თემურ ჩხაიძე: ფეხბურთის განვითარების თურქული მოდელი მშვენიერი მაგალითია

AutoSharing Option
ლანჩხუთელებმა თემურ ჩხაიძეს ნდობა გამოუცხადეს და "ქართულ ოცნების" კანდიდატი მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

ლანჩხუთის "გურიას" საუკუნის მოთამაშედ აღიარებული ჩხაიძე და ლანჩხუთის "გურია" 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის უპირველესი მხარდამჭერები იყვნენ.

სწორედ მათმა პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა, ეროვნულ ჩემპიონატში საუკეთესო ქართული გუნდები მაშინვე რომ ჩაერთვნენ და არა ერთი, ან ორი წლის შემდეგ. არადა, ასეთი მოწოდებები ისმოდა და მხარდამჭერებიც ჰყავდა.

ისევ და ისევ ლანჩხუთში "გურიას" ვეტერანი ფეხბურთელები იყვნენ სპორტსმენებში პირველები, შარშან ნოემბერში ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას რომ შეურთდნენ.

მერე
გურულები "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ და ლანჩხუთის "გურიას" და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი, 1972-74 წლებში საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების ექს-კაპიტანი და უბრალოდ, ერთი კარგი გურული კაცი ლანჩხუთში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს.

თემურ ჩხაიძე "ლელოს" სტუმარია და გველაპარაკება, როგორ წარმოუდგენია სპორტისა და კერძოდ, ფეხბურთის განვითარება.

- უპირველესად, არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ.
- დიდი მადლობა თქვენ, მადლობა ლანჩხუთელებს, რომლებმაც ამხელა ნდობა გამომიცხადეს. ყველამ იცის, რომ პოლიტიკით არასოდეს დავინტერესებულვარ, რომ არა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. არ შემეძლო გულგრილი ვყოფილიყავი. მხოლოდ ამის გამო გადავწყვიტე ბიძინა ივანიშვილის თანადგომა.

კარგად ვგრძნობ, რამხელა ჯვარი უნდა ვატარო და ლანჩხუთელთა რამხელა ნდობა უნდა გავამართლო. საამისოდ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთო.

- "ქართულმა ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატებიდან პარლამენტში ბევრი ცნობილი სპორტული სახე მოხვდა: თქვენ, კახა კალაძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ზვიად ზვიადაური. ცხადია, სპორტულ სამყარო დაიმედდა, რომ ამ სფეროში დაგროვილ პრობლემებს ახლა მაინც მოევლება.
- არა მხოლოდ სპორტს, ყველა სფეროს უნდა მოევლოს. შინაარსობრივი მიხედვა პროფესიონალების ნდობა და კანონმდებლობის ქვეყნის სამსახურში ჩაყენება იქნება.

თავადაც იცით, რაც ხდებოდა ნებისმიერ სფეროში. მგონია, რომ ახლა პროფესიონალი ადამიანების დრო დადგა.

"ქართულ ოცნებაში" ანგარიშსწორებაზე არავინ ფიქრობს და პროფესიონალებსაც არავინ ერჩის. არ მსურს იმის გახსენება, მე რა შემემთხვა. ცუდი არაფერი გაგვიკეთებია "გურიას" ვეტერანებს, რომლებმა ხელი მოვაწერეთ, რომ მოქალაქეობა აღედგინათ იმ ადამიანისთვის, რომელმაც სპორტისა და მთლიანად ქვეყნისთვის უამრავი კარგი საქმე გააკეთა.

"გურია" და მისი მოთამაშეები ყოველთვის ქვეყნის სამსახურში ვიყავით. გაიხსენეთ, 1990 წელს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა.

პირველი სწორედ ლანჩხუთელებმა ამოვიღეთ ხმა და მხარი ღიად დავუჭირეთ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობას. სასაცილოა, ამ ხალხს რუსების მხარდამჭერებად რომ გვაცხადებდნენ.

- სპორტული სამყარო იმედოვნებს, რომ ახლა ფედერაციებში პოლიტიკა ნაკლებად შეიჭრება და "ქართული ოცნება" ფსონს პროფესიონალებზე დადებს და არა უბრალოდ, საკუთარ მხარდამჭერებზე.
- ამის პასუხად ბიძინა ივანიშვილის საქციელს მოვიყვან: როდესაც ის პოლიტიკაში გამოჩნდა, ბევრმა, ვისაც აფინანსებდა, ხელისუფლების მხარე დაიჭირა.

მაგრამ მათთვის დაფინანსება არ შეუწყვეტია, რომ არ ეთქვათ, ამას ვიღაცის სიმპათიის მოსაპოვებლად აკეთებდაო. თქვენი აზრით, ასეთი ადამიანი და მის გარშემო შეკრებილები პროფესიონალებს არ დააფასებენ?

- ლანჩხუთის "გურიამ" კრიზისს თავი ვერა და ვერ დააღწია. თქვენი გუნდის აღორძინებას როგორ აპირებთ?
- სხვათა შორის, წინასაარჩევნო მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა თავად ბრძანა, რომ ასეთი დიდი ტრადიციისა და ისტორიის მქონე კლუბის აღორძინებით არის დაინტერესებული. ეს ყველა ლანჩხუთელის ოცნებაა.

გუნდს გაძლიერება ყველა მიმართულებით ესაჭიროება და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ. არა მხოლოდ "გურიას" მიმართ, მთლიანად ქვეყანაში სპორტისადმი შეიცვლება მიდგომა.

- ცხადია, ცვლილებას ფეხბურთის ფედერაციაშიც ელიან, მაგრამ რა მოხდება, არავინ უწყის.
- წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ამ თემაზე არ გვილაპარაკია და ნაჩქარები განცხადებებისგან მეც თავს შევიკავებ. აქ ძალიან აწონ-დაწონილი და სწორი გადაწყვეტილება არის მისაღები.

- ხელისუფლებას ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევისა და რიგგარეშე ყრილობის ჩატარების უფლება არ გააჩნია. არადა, უკვე ლაპარაკობენ ხელმძღვანელობის შეცვლაზე.
- ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ჩვენ თავად არ უნდა გავიმეოროთ ის, რაც წინა ხელისუფლებაში არ მოგვწონდა - ისინი კი ყველა ორგანიზაციის საქმიანობაში ერეოდნენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავად გადაწყვეტს, ვინ უნდა მართოს. თუ ფედერაციის დღევანდელი მმართველი საქმეს კარგად უძღვება, ხელს არავინ კრავს.

- სპორტის დასახმარებლად, პირადად თქვენ რა სახის საკანონმდებლო ინიციატივას მიემხრობით?
- მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ფეხბურთს უნდა დაეხმაროს. მაგრამ საქმეს უფრო გლობალურად მივუდგეთ: ველოსიპედის გამოგონების არც დრო არის და არც სურვილია.

არსებობს პრეცედენტი, როგორ მოახერხა სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარება ჩვენს მეზობელ თურქეთში, სადაც თბილისის "დინამო" და სხვა ჩვენი კლუბები გასასეირნებლად ჩადიოდნენ და 10:0-ებს იგებდნენ.

აი, ამ დონიდან ქვეყანამ მოახერხა და მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გახდა, მისი კლუბები კი სისტემატურად ხვდებიან ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფებში.

თურქეთის მაგალითი და მათი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ვიფიქროთ, რა და როგორ წაგვადგება. იგივეს ვიტყვი კერძო კლუბებსა და მთლიანად, საფეხბურთო მეურნეობაზეც.

დამთავრდება საარჩევნო პროცესი, დავლაგდებით და მერწმუნეთ, სერიოზული ცვლილებები დაიწყება.

ჩვენ მხოლოდ ის კი არ გვინდა, რომ საქმე წინა ხელისუფლებაზე უკეთ ვაკეთოთ, არამედ, კარგად უნდა ვაკეთოთ.

კრიტერიუმი არის მსოფლიო სტანდარტი და მხოლოდ უკეთესით დაკმაყოფილება საკმარისი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო თემურ გილოცავთ ხალხის ამ დიდ ნდობას! თქვენ ამას იმსახურებთ თქვენი წესიერი ადამიანობით, თქვენი სიკეთით, თქვენი უბრალოებით, თქვენი კაი კაცობით! თქვენ უყვარხართ ყველა თქვენ აღზრდილ ფეხბურთელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კი თქვენს ირგვლივ ტრიალებს.
messi
07 ოქტომბერი 2012 23:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული