მერე ისიც მითხრეს, რომ სიზუსტეც აუცილებელა, კულუარულ ინფორმაციებს თუ მიიტან გაზეთში, რომელსაც რომელიმე ოფიციალური პირი არ ადასტურებს, ნდობას დაკარგავ და შენ სტატიებს არავინ წაიკითხავსო.
- იცი რას გეტყვით, ამერიკა პანამაში შევიდა და დაბომბა...
- მერე რა, ეს ოპერაცია ძალიან მალე დასრულდა, ამერიკამ უცბად დატოვა პანამა.
- ამერიკამ იაპონიაში ატომური იარაღი გამოიყენა...
- აქ ჟურნალისტიკის სკოლაა და არა პოლიტკლუბი. და საერთოდ, ქართველებმა ალბათ არ იცით, რომ პოლიტიკაზე საუბარი ამერიკულ ოჯახებში და სხვაგან
- ამერიკა მხარს უჭერს ისეთ რეჟიმებს, რომ...
- ჩემო ძვირფასო მეით (მატე), შენ ბნელი ხარ, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იქით თუ რამე არის, ვერ წარმოგიდგენია, - დისკუსიაში ქართველი თანაკურსელიც ჩაერთო.
- ამერიკას ერიხ მარია რემარკიც კი აშარჟებდა, ისიც ბნელი იყო?
- მაგ შენი ვითომდა ინტელექტით ვერაფერს დაგვიმტკიცებ. მე ყველაფერი ვიცი და არაფრის სწავლა არ მჭირდება, სწორედ ეს არის ტვინჩაცემენტებული ქართული მენტალიტეტი, ძვირფასო მეით.
იყო დრო, როცა ათას სისულელეზე ვკამათობდი, ოღონდაც მეგონა, რომ კამათის დროს ფაქტები და არგუმენტები იყო მთავარი და არა ის, ვინ უფრო აგრესიული იქნებოდა.
კამათის დროს შეურაცხყოფის მიყენება თუ ჩხუბით დასრულდებოდა, არც ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა.
ქართველები საერთაშორისო ერი ჯერაც ვერ გავხდით - კამათში აგრესიულად დამარცხებულ თუ გამარჯვებულ მხარეს ასე ამშვიდებდა ერთი ჭკვიანი კაცი. სტუდენტობა კი მაინც ტკბილი და გემრიელი იყო.
ახლა კი ქვეყანა აფორიაქდა, სტუდენტები, რომლებზეც ზოგი ამბობდა, მხოლოდ სექსი და გრანტი აინტერესებთო, ქუჩაში გამოვიდნენ. ბევრი მითი დაიმსხვრა. მე კი ისევ საკუთარ ცნობიმოსყვარებას დავყევი და ვცადე გამეგო, ამ დროისთვის ვინ აფინანსებს გორის "დილას".
კულუარული წყაროები ერთს მიმტკიცებენ - "დილას" დაფინანსება "საქართველოს ბანკს" დაავალეს და ამ ბანკმაც უკვე გადაურიცხა კლუბს სოლიდური თანხაო.
ცნობა მართლაც საინტერესოა, მანამდეც მომხდარა, რომ ღონიერ ბანკებს ქართულ საფეხბურთო კლუბებთან საქმიანი ურთიერთობა დაუჭერიათ და თუ "დილასაც" მართლა გამოუჩნდა ასეთი პარტნიორი, ეს ზოგადად კარგია ქართული ფეხბურთისთვის.
ვინაიდან ამ გორის "დილაზე" შეფობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა (თუ ისევ აქვს) აღებული, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მხოლოდ "საქართველოს ბანკში" ვცადე ამ ინფორმაციის დაზუსტება-გადამოწმება. დავრეკე ამ ორგანიზაციაში და არ მითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მობილურის ნომერი.
ბანკის პატივცემულ მოხელეს არ მოვეშვი, მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა. რამდენიმე დღის მერეც დავრეკე და ისევ ვერ, ან არ დამაკავშირეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან.
ცნობისმოყვარეობა დანებების უფლებას არ მაძლევდა. საბოლოოდ მაინც მივაღწიე რაღაც შედეგს - დაახლოებით "გაფუჭებული ტელეფონის" მექანიზმით მითხრეს, რომ საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" ამ ბანკის საკუთრება არ არის.
ვის დავუჯერო? "გაფუჭებული ტელეფონით" მოპოვებულ ინფორმაციას თუ კულუარებს, რომლებსაც ჩემთვის ტყუილი ჯერ არ უთქვამთ. იქნებ ჯობდა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორებისთვის დამეჯერა და საერთოდ არ დამეწერა ამ საკითხზე?
რა გაეწყობა, ყველა კითხვაზე ზუსტი პასუხი ალბათ არ არსებობს, მათ შორის იმაზეც, აძლევს თუ არა ფულს "საქართველოს ბანკი" გორის "დილას" და თუ აძლევს, რის საფუძველზე?
"დილას" ახალი მწვრთნელი ჰყავს და სადებიუტო შეხვედრაშიც წარმატებას მიაღწია. მანამდე "დილა" ხელმოცარული იყო საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში, ალბათ იმიტომ, რომ ევროპის ლიგაზე ჯგუფში შესვლისთვის შმაგად იბრძოდა. იქიდან აქ უცბად გადმორთვა კი ძალიან ძნელია.
"დილა" მეტეორივით შემოიჭრა მოწინავე ქართული კლუბების მარაქაში და იმედია, რომ საამისო სახსრები კვლავაც ექნება. "გაფუჭებულ ტელეფონს" კი როგორმე სხვაგანაც ვითამაშებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"