ეროვნული სტადიონი იყიდება?

AutoSharing Option
გემახსოვრებათ, 2009 წელს მოლდოვას ნაკრებთან წაგებით აღშფოთებული მაყურებელი ტრიბუნებს რომ დაერია. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. შემდეგ იყო ესტონეთთან შეხვედრა და სტადიონის დირექციამ დათვალა, რომ სულ 5 000 სკამი იყო დამტვრეული, ანუ იმდენი, რამდენიც ზესტაფონის სტადიონს სჭირდება...

"დაახლოებით 5 ათასამდე ახალი სკამი დავამონტაჟეთ, კიდევ 8 ათასი ჩვენ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით მყარად დავამაგრეთ, რომელიც დატვირთვებს კარგად უძლებს. რიგების ნუმერაციაც გავაუმჯობესეთ და მაყურებელი ადგილს ადვილად მიაგნებს. სხვათა შორის, ისრაელის ნაკრებთან მატჩის შემდეგ სკამების მასობრივი დაზიანება თავიდან ავიცილეთ - მაქსიმუმ
30 სკამი დაზიანდა. რაც საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ბოლო წლებში პირველად მოხდა", - ამბობს სტადიონის გენერალური დირექტორი სანდრო შახოვი.

საქართველო-მალტის მატჩამდე გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის საფარი. ამის გასაგებად მინდორი საგანგებოდ მოვინახულეთ - ბალახი გაიშვიათებულია და საკმაოდ სუსტად აქვს ფეხი მოკიდებული, მაგრამ ასე იყო თავიდანვე და ახლა მისი გაუმჯობესება თუ მოხერხდება, თორემ იდეალური მაინც ვერ გახდება. 10 დღეა სტადიონის ხელმძღვანელობა მინდორს დღე და ღამე უვლის, თუმცა ყველა აღიარებს, რომ საფარს შეცვლა სჭირდება.

"საფარი ხუთი წლისაა და ბუნებრივია, შელახულია. მისი ხარისხის გაუმჯობესება ჩვენზე მეტად არავის უნდა. კარგია, ყოველ წელს იცვლებოდეს, მაგრამ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც იოლად არ იშოვება. საკითხი განიხილება და სავარაუდოდ, საფარი შეიცვლება. თუმცა მასზე თამაში ჯერ კიდევ შეიძლება", - გვითხრა სტადიონის დირექტორმა.

ამას გარდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, მალე ეროვნული სტადიონი ახალი მეპატრონის ხელში გადავიდეს. შახოვი ამის თაობაზე არაფერს უწყის. ამჟამად, სტადიონი თბილისის მერიის ბალანსზეა. მერია დაინტერესებულია, ქვეყნის მთავარი სტადიონი კერძო მეპატრონეს გადააბაროს - ამით სახელმწიფოს ხარჯი შეუმცირდება. კულუარებში დაინტერესებულ კომპანიად "ჭიათურმანგანუმს" ასახელებენ, თუმცა საკითხი ჯერ გაურკვეველია და არავინ იცის, როდის გადაწყდება - საქართველოში სპორტული ობიექტების გასხვისება საკმაოდ რთული პროცესია, რასაც "ლოკომოტივის" სტადიონის ბოლო სამი წლის ისტორიაც ადასტურებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული