტომ ვჩერ რომ ქარტველო ჟურნალისტები (ბაქიაობით სავსე სთატიაბეი", ბლოგერები "ესპანეთის გინებით" და საერტოდ ატმოსფერო ქარტული-რეალობას-მოწყვეტილი-ენტუზიაზმით სასაცილოა .
0
ავტორს ჰგონია ძალიან ორიგინალური სათაური შეურჩია სტატიას :)))
odala
20:36 09-09-2012
0

სიახლეები პოპულარული