სფფ-ში უნდა დაფიქრდნენ: სჭირდება თუ არა თამაშს ხუთი მსაჯის მომსახურება

AutoSharing Option
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ახლახან დასრულდა შვიდი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციათა პრეზიდენტებისა და გენმდივნების შეხვედრა უეფას აღმასრულებელი პროგრამის ფარგლებში.

10 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს შევხვდით და ამ ღონისძიებაზე დავეკითხეთ.

- უეფას აღმასრულებელი კომიტეტის პროგრამით გამართულ რეგიონალურ შეხვედრას პირველად დაესწრო უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.

2020 წელს ევროპის საიუბილეო ჩემპიონატი გაიმართება, ამ ტურნირს 60 წელი შეუსრულდება. არის იდეა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართოს.

ამის თაობაზე ჯერ კონსესუსი უნდა შედგეს, მერე კი უეფას აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას.

თუ იდეა განხორციელდება, უეფას წევრ ყველა ქვეყანას გაუჩნდება იმის შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთი ან ორი შეხვედრა მასთან გაიმართოს. რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა ჩვენც გვექნება.

- 2014 წლიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის ტელეტრანსლაციების უფლებები ცენტრალიზებული გახდება, ანუ ეს უეფას პრეროგატივა იქნება.

ეს პროექტი ჩვენთვის ხელსაყრელია, ტელეტრანსლაციებიდან მინიმუმ ორჯერ მეტ თანხას მივიღებთ, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოხვდება, ცხადია, იქიდან დამატებითი შემოსავალიც გაჩნდება.

ეს ყველაფერი არ ეხება უეფას პროექტ "ჰეთ თრიკს", რომლის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის შემოსავლებიდან ოთხ წელიწადზე ნაწილდება 1 600 000 ევრო ეროვნული ასოციაციისათვის.

ამ საკითხების გარდა, ერევანში საუბარი იყო კლუბების ლიცენზირების საკითხებზე და ფეარ პლეის პრინციპების დაცვაზე. დაისვა კითხვა, თუ რამდენად კმაყოფილები ვართ ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ფორმატითა და კალენდრით.

მსჯელობა იყო ხუთი მსაჯის მომსახურებაზე შიდა ჩემპიონატის მატჩებზე. მომავალი სეზონიდან ეს უკვე იტალიაში დაინერგება. ეროვნულმა ასიციაციებმა ამ საკითხს უნდა გადახედონ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რამდენად აუცილებელია ეს ჩვენთვისაც.

ფაქტია, რომ ხუთი მსაჯის შემოღებით შეცდომის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ამის დანერგვას სჭირდება კიდევ უფრო მეტი კვალიფიციური მსაჯი.

რა მოხდა ერევანში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული