ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა

AutoSharing Option
ფრანჩისკო ხავიერ მუნიოზი, იგივე ჩისკო, "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ახლა "დინამო თბილისის" ერთ-ერთი ლიდერია, შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ყველაზე კლასიანი მოთამაშეა.

ჩისკო შემტევია. უმცროსი დუშან უჰრინის აზრით, ჩისკოს პოზიცია სადღაც პლეიმეიკერსა და მეორე ფორვარდს შორის არის გაჩრილი.

ჩისკო "დინამო თბილისისთვის", ალბათ, ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული შენაძენია. წინა სეზონში "დინამოში" ესპანურმა პროექტმა ვერ გაამართლა, მაგრამ ეს არ ეხება ჩისკოს - ის ნამდვილი ფეხბურთელია, ლეგიონერი, რომელიც კლასით საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ბევრზე მაღლა დგას.

თუ დააკვირდებით, ჩისკო ბევრს არ დარბის მოედანზე, თავისი მოკლე
რადიუსი აქვს; ოღონდაც იცის, რა დროს რა უნდა გააკეთოს.

სამი დღის წინ ჩისკო 32 წლის გახდა, მაგრამ ასაკი მას ხელს არაფერში უშლის. ის ოსტატია და თავის საქმეს უპრობლემოდ აკეთებს. იცის, როგორ დაზოგოს საკუთარი თავი მოედანზე და როგორ არ დაზოგოს მოწინააღმდეგე.

"რეკრეატივო", "რეალ ბეტისი" და "ლევანტე" - ჩისკოს ამ გუნდებშიც უთამაშია, თუმცა კარიერის საუკეთესო პერიოდი, რა თქმა უნდა, "ვალენსიაში" ჰქონდა, სადაც უეფას თასიც მოიგო, სუპერთასიც და ლა ლიგაც.

ჩისკოსთან ინტერვიუ "დინამოს" პრესსამსახურის უფროსის, გიგა გვენცაძის დახმარებით გავაკეთეთ.

- როგორ გრძნობთ თავს "დინამოში", საქართველოს ჩემპიონატში? დისკომფორტს აქ არაფერი გიქმნით?
- საქართველოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, ქალაქიც ძალიან მომწონს. თავიდან იყო პრობლემა ენასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაწილობრივ ეს პრობლემაც მოხსნილია. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ "დინამოში" და საქართველოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე უცხო, რაც საქართველოში დაინახეთ?
- ალბათ, უფრო ხალხის აზროვნება. მე რა გარემოშიც მიწევს ყოფნა, აქ ერთმანეთს ეხმარებიან, გვერდში უდგანან. მაგალითად, ადამიანები ერთმანეთს ფინანსურად რომ ეხმარებიან.

ცხადია, ასეთი რამ ესპანეთშიც არის, მაგრამ იქ უფრო ძალიან ახლობლებს შორის. აქ კი უფრო ხშირია ასეთი შემთხვევები.

- რამეთი ჰგვანან ერთმანეთს ქართველები და ესპანელები?
- საქართველოში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. განსხვავებას რაც შეეხება, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ქართველები ბევრად უფრო მორწმუნე ერი ხართ.

- ბალეარის კუნძულებზე, საიდანაც თქვენ ხართ წარმოშობით, ფეხბურთის თამაშის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ?
- ჩემი სოფელი ძალიან პატარაა. საერთოდ, ჩვენი მხარე დაშორებულია ცენტრს და თავი ძალიან უნდა გამოიჩინო, რომ შეგამჩნიონ და ცხოვრებაში წარმატებული იყო. რაფაელ ნადალი, მიგელ ანხელ ნადალი, ალბერტ რიერა სწორედ იქიდან არიან წარმოშობით.

- ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდით, ეროვნულ გუნდში კი ვერ მოხვდით - როგორ ფიქრობთ, ხელი რამ შეგიშალათ?
- 15-დან 21 წლამდე ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია. ერთხელ პირველ გუნდთანაც ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ნაკრებში ვისენტე გამოიძახეს, მე კი ახალგაზრდულში მომიწია თამაში. ესპანეთის პირველ გუნდში საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხვდებიან.

ესპანეთის პირველ ნაკრებში არ მითამაშია და შეიძლება ასე უკეთესიც იყოს, ვინაიდან მაქვს შანსი, საქართველოს ნაკრებში ვითამაშო.

საქართველოში თავს მშვენივრად ვგრძნობ და საქართველოს ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი სურვილიც მაქვს...

- "ვალენსიაში" დიდ წარმატებებს მიაღწიეთ, გახდით ესპანეთის ჩემპიონი, მოიგეთ უეფას თასი - უფრო მეტზეც ოცნებობდით?
- ჩემი კარიერის მანძილზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ბევრი ბედნიერი და დაუვიწყარი წუთი მქონდა. "ვალენსია", უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგა... კმაყოფილი ვარ ბედისწერით, რომელიც ასე მომექცა.

- უეფას თასის ფინალში "მარსელთან" არ გითამაშიათ, სათადარიგოთა სკამზე იჯექით - ეს თქვენთვის ყველაზე დიდი გაწბილება იყო?
- ნახევარფინალი ვითამაშე და მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ შეხვედრაში ვერ მივიღე მონაწილეობა, მაინც არ ვგრძნობ თავს გაწბილებულად.

- რაფაელ ბენიტესზე რას იტყოდით, რითი არის ის სხვა დიდი მწვრთნელებისგან გამორჩეული?
- საუკეთესო მწვრთნელია. აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. ძალიან ცდილობს, ფეხბურთელი ყოველმხრივ გაიცნოს, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიონალურად - ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად, ფიზიკურად, მისი ყველა მონაცემი აინტერესებს. თავისი გუნდის თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე ჰყავს შესწავლილი.

- ვინ იყო ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი იმდროინდელ "ვალენსიაში"?
-რა თქმა უნდა, მე (იცინის). იმდროინდელ "ვალენსიაში" ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ კანისარესი, აიმარი, აიალა და სხვები, რომელთაც ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ თამაშის საკუთარ თავზე აღება.

- ბოლო წლებში რატომ ვერ ერევა "ვალენსია" ან სხვა რომელიმე ესპანური გუნდი "რეალის" და "ბარსელონას" საჩემპიონო დავაში?
- ორი უმდიდრესი საფეხბურთო კლუბია, რომელთაც ყოველ წელს, ნებისმიერ დროს, დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელის ყიდვა შეუძლიათ. მათ ამოუწურავ ფინანსურ შესაძლებლობებს, მეტწილად, სატელევიზიო უფლებებისგან მიღებული შემოსავალი განაპირობებს.

- "დინამოზე" გადავერთოთ. მაინც რა მოხდა, რატომ ჩაუვარდა წინა სეზონი "დინამოს"?
- საკუთარი თავი უნდა შევაფასოთ და მაშინ მივხვდებით მიზეზს. მიმდინარე წელს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ამ სეზონში აუცილებლად ჩემპიონები უნდა გავხდეთ.

- წინა სეზონში "დინამოს" ესპანელი თავკაცი ალექს გარსია ვინ ან რამ დააღალატა?
- ჩემი აზრით, ახალი პროექტი იყო და დროის მცირე მონაკვეთში ბევრი რამ ვერ მოესწრო. ახლა უკვე ვიცი, ვის უნდა ვეთამაშო, სად და როგორ. თუმცა, ამავდროულად, აბსოლუტურად მესმის ჩვენი პრეზიდენტის.

ეს ფეხბურთია, სადაც შედეგი უნდა აჩვენო და როცა შედეგი არ არის, ხდება ცვლილებები.

- საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩით წინა სეზონში?
- სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ძალიან თვითკრიტიკული ვარ. მართალია, გოლები გავიტანე, მაგრამ საერთო ჯამში, სეზონი ჩავარდა. ახლა მთავარია, გუნდური თამაში ავაწყოთ, კოლექტიური თამაში ვაჩვენოთ და შედეგიც აუცილებლად იქნება.

- დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, თუ რას წერენ თქვენზე ქართულ პრესაში?
- ცხადია მაინტერესებს. მსიამოვნებს, როცა კარგს წერენ. ისიც კარგად მესმის, რომ ზოგჯერ დადებითად შეაფასებენ შენს თამაშს, ზოგჯერ პირიქით.

მთავარია, რომ ყოველთვის ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვცდილობ, ვიყო კონცენტრირებული. ისე, რაც უნდა მითხრან, რომ მახინჯი ვარ, მე ხომ ვიცი, რომ ლამაზი ვარ (იცინის)?!

- ესპანეთის პირველი დივიზიონიდან "დინამოში" - როცა არჩევანი გააკეთეთ, მთავარი ფული იყო?
- არა, ფინანსებს არ გადაუწყვეტია ჩემი საქართველოში ჩამოსვლა. მე "დინამოს" პროექტმა მომხიბლა. ნანახმა ბაზამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, უეფას ტურნირებში რეგულარული მონაწილეობაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა.

ესპანეთში ბევრი სეზონი ვითამაშე და გული ძალიან არ დამწყვეტია. საქართველოში და "დინამოში" ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, აქ კიდევ დიდხანს დავრჩები.

- წარმოიდგენდით, რომ კარიერის ბოლო წლებს საქართველოში გაატარებდით?
- ამას მართლა ვერ ვიფიქრებდი. ვიმედოვნებ, რომ აქ დიდხანს დავრჩები და აქ დავამთავრებ საფეხბურთო კარიერას. შემოთავაზებები მქონდა თურქული და ესპანური კლუბებიდან, მაგრამ მე აქ დარჩენა მინდა.

"დინამო" დღითიდღე პროგრესირებს, ვვითარდებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემპიონობასაც შევძლებთ. იმედია, საერთაშორისო წარმატებასაც მივაღწევთ და საქართველოს გავახარებთ.

- ესპანური მოდელი საფეხბურთო მოდის კანონმდებელი გახდა - რა არის ამ მოდელის მთავარი თავისებურება?
- ვფიქრობ, ესპანელები მოედანზე გამოსვლის წინ ახერხებენ ფიზიკურად, რომ ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად 100 პროცენტით იყვნენ მზად. ესპანელებმა ყველაფრის გაერთიანება შეძლეს.

- ვინ იყო თქვენი კერპი ბავშვობაში? ახლა რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე უფრო?
- ალბათ, რონალდო. ახლა კი ჩავი ერნანდესი, რომელიც ორი ნაბიჯით წინ ფიქრობს და ხვდება მოვლეთა განვითარებას. ჩავი ჩემი მეგობარია და მოედნის გარეთაც მაგარი ბიჭია.

- ბალეარის არქიპელაგზე დასასვენებლად ხშირად ჩადიხართ ხოლმე?
- ძალიან მიყვარს ფეხბურთი და თავისუფალი დრო დიდი დეფიციტია. პირველივე შესაძლებლობისას ჩავდივარ იქ და დროს ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებთ. ისე, ერთი კვირით თუ ბათუმში დამპატიჟებდით, სიამოვნებით მივიღებდი მოწვევას (იცინის).

- სად უფრო გეხერხებათ გართობა და დროსტარება - ესპანეთში თუ საქართველოში?
- გართობა და დროსტარება იქაც იციან და აქაც. თბილისში მეუღლესთან ერთად ვსეირნობ ქალაქში. ძველი თბილისი ძალიან მომწონს. ესპანეთში თავისუფალ დროს კი ცხენებთან ვარ და საერთოდ გამორთული ვარ სამყაროს.

- ლუდი და ერთი ღერი სიგარეტი დამღლელი ვარჯიშის თუ თამაშის შემდეგ - ეს ჩისკოს სტილია თუ საკუთარ თავს მკაცრ შეზღუდვებს უწესებთ?
- სიგარეტი საერთოდ არ გამისინჯავს. როცა არდადეგებია, მეგობრებთან ერთად მცირე დოზით ლუდი და სასმელი შეიძლება. სეზონის, ანუ სამუშაოს დროს, პრაქტიკულად, არ ვეკარები სასმელს. პროფესიონალი ვარ და ვთვლი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, გართობასაც და საქმესაც. ერთმანეთში მათი არევა არ გამოდის.

- რა არის ფეხბურთელი ჩისკოს მთავარი უპირატესობა?
- რთული სათქმელია. ერთს ვიტყვი - როცა გოლი გამაქვს, ამ განცდის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია, რაღაცას ვგრძნობ გულის არეში...

რა თქმა უნდა, მე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ქართველი ვეტერანები დაითხოვეს რომ ახალი თაობა დაფრდიანდეს (ეს პოზიცია ალბათ შეიდზლება გაიგოს ადამინმა)- ეს ხომ ყველა ფეხბურტელს უნდა ეხებოდეს.
0
ჩისკო მე მგონი იმსახურებს საქრთველოს ნაკრებში თამაშს, კაცი რომელიც ესპანეთიდან ვალენსიიდან საქართველოში წამოვა და აქ იცხოვრებს მართლა დასაფასებელია. ის ეტოო არ არის რომელიც მახაჩკალაში ფულის გულისთვის ცხოვრობს. კიდევ დავამატებ ლევანტეში თამაშობდა ამ ბოლო დროს და ვალენსია რა შუაშიაო ..... ლებანტე ვალენსიის გუნდია პატივცემულებო :) მე პირადად ისე მინდა საქართველოს ნაკრების წარმატება რომ ჩისკოს ნაკრებში გამოძახებას მივესალმები
http://www.youtube.com/watch?v=PDb9zUSIbBE
მანამდე ესეც ნახეთ
nikolos
00:04 10-09-2012
0

სიახლეები პოპულარული