- დავით, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს რა რანგში ემსახურებოდით?
- ფიფამ სამხრეთ აფრიკაში მატჩების გენერალური დირექტორის რანგში
- ფიფასა და უეფაში რა როლი გაქვთ?
- სხვადასხვა ფუნქცია მავალია - დირექტორის, დელეგატის და ასე შემდეგ. ამჟამად, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონიტორინგი დამავალეს. ამას გარდა, უეფას ახალი პროგრამაშიც ჩამრთეს, რომელსაც საგანმანათლებლო როლი აკისრია - ჩვენი მოვალეობაა, ფედერაციებს მატჩების ორგანიზებაში დავეხმაროთ.
- ამ პროგრამაში საქართველოცაა ჩართული?
- თუ ჩვენთანაც ჩაატარებენ მსგავს ღონისძიებას, კარგი იქნება. სხვადასხვა თემებია...
- მაგალითად...
- მაგალითად, როგორ მოვაგვაროთ ჩვენთან არსებული პრობლემები. იმიტომ კი არა, რომ ცუდად ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ რაღაცები ვითარდება, წინ მიდის და ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, უბრალოდ, გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. ევროპული პრაქტიკის კოპირება წარმოუდგენელია, რადგან შენი პირობები უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ზოგადი გამოცდილების გაზიარება სასურველი და საჭიროა. მერე მატჩების ჩატარების პრობლემა არ გვექნება. მით უფრო, რომ ბევრჯერ დავაფიქსირეთ სურვილი, რომ საქართველოში ევროპის ლიგის ფინალის, ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობა გვსურს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.
- თქვენი აზრით, საქართველოში მსგავსი მატჩის ან ტურნირის გამართვა რეალურია?
- რეალურიცაა და შესაძლებელიც, თუ სტრუქტურულ და ორგანიზაციულ მხარეს გავაუმჯობესებთ.
- საქართველოში კვლავ აქტუალურია მოედნების პრობლემა და რადგან ევროპის ჩემპიონატის სტადიონების მონიტორინგს ახორციელებთ და საინტერესოა, უკრაინა-პოლონეთში საფარს უეფას რეკომენდაციით აგებენ?
- პოზნანსა და დონეცკში უკვე დააგეს. სხვათა შორის, უეფამ ყველა ფედერაციას გაუგზავნა სპეციალური DVD-დისკები, რომელზეც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა ხარისხის მოედნებს ითხოვს ეს ორგანიზაცია და როგორ უნდა მოუარონ მოედნებს. რეკომენდაციები არა მხოლოდ ბუნებრივ, არამედ ხელოვნურსაფარიან მოედნებსაც ეხება. ახლა ჩვენთან და მთელს მსოფლიოში პოპულარულია ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მაგრამ მას ნატურალურ საფარზე არანაკლები მოვლა რომ სჭირდება, ეს ბევრს ავიწყდება. ქვეყნები ითხოვენ, რომ უეფა ამ საკითხებში დაეხმაროს, ისიც სიამოვნებით თანხმდება და ამ ქვეყნებში ექსპერტებსაც აგზავნის.
- ექსპერტებს რომელი ქვეყნები ითხოვენ?
- ბელარუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია... რა ვიცი, მოთხოვნა ძალიან ბევრი ქვეყნიდანაა. მაგალითად, ბოლო დრო ბელარუსში ძალიან ბევრი ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააგეს. მოვლა იციან, მაგრამ ნებისმიერ სფეროში არსებობს "ნოუ-ჰაუ" და ეს ყველას აინტერესებს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა უეფას თასის ერთ-ერთი მატჩი შეჩერდა მე-11 წუთზე, რადგან მოედანზე წყალი დადგა და თამაში შეუძლებელი გახდა. ყველამ იცის, რომ სტადიონს დრენაჟი უნდა ჰქონდეს, მაგრამ მას გაწმენდაც ხომ უნდა? ამ ნიუანსების გათვალისწინებას ყველა ვერ ახერხებს. არის უსაფრთხოების საკითხები, როგორ მუშაობენ სტიუარდები, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები. ისე როგორ უნდა იმოქმედონ, რომ უეფას სხვა მოთხოვნები არ დაარღვიონ? მაგალითად, თამაშის წესები ყველა იცის, გუნდები 11/11-ზე თამაშობენ. ასეთივე რეგლამენტი ყველა მიმართულებით არსებობს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა - ვთქვათ, ტრიბუნაზე არ შეიძლება ბოთლის და ბასრი საგნის შეტანა, ადამიანი უნდა გაჩხრიკო, ყველა თუ არა, ამორჩევით მაინც და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს იქიდან, თუ რა პრობლემა გაქვს - მადლობა ღმერთს, საქართველო რასისტულ გამოხტომებში შემჩნეული არ არის და ეს ჩვენს კულტურასა და განვითარებაზე მეტყველებს. თუმცა არსებობს ჩვენთვის დამახასიათებელი პრობლემებიც...
- ...გულისხმობთ მოედანზე ბოთლების, ბოქლომებისა და დანების სროლას?
- არ მსურდა დაკონკრეტება, მაგრამ თავად ბრძანეთ და დამალვას აზრი არ აქვს. რატომ ისვრიან ამ საგნებს? ესე იგი, ვიღაცას ეს საგნები შემოტანილი აქვს, რაც არ შეიძლებოდა. ამაზე რეაგირებას, პრევენციული ზომების მიღება და შესვლამდე მაყურებლის გაჩხრეკვა სჯობია. კარგია ახალი ფანკლუბი რომ დაასდა. შევხვდი მის ინიციატორებს და ძალიან მახარებს მათი ჩანაფიქრი, ორგანიზებული გულშემატკივრობის დანერგვა სურთ... ზოგან მეტად ემოციურები არიან, ზოგან ნაკლებად, მაგრამ მათი განწყობა ყველა ქვეყანაში ერთგვაროვანია - 99,9 პროცენტი სტადიონზე დადებითი ემოციით მოდის, საკუთარ გუნდსა თუ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს რომ უგულშემატკივროს. ის დარჩენილი მცირე რაოდენობაა, რომელსაც თავის უმსგავსი ქმედებით საერთო კეთილშობილურ განწყობის გაბათილება შეუძლია. სწორედ ამ ხალხის იზოლირება ან ნეიტრალიზაციაა აუცილებელი.
- ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?
- ან სტადიონზე არ უნდა შევუშვათ, ან აკრძალული საგნები სტადიონზე არ შევატანინოთ, რასაც სერიოზული მუშაობა სჭირდება. ისეთ თემებზე მეკითხებით, რაზეც საქართველოში უეფას სემინარის გამართვა არ გვაწყენდა. მაგალითად, უსაფრთხოების სისტემები ავიღოთ. ჩვენთან ჯერ არაა ინგლისის მსგავსად კომპანია, რომელიც სტადიონებზე შიგნით უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ამაში ჩართულია პოლიცია, რომელსაც საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვა ევალება. ამა თუ იმ მიმართულებით, რაც უფრო მეტს ვისწავლით, მით უფრო გავძლიერდებით და მივუახლოვდებით მიზანს, საქართველოში ევროპის ლიგის ფინალისა და ასაკობრივი ნაკრებების ფინალური ეტაპის გამართვას.
- ამჟამად უეფაში რამდენი ქართველი მუშაობთ?
- მამუკა კვარაცხელია უეფას მედიაოფიცერია, ნოდარ ახალკაცი ნაკრები გუნდების კომიტეტშია, უეფას კომიტეტშია რეზო არველაძე, მე კი დირექტორი გახლავართ... უეფაში არ მუშაობს, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს გაიოზ დარსაძეს, რომელსაც სამწვრთნელო განათლების მიმართულებით, დიდი ავტორიტეტი აქვს.
- გია ისიანსაც ხომ იწვევდნენ?
- ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს? თავისი საქმის პროფესიონალია და, ალბათ, მასაც მალე მიიწვევენ.
- მიშელ პლატინიმ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ უეფას კომიტეტებში აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს უფრო მეტად და აქტიურად ჩართავდა. ეს პირობა შესრულდა?
- პლატინის მართლაც სურს ევროპული ფეხბურთის მართვასა და ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოსავლეთ ევროპის აქტიური ჩართვა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სიტყვას შეასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"