თბილისის "დინამომ" აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა

AutoSharing Option
ვიდეო
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერი, ზაქათალის "სიმურგი" 14 ოქტომბერს დიღმის ბაზაზე ესტუმრა "დინამო თბილისს" - ამხანაგური შეხვედრა დინამოელებმა 3:2 მოიგეს (იხილეთ ვიდეო).

სანაკრებო პაუზით ორივე გუნდმა კარგად ისარგებლა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ "დინამოცა" და "სიმურგიც" მონდომებულები იყვნენ და ერთმანეთის კბილა გუნდებად ჩანდნენ.

"სიმურგი" უფრო ძალისმიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, "დინამომ" კი უკეთესი ტექნიკისა და მოძრაობის ხარჯზე შეიქმნა უპირატესობა.

დინამოელებმა პირველი გოლი პენალტით გაიტანეს - ილქინ გიტრიმოვმა ხელით ისეთ სიტუაციაში ითამაშა, როცა "სიმურგის" კარს დიდი საფრთხე არ ემუქრებოდა; 11-მეტრიანი კი ჩისკომ შეასრულა
უნაკლოდ (28 წთ).

აზერბაიჯანელებმა პირველ ტაიმში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრეს. "დინამოს" მეორე გოლი დამუშავებულ კომბინაციას ჰგავდა - კუთხურიდან ბურთი შორეული ძელისკენ წავიდა, გია კვარაცხელიამ თავით დააგდო ბურთი და ალვარომაც ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა (48 წთ).

მეორე ტაიმის დასაწყისშიც "დინამო" მკვეთრად აღემატებოდა მოწინააღმდეგეს და გიორგი სეთურიძემაც მესამედ დაამწუხრა ზაქათალური გუნდი (56 წთ).

თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად. "სიმურგი" მძლავრად ათამაშდა, აგრესიას მოუმატა.

პოლონელმა მარცინ ბურხარდტმა ოცდახუთიოდე მეტრიდან ოსტატურად შეასრულა საჯარიმო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა (68 წთ).

ექვსი წუთის შემდეგ კი დინამოელთა საჯარიმოში შეჭრილმა ნიჯატ გურბანოვმა "სიმურგის" მეორე გოლი გაიტანა.

"დინამომ" ბურთზე კონტროლი მოახერხა და ზაქათალურ გუნდს მეტის საშუალება არ მისცა. ჯაბა დვალსა და გიორგი მერებაშვილს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. შეცვლაზე შესული რობერტინიოს კარგი ფლანგური გარღვევებიც ფუჭი გამოდგა. საბოლოო ჯამში, ორივე გუნდს კარგი სპარინგი გამოუვიდა.

"დინამო": ზარქუა (სეფიაშვილი 46) - სეთურიძე, გ. კვარაცხელია, გველესიანი, რეხვიაშვილი (გლიშიჩი 46) - ძარია, ალვარო - ჯიღაური (ლექვთაძე 63), მერებაშვილი (გაბაშვილი 79) - ჩისკო (რობერტინიო 46) - ვოსკობოინიკოვი (დვალი 63).

"სიმურგის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: პეტრჟევკევიჩი, შმანევი, გიტრიმოვი, მრამალდანოვი, ერნანოვიჩი, იბრაჰიმოვი, სატარლი, პოლჟაკი, ბურჰარდტი, მირილინი, სტოიანოვიჩი. შეცვლაზე შევიდნენ: მ. მამედოვი, რ. მამედოვი, პოლადოვი, ოლივეირა, გურბანოვი, ეიუბოვი, პოპოვიჩი.

მატჩის შემდეგ "სიმურგის" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დავრჩი. ისეთ სიტუაციაში ავიკიდეთ პენალტი, რომ... არცთუ კარგ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ძნელი თამაში გამოდგა, სამი გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში შედარებით აქტიურად ავთამაშდით. ეს მოსამზადებელი შეხვედრა იყო იმ ოფიციალური მატჩისთვის, აზერბაიჯანის ჩემპიონატში რომ გველის.

- "დინამოზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ტექნიკური, სწრაფი ფეხბურთი ითამაშა. დინამოელები შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ. სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს.

- "სიმურგმა" კი უფრო ძალისმიერი თამაში შესთავაზა მეტოქეს...
- დღევანდელი მატჩი არ არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს "სიმურგი". სათამაშო სტილს იმისდა მიხედვით ვირჩევთ, თუ რა ამოცანა გვაქვს და როგორ მეტოქეს ვეთამაშებით.

სავიზო პრობლემების გამო გვაკლდა ბრაზილიელი ანდერსონი, ბოსნიელი მარიო ბოჟიჩი კი ტრავმირებულია.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველ ადგილზე ხართ, თუმცა ყველა დიდბიუჯეტიან გუნდთან ჯერ არ გითამაშიათ...
- მდიდარი გუნდებიდან შევხვდით "ბაკის" და "გაბალას". ორივესთან ფრე ვითამაშეთ, რაც ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

პირველ ადგილზე რომ ვართ, უკვე ყველა გუნდი განსაკუთრებული შემართებით გვეთამაშება. ესეც რომ არა, აზერბაიჯანში უკვე ვეღარ დაყოფ გუნდებს სუსტებად და ძლიერებად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული