ვინ არის გორის "დილას" პოტენციური ახალწვეული ნათან ჟუნიორი?

AutoSharing Option
28 სექტემბერს ვწერდით, რომ გორის "დილაში", შესაძლოა, 2011 წლის ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნათან სოარეს დე კარვალიო ჟუნიორი ჩაირიცხოს (იხილეთ ვრცლად).

ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს საკმაოდ საინტერესო ისტორია გააჩნია, მაგრამ აღნიშნულ სტატიაში ბევრი რამ ვერ დავწერეთ.

ვფიქრობთ, რომ ჟუნიორის დამატების შემთხვევაში, ირაკლი მოდებაძესთან ერთად, "დილას" მათე ვაწაძის საკმაოდ კარგი შემცვლელი გამოუჩნდა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) "დაუგავას" ქართველი თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რიგის "სკონტოს" ფორვარდი ძლიერი მეგოლეა.

"გული დამწყდა, შარშან ჟუნიორმა ბოლო ტურში პენალტი რომ გაიტანა და ბომბარდირობისთვის
ბრძოლაში მხოლოდ ერთი გოლით გამისწრო - მის ანგარიშზე 22 გოლი იყო, მე კი 21 გავიტანე. არადა, სამი ტურით ადრე ვუსწრებდი.

დებულებით, გოლები თანაბრად რომ გაგვეტანა, ბომბარდირი მე გავხდებოდი, რადგან ნაკლები პენალტი დავარტყი.

ჟურნალისტების გამოკითხვით, გაზეთმა "სპორტცენტრმა" ჟუნიორთან ერთად, წლის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელა. სხვათა შორის, შარშან მისი წაყვანა რომელიღაც გერმანულ კლუბს სურდა, მაგრამ ავსტრიაში გადავიდა, რაც არ გამკვირვებია - ასეთ თავდამსხმელებს ლატვიაში არავინ გააჩერებს.

მოკლედ რომ ვთქვა, უდავოდ ძლიერი მოთამაშეა",
- თქვა ღონღაძემ ადრინდელ ინტერვიუში.

"დილას" პოტენციური ახალწვეული მანამდე, 2010 წელს ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა. ის რამდენჯერმე არის დასახელებული ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) თვის საუკეთესო მოთამაშედ.

გერმანული ინტერენეტ-სააგენტო "ტრანსფერმარკტ" მის ტრანსფერის მიახლოებით ღირებულად 450 ათას ევროს ასახელებს. ცნობილია, რომ რიგის "სკონტოს" 24 წლის ბრაზილიელი ბომბარდირი ავსტრიულ "კაპფენბერგში" წლეულს იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ლატვიელებმა კი კომპენსაციის სახით 40 ათასი ევრო მიიღეს.

მაგრამ ჟუნიორი "კაპფენბერგს" აღარ ეკუთვნის და ავსტრიული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამ მცირე ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოიგო ავსტრიელთა გული და კონტრაქტი რატომ არ გაუხანგრძლივეს, ჩვენთვის უცნობია. მაგრამ "კაპფენბერგში" ის მხოლოდ 5 თვე გაჩერდა.

შესაძლოა, ახსნად ის გამოდგეს, რომ 2012 წლის იანვარში ჩარიცხულმა 13 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს თავდაპირველად რიგის "სკონტოში"... ფლანგის მცველად ათამაშებდნენ. ასევე იყო ლატვიელთა დუბლშემადგენლობაში და ასე გრძელდებოდა რიგის "სკონტოში" ინგლისელი პოლ ეშვორტის მწვრთნელობის პერიოდში, სანამ გუნდი არ დატოვეს ფორვარდებმა - ლადო დვალიშვილმა და ივან ლუკიანოვმა.

მაშინ ქართველი თავდამსხმელი "სკონტოს" ლიდერი იყო და ახალგაზრდა ბრაზილიელი მის ჩრდილში იყო მოქცეული.

ვინ იცის, როგორ ლოცავს ჟუნიორი დვალიშვილს, რომელიც 2009 წლის ზაფხულში ჰაიფას "მაკაბიში" გადავიდა, თავდასხმაში ადგილი გაუთავისუფლა და ნიჭის გამოვლენის შანსი მისცა.

ბრაზილიელმა პირველი შეხვედრაში "იურმალასთან" დუბლი შეასრულა და ლატვიელები ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ, აქამდე სად ვიყავითო? სულ ჟუნიორმა რიგელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 72 მატჩში 45 გოლი მიითვალა.

თუმცა, ბრაზილიელი თავიდანვე წინა ხაზში თამაშობდა ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში, "ბოტაფოგოს", "ფლამენგოსა" და ფამაგუსტას "ანორთოსისის" ახალგაზრდულ გუნდებში. სხვათა შორის, ამ უკანასკნელში 2005-2007 წლებში ქართველი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.

სოსო ჭედია
, რომელიც ქეცბაიას ასისტენტად მუშაობდა, ჟუნიორს ვერ იხსენებს, რადგან "ანორთოსისში" 2007 წლის აგვისტოში მივიდა, როდესაც ტანმაღალი ბრაზილიელი (185 სმ) უკვე ლატვიურ კლუბში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი საქართველოში 16 სექტემბერს ჩამოფრინდა, მაგრამ გუნდთან ჯერ არ უვარჯიშია და ტრანსფერი მისი აგენტის ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული