კვირის 1000 წვრილმანი: დიდი საქმე, რომელსაც მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება

AutoSharing Option
ორთაჭალის ციხიდან ბოლნისამდე "მარშრუტკას" საათიც არ უნდა. თუ ყურადღებით იქნებით, რამდენიმე აზერბაიჯანულ სიტყვასაც ისწავლით მგზავრებისგან.

ბოლნისამდე მგზავრობა ძვირი არ ღირს, მიკროავტობუსის მძღოლს კი ისეთი ინტუიცია აქვს, ეგრევე მიხვდება, რომ ბოლნისელი არ ხარ და იქ ფეხბურთზე მიდიხარ.

ბოლნისი საფეხბურთო კერა იყო, სადაც ორი-სამი ათასი გულშემატკივარი მიდიოდა სტადიონზე. დღეს ასე აღარ არის, მაგრამ ბოლნისს მაინც შერჩა რაღაცა ოდინდელი დიდებიდან.

ალბათ, რაღაცის გაცოცხლება უფრო ადვილია, ვიდრე რაღაცის თავიდან გაკეთება; ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთში ასე უნდა იყოს.

დღევანდელი "ვიტ ჯორჯიაც" არ არის ისეთი გუნდი, ადრე
რომ იყო, მაგრამ ფეხბურთში რაღაც ნიშას რომ დაიჭერ, ის აღარ მოგეშვება.

ჩემპიონატის წინა ტურში "ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში "დინამოს" ორი ქულა დააკარგვინა. ამ თამაშზე არ ვყოფილვარ, მაგრამ გოლები კი ვნახე. ვიტჯორჯიელმა გიორგი კორიფაძემ მეტოქე მცველს შეცდომა არ აპატია, გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე და მისი ზუსტი ჩაწოდება ლაშა გაბრიჭიძემ გოლად აქცია.

"ვიტ ჯორჯიას" არაერთხელ გაუმწარებია "დინამო", არაერთხელ გამოუყენებია "დინამოსთან" მოწინააღმდეგის ერთადერთი შეცდომაც კი. "ვიტ ჯორჯიამ" ეს იცოდა და გამოჩნდა, რომ არც დავიწყებია.

ასეა, ქართულ გუნდებსაც აქვთ რაღაც თავისი, ანუ ის ბაზისი, რაზეც შეიძლება რაღაცის დაშენება.

ხელახლა გახდა აქტუალური პროფლიგის შექმნა, ოღონდაც ჯერ მკაფიოდ არ ჩანს, ჩემპიონატის კომერციალიზაციას კლუბებმა უნდა მოაბან თავი თუ ფეხბურთის ფედერაციამ. შესაძლოა, ეს ერთობლივადაც მოხდეს. მოკლედ, სასიკეთო ძვრები უკვე არის.

საინტერესოა, პარტნიორობის რა ფორმა გამოიკვეთება სახელმწიფოსა და ქართულ კლუბებს შორის. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრი ლევან ყიფიანი საფეხბურთო სამყაროდან გამოსული კაცია და კარგად იცის, თუ ყველაზე უფრო სად უჭირს საკლუბო ფეხბურთს.

90-იან წლებში სახელმწიფო მხოლოდ თბილისის "დინამოს" დაეხმარა და შეღავათები დაუწესა კომერციული საქმიანობისთვის. დახმარება კარგია, მაგრამ რა დააშავეს დანარჩენმა კლუბებმა?

დღეს ასეთი რამ ალბათ აღარ მოხდება, ქვეყანა ასე თუ ისე წინ წავიდა და უწინდელი გაკვეთილებიდან ბევრი ისწავლა. კლუბებსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ყველასათვის მისაღები, აპრობირებული ფორმა საკანონმდებლო ბაზაა, რომლის მიხედვითაც ყველა საფეხბურთო კლუბი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.

საკლუბო ფეხბურთი რომ დაწინაურდეს, ეს ახალი მინისტრისთვის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, თუნდაც იმიტომ, რომ საკლუბო ფეხბურთისთვის საქართველოში მანამდე არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია გეგმაზომიერად, მიზანმიმართული პოლიტიკით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე კი აჟიოტაჟი ჩაცხრა. ფედერაცია სახელმწიფო დოტაციის გარეშე როგორ მოახერხებს საკუთარი ოფისის და ყველა ნაკრების მაღალ დონეზე შენახვას, ამას დრო გვიჩვენებს.

სპორტის მინისტრმა კი გვითხრა, ეგვიპტესთან ამასწინდელი ამხანაგური მატჩის ორგანიზებაში ფედერაციას ჩვენი დახმარება დასჭირდაო.

როგორც უნდა იყოს, ფედერაციის შემოსავლები გაიზრდება, ფიფა და უეფა კიდევ უფრო წარმატებული ორგანიზაციები იქნებიან ფინანსურად და ეს თავისთავად მათი წევრი ასოციაციების კეთილდღეობაზეც აისახება.

პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები კი მაინც ისეთი თემაა, რომ ვერ მოკვდება. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ; მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ დომენტი სიჭინავა სხვის ნათქვამზე გადადგომას არ აპირებს.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ვინძლო ცალკე საკითხია. ვფიქრობ, ამ აღმასკომს რეფორმა არ აწყენდა. ერთ მაგალითს მოვიყვან - უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა კლუბმა საკლუბო ლიცენზირება ვერ გაიარა, მაგრამ აღმასკომმა მაინც დაუშვა ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში.

მე თუ მკითხავთ, ეს არ არის დახმარება ამ კლუბისთვის, ეს მხოლოდ დათვური სამსახურია და ცუდი მაგალითი სხვა კლუბებისთვის.

აღმასკომის გადახალისება სწორედაც რომ დიდი საქმე იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული