გახსოვთ, როგორი გოლი გაუტანა შაშიაშვილმა იტალიის ნაკრებს, როცა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი იყო?...მე თუ მკითხავთ, ეს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი გოლია, ისეთი, რომელიც შემთხვევით არ გადის, რომელსაც განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდება...
შაშიაშვილმა, როგორც ფეხბურთელმა, საკუთარი თავი თბილისის "დინამოში" შექმნა. შემდეგ იყო "ალანია", გრაცის "შტურმი" და ბერძნული "ერგოტელისი".
შაშიაშვილი ალღოიანი, რბილი მანერით მოთამაშე მცველია, თუ საქმეს დასჭირდა, შეტევაში ჩართვაც შეუძლია.
"დილას" ახლა კარგი პერიოდი უდგას, გიორგი
შაშიაშვილთან საუბარი კი იქიდან დავიწყეთ, თუ რატომ გადაწყვიტა ისევ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება...
- "ერგოტელისი" დაშლის პირას აღმოჩნდა, ფინანსური დავალიანება დაუგროვდა და ფეხბურთელებს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭათ. ეს რომ არა, ამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევარი მაკავშირებდა. "ერგოტელისიდან" კუთვნილი თანხა დღემდე არ ამიღია და ვნახოთ, საქმე სასამართლომდე მივა თუ არა. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ წამოვედი საბერძნეთიდან და აღმოვჩნდი "დილაში".
- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი. რა შთაბეჭდილბა გრჩება ახლანდელ სიტუაციაზე?
- ექვსი წელი გავიდა, რაც საქართველოს ჩემპიონატში არ მითამაშია. ჩვენი ჩემპიონატი ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი სპეციფიკით, აქ თამაში ადვილი არ არის.
საქართველოში საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი, მყისვე ევროტურნირზე მომიწია თამაში. ალღო ნებისმიერ სიტუაციას უნდა აუღო, საქართველოს ჩემპიონატზე უცბად გადმორთვა ძნელია.
არიან გუნდები, მონახაზი რომ არ აქვთ და ინდივიდუალური თამაშით ცდილობენ ფონს გასვლას. ზოგი გუნდი 11 კაცით იცავს თავს, ერთ გოლს გაგიტანს და..."ვიტ ჯორჯიას" რომ ვეთამაშეთ, ლამის ერთხელ გადმოვიდა შეტევაში და გოლი გაგვიტანა.
"დინამოში" ივო შუშაკის მწვრთნელობის დროს რომ ვთამაშობდი, ბევრი მაღალი დონის გუნდი იყო. ახლაც არიან კარგი გუნდები: "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "დილა", "ჩიხურა", "მეტალურგი"...ჩემპიონატი ექვსეულებად რომ დაიყოფა, უფრო დაძაბული გახდება, თუ მეტი მაყურებელი ივლის სტადიონზე, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დაძაბავს ჩემპიონატს.
- "დილას" ალბათ უპრობლემოდ შეეწყვე...
- დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობ, ავსტრიაში და საბერძენთში ხან დაცვის ცენტრში მიწევდა თამაში, ხან - მარჯვნივ. დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე მითამაშია, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. საქართველოს ჩემპიონატი კარგად იმიტომ ვერ დავიწყეთ, რომ მთლიანად ევროპა ლიგაზე ვიყავით გადართულება.
თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში ევროსარბიელზე მოთამაშე გუნდებს ანგარიშს უწევენ და შიდა ჩემპიონატის ტურის გადატანა ხდება, ჩვენთან კი ასე არ მოხდა და ქულებიც დავკარგეთ. თუმცა ჩამორჩენა კოლოსალური არ იყო, "დინამო" თერთმეტი ქულით გვისწრებდა, ახლა კი სხვაობა ოთხი ქულაა. "დილაში" ახალი მწვრთნელის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა.
- მაინც როგორ დატყო ხელი "დილას" გიორგი დარასელიამ?
- დარასელია დიდი ხანი მუშაობდა ევროპაში, ჰაიფას "მაკაბიში" მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც ითავსებდა. "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "მეტალურგი"...გუნდი ისე შეიკრა, რომ ყველა ამ ძლიერ მოწინაღმდეგეს მოვუგეთ.
ყველაზე ძალიან ქუთაისში გაგვიჭირდა, "დინამო", "ზესტაფონი" და "მეტალურგი" კი მართლაც დავჯაბნეთ.
"ტორპედოსთან" იმანაც გაგვირთულა საქმე, რომ მატჩისწინა მოთელვაზე ირაკლი მოდებაძე დაგვიშავდა, უთავდამსხმელოდ დავრჩით, დადგენილი მონახაზიც აირია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა.
- ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ ძალიან აქტუალური გახდა საკითხი - რა ბედი ელით ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებს?...ეს ხომ ისეთი თემაა, ფეხბურთელებსაც რომ გაინტერესებთ...
- ცხადია, ამ კითხვას ფეხბურთელებიც ვსვამთ. გვითხრეს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე კლუბის დაფინანსების პრობლემა არ იქნება, მერე კი ვნახოთ, რა როგორ მოხერხდება. ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ, მინიმუმ ევროსაგზური მაინც უნდა მოვიპოვოთ.
- ბიზნესმენისთვის საფეხბურთო კლუბის შენახვა იოლი არ არის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ფეხბურთი ჯერაც არ არის ბიზნესი და ძალიან ძნელია უკუგების მიღება ამ საქმიდან. სხვა ქვეყნებშიც გითამაშია და საინტერესოა, იქ როგორ არის ეს ყველაფერი დაბალანსებული.
- ავსტრიაში საფეხბურთო კლუბის დამფინანსებელ ბიზნესმენებს აქვთ შეღავათი სახელმწიფოსგან. "შტურმს" ლუდის მწარმოებელი კომპანია "პუნტიგამერი" ასპნსორებდა და სახელმწიფო შეღავათებითაც სარგებლობდა.
ასე რომ, ფეხბურთში მოსაქმე ბიზნესმენებისთვის შეღავათები მხოლოდ აზერბაიჯანში როდი არსებობს.
- ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იყავი და ჩვენი უპირველესი გუნდის პრობლემატიკას კარგად უნდა იცნობდე. რაც ახლა ხდება ჩვენს ნაკრებში, ამ ყველაფერს როგორ შეაფასებდი?
- ძალიან ბევრია იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს ნაკრებმა სხვა სტილით უნდა ითამაშოს. წარმატებები ადრეც არ გვქონდა, თითქმის ყველა შესარჩევში ვითამაშებდით ერთ გამორჩეულ მატჩს, ამ ნაკრებმაც წინა ციკლში ხორვატიას მოუგო 1:0.
ამ ნაკრებს წინა ხაზშიც ჰყავს კარგი ფეხბურთელები. სასურველია, რომ იყოს მეტი თავისუფლება, ბურთის დაკარგვის შიში არ არსებობდეს. "დილას" დაცვაში თომაშვილის გარდა ყველა წლოვანი ფეხბურთელი ვართ...
ვფიქრობ, ჯერ კარგად უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რა გვინდა და მერე ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. მიმაჩნია, რომ ეროვნული ნაკრები ყოველთვის კონკრეტული შედეგისთვის უნდა თამაშობდეს.
როცა ბავშვი მიგყავს სტადიონზე, იმას ვერ აუხსნი, ნაკრებმა იმიტომ წააგო, რომ სამი წლის მერე უნდა ჩამოყალიბდეს ფინალურ ეტაპზე გამსვლელ გუნდად.
- საქართველოში გატარებული კარიერიდან ყველაზე სასიამვნოდ რომელი პერიოდი გახსენდება?
- როცა შუშაკის დროს "დინამოში" ჩემპიონობაც მოვიგეთ, თასიც და"თანამეგობრობის თასიც", მერე კი გია გეგუჩაძის ხელში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავედით. სხვათაშორის, მაშინდელი "დინამოს" დაცვაშიც მე, სალუქვაძე და კვირკველია ვთამაშობდით.
- თქვენ ახლა "დილაშიც" ერთად ხართ, თუმცა ევროპა ლიგის ჯგუფში გასვლა ვერ მოახერხეთ...
- ახალი შეკრული გუნდი ვართ, პლეი ოფში იღბალი დაგვაკლდა, "მარიტიმუსთან" სტუმრად რომან ახალკაცი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, შინ კი მათე ვაწაძეს ჰქონდა საგოლე შანსი, ბურთი ძელს გაარტყა...
გაგვიმართლა "ანორთოსისთან" და არ გაგვიმართლა პორტრუგალიელებთან. იღბალის გარდა ისიც იყო, რომ "მარიტიმუმ" ჩვენთან ტაქტიკურად ძალიან გამართულად ითამაშა, გვაჯობა ამ კომპონენტში.
შესაძლოა, "ორჰუსმა" და "ანორთოსისმა" სათანადოდ არ შეაფასეს "დილა", "მარიტიმუ" კი ძალიან სერიოზულად მიუდგა ჩვენთან დაპირისპირებას, პორტიგალიელთა მწვრთნელმაც თქვა, "დილას" ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავსო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"