ეს სახელი ამ სტადიონს რევაზ ჩელებაძის საპატივცემულოდ შეურჩიეს, ჩელებაძეს ხომ გულშემატკივრები "ჩელეს" ეძახდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ "შუქურას" მთავარ მწვრთნელს ასლან ბალაძეს ვესაუბრეთ, თბილისის და ბათუმის "დინამოს" ყოფილ მეკარეს, რომელსაც მწვრთნელად საქართველოს სხვადასხვა ნაკრებშიც უმუშავია...
- მანამდე ბათუმში, "ადელის" სტადიონზე ვთამაშობდით და სასიხარულოა, რომ ამიერიდან "შუქურა" მშობლიურ ქალაქში ითამაშებს. განახლებულ "ჩელე არენაზე" პირველი საშინაო მატჩი კი ბათუმის "დინამომ" ითამაშა
- ოზურგეთის "მერცხალს" იოლად მოუგეთ...
- "მერცხალი" ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ამ გუნდთან თასზეც ვითამაშეთ და საკონტროლო შეხვედრაც ჩავატარეთ. "მერცხალი" კარგად გვყავდა შესწავლილი, სწრაფად გავუტანეთ ორი გოლი და გუნდიც გატყდა. მეორე ტაიმში კი ისეთი მობილიზაციით ვითამაშეთ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.
- სად ვარჯიშობს თქვენი გუნდი?
- სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი არ ჩაგვიგდია, ბობოყვათში ვვარჯიშობდით, სადაც ბაზის აშენებაც იგეგმება. ახლა კი უკვე "ჩელე არენაზე" ვვარჯიშობთ, რომელზეც ხელოვნურსაფარიანი მოედანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაგვიგო.
სტადიონის მთლიანი რეკონსტრუქციაც თითქმის დასრულებულია, გასახდელები და პრესლოჟა დარჩა მოსაწესრიგებელი.
- "შუქურას" დაფინანსების წყარო რა არის?
- კლუბს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს, "შუქურას" პრეზიდენტი კი რევაზ ჩელებაძე გახლავთ. მიდის მუშაობა კერძო ინვესტიციების მოზიდვაზეც. ამ თემას კლუბის პრეზიდენტი უძღვება.
- ზოგადად, რა ვითარებაა ქობულეთში ფეხბურთის განვითარების მხრივ?
- ფაქტობრივად, რვა წელიწადი ქობულეთში ფეხბურთი არ ყოფილა. "შუქურა" ივნისში ჩავიბარე. წარმოშობით ქობულეთიდან ვარ, ჩელებაძეც აქაურია და ერთობლივად ვცდილობთ საქმის გაკეთებას.
გრძელვადიანი გეგმა გვაქვს. "შუქურა" ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, ასე იქნება ამ სეზონში, მერე კი ვნახოთ. "შუქურა" რეგიონში ტრადიციული გუნდია და უნდა ავაღორძინოთ.
ქობულეთში ფეხბურთი უყვართ და მჯერა, რომ ჩვენს მატჩებზე ბევრი მაყურებელი მოვა.
რაც შეეხება ბავშვთა ფეხბურთს, ქობულეთში ორი სკოლა ფუნქციონირებს - "შუქურა" და განათლების სამინისტროს სკოლა. ბავშვებისთვის მოედნები არის. ქობულეთთან ახლოს, დაბა ოჩხამურშიც არის მოედანი.
- "შუქურას" კონტინგენტზე რას იტყოდით, როგორ აწარმოებთ სელექციას?
- ლაშა ჩაფიძეს და ირაკლი ხუჭუას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშიათ, დავით გაბელია სულაქველიძის აკადემიიდან ავიყვანეთ, "შუქურაში" ყაზანის "რუბინიდან" მოვიდა ავთანდილ ბრაჭული, ვისაც ტრავმა ჰქონდა და მალე შემოგვიერთდება. გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები კი ადგილობრივები არიან.
- მეკარეებზეც გკითხავთ. თუ ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, ქართულ სამეკარეო სკოლას პრობლემები აქვსო, ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. რამ გამოიწვია ეს?
- ეს სწორი მუშაობის შედეგია. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი მეკარეები. პრობლემა კი იმით იყო გამოწვეული, რომ მათი წინსვლის პირობები არ არსებობდა. ქართული კლუბები მოღონიერდნენ, შეიქმნა კონკურენციისთვის აუცილებელი უკეთესი გარემო. რვა წელიწადი ვმუშაობდი ფეხბურთის ფედერაციაში და სიტუაციას კარგად ვიცნობ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნიჭიერი მეკარეების პლეადაც წამოვიდა: ლორია, რევიშვილი, კვასხვაძე, მაკარიძე... მიმუშავია ლორიასთან და კვასხვაძესთან. ძალიან მიხარია, მათ და სხვა ქართველ მეკარეებს მნიშვნელოვანი წინსვლა რომ აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"