თავისუფალი თემა: კიდევ ერთხელ "დინამოზე"

AutoSharing Option
ამ ჩვენი "დინამოსთვის" ისევ იბრძვიან. "დინამო" საქართველოს ნაკრები აღარაა, მაგრამ მაინც "დინამოა", ისევ ჩვენია, თითქოს ყველასია.

დაახლოებით ათი წლის წინ იყო, რადიო "თავისუფლებას" რომ ვუსმენდი. გულმოდგინე რადიომსმენელი არ გახლავართ, მაგრამ ისე მოხდა, რომ რადიო "თავისუფლებაზე" გადავრთე და რესპონდენტის კარგმა თხრობამ გამიტაცა.

ცხადია, აქ ჩემი ამბავი როდია საინტერესო, ყურადღება რესპონდენტის ნათქვამმა მიიქცია. რაღაცნაირად, გემრიელად იყო თქმული, ალალად და ამავე დროს, პომპეზურად. რესპონდენტი კი აკა მორჩილაძე გახლდათ, რომელმაც მოკლედ და ჯიგრიანად ჩამოაყალიბა "დინამოს" მნიშვნელობა.

მწერალმა თქვა, რომ საქართველოს ისტორიას ოთხი რამ ქმნიდა:
მართლმადიდებლობა, ბაგრატიონთა დინასტია, კახური ღვინო და თბილისის "დინამო".

მორჩილაძე ინგლისური ფეხბურთის ქომაგია და რაც მას ვიცნობ, ერთხელ მოვახერხე მისი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე წაყვანა.

ინგლისში ფეხბურთი მართლაც უყვართ, საქართველოში კი ტურის ცენტრალურ მატჩზე ათასამდე ქომაგი თუ მოიყრის თავს, როცა შეხვედრა დედაქალაქში იმართება. ეროვნული ნაკრების მატჩზე კი სტადიონი მაშინ ივსება, თუ ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი ან გერმანია გვესტუმრება.

ზოგს რომ ჰკითხო, საქართველო მაინც საფეხბურთო ქვეყანაა, რადგან ჩვენ გვყავდა ისეთი "დინამო", რომელსაც მთელ დუნიაზე იცნობდნენ.

დრომ თავისი გაიტანა, ბევრი რამ შეიცვალა. "დინამომ" თითქოს ძველი მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ რადგან საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ნაწილია, მისტიკური ძალა არ დაუკარგავს.

ტურის ცენტრალურ მატჩზე ახლა იმდენი ხალხი დადის, რამდენიც "დინამოს" დუბლების თამაშზე იმ ძველ დროს, როცა "დინამოს" მთელ დუნიაზე ანგარიშს უწევდნენ. მაშინ ხალხი მეტწილად უმცროსი მიშა მესხის სანახავად დადიოდა "დინამოს" დუბლების მატჩებზე. ცხონებული ჯემალ ჩიმაკაძე კი სხვა რამის გამოც მიდიოდა იქ, "რიჟიკას" უნდა ვიყუროო - ასე ეძახდა მოსკოვის დინამოელ კირიაკოვს.

მაშინდელ "დინამოს" ქომაგიც სხვანაირი ჰყავდა. ყმაწვილობა დასავლეთ თუ ჩრდილოეთ ტრუბუნის მეორე იარუსზე იკრიბებობა საყვირებითა და დროშებით. ისინი სტადიონზე უმცირესობას შეადგენდნენ. მათ მაშინ ფანებს არ ეძახდნენ, თუმცა გამორჩეულები კი იყვნენ "დინამოს" ფანობაში.

იყო ასეთი ჟურნალისტი: ოთარ ნოზაძე. კალამი, საქაღალდე, სათვალის ჩარჩოც კი ლურჯი ჰქონდა, "დინამოს" ფერის. მან ძალიან ბევრი ძველი ამბავი იცოდა "დინამოზე". ეს კაცი 90-იან წლებში გავიცანი, ძველი ლელოელი იყო. მისი ნარკვევები "დინამოზე" ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდა.

მაშინ ერთიორად ძნელი იყო თავის გატანა საგაზეთო ჰონორარებით. ბევრ დინამოურ ისტორიას იტევდა მისი ნაწერები. ეს კაცი "დინამოთი" ცხოვრობდა. ამბობდნენ, სახლში კიბის მოაჯირიც კი ლურჯად აქვს შეღებილიო. ნოზაძეს მხოლოდ ფოტოებითაც შეეძლო წიგნის გამოცემა "დინამოს" ისტორიაზე, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, ასეთ პროექტს არავინ დააფინანსებდა.

კარგად ილუსტრირებული წიგნი "დინამოს" ისტორიაზე - ასეთი რაღაც რომ გააკეთო, კომერციული თვალსაზრისით ვინძლო მომგებიანი არც იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობის კი იქნება. ინგლისი და სხვა საფეხბურთო ქვეყნები ალბათ იმითაც გვჯობნიან, რომ იქ ასეთი რაღაცეების ყადრი და ფასი კარგად იციან.

ბოლოდროინდელ "დინამოს" პატრონი და ლოგოც ბევრჯერ შეეცვალა. რყევებმა ძვრა ვერ უყვესო "დინამოს", ასე კი არა, უფრო პირიქით მოხდა.

"დინამოს" კარგი და სტაბილური პატრონი სჭირდება. ეს, ცოტა არ იყოს, ზოგადი განმარტება კი არის, მაგრამ კლუბის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცა მის უახლოეს ისტორიაში.

მორჩილაძის განმარტება კი ალბათ ყოფითიც არის და მწერლურიც. მასში არაფერია ბელეტრისტიკული, "დინამოს" ისტორიას მოხატვაზე უფრო გაფრთხილება სჭირდება. ეს ისეთი სიყვარულია, რომელიც თაობიდან თაობაზე, მამიდან შვილზე გადადიოდა. სწორედ ეს განაპირობებს საფეხბურთო კულტურას, ქვეყნის საფეხბურთო სიძლიერეს.

ინგლისშიც ხომ ასე უყვართ საფეხბურთო გუნდები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დავით უნიკალურ სტატიებს წერ - აშკარად დინამოს პრეს სამსახურის უფროსობა შემოგთავაზა მერაბმა :) გეყოფა ბიჭო ამ სისულელეების წერა!
dinamo
11:19 01-11-2012
0
ჟურნალისტების მხრიდან დინამოს მიმართ აი ზუსტად ასეთი დამოკიდებულების გამო, სხვა ქართული გუნდების გულშემატკივრებში დინამოს მიმართ პატივისცემა იკლებს და ზიზღი იმატებს... დღეს დინამო არის გუნდი, რომელიც მსაჯების დახმარებით იგებს თამაშებს.... მოეშვით ოცნებას, ყიფიანი მეორედ აღარ დაიბადება
janorhus
14:14 31-10-2012
0

სიახლეები პოპულარული