ცხადია, მოკლე კომენტარში თავად პროგრამაზე არაფერი თქმულა, მაგრამ "ლელოს" მკითხველს შესაძლოა ახსოვდეს: ერთი თვის წინ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ გაგვიმხილა მოსაზრება, როგორ წარმოუდგენია ფეხბურთში ბიზნესის მოზიდვა.
"დაახლოებით ვიცით, რა თანხა ხმარდება რაიონებში კლუბებს და ამ რაოდენობის
სახელმწიფო ფეხბურთში ფულს მაინც აბანდებს, მაგრამ შეიძლება სხვა მიმართულებით დაიხარჯოს და ბევრი კერძო კომპანია მოვიზიდოთ, რადგან კერძო კლუბების სიმრავლე ეროვნული ჩემპიონატის სიჯანსაღეს განაპირობებს.
ეროვნულ ჩემპიონატს დახმარება, წახალისება სჭირდება, რადგან ბიუჯეტში საკმაოდ დიდი გადასახადის შეტანა, ხალხის გადასაქმება და ქვეყნის იმიჯის გაზრდა შეუძლია... საკანონმდებლო ინიციატივებით ქართული ფეხბურთით სხვა ბიზნესმენებს დავაინტერესებთ.
კონკრეტულად, ვგულისხმობ:
1 - თუნდაც საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებით, ფეხბურთი უფრო მიმზიდველი გახდება;
2 - სპორტში დახარჯული თანხის გადახდა წმინდა მოგებიდან არ უნდა ხდებოდეს - არადა, მათ ხარჯებშიც ვერ ვატარებთ; წახალისების სხვა ფორმის გამოყენებაც შეიძლება", - თქვა ფხაკაძემ.
ჩვენ მოვიპოვეთ წერილი, რომლითაც ქუთაისის "ტორპედომ" კლუბების წარმომადგენლებს მიმართა. რადგან ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული, მისი პუნქტებად გამოქვეყნება გადავწყვიტეთ.
მდგომარეობა ძალიან მძიმეა
"კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ამჟამად ქართული ფეხბურთი.
ერთ დროს სპორტის ეს სახეობა საქართველოს მსოფლიოში ღირსეულად წარადგენდა; დღეს კი გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უმეტეს შემთხვევაში, სამარცხვინოც კი არის ჩვენი ეროვნული ნაკრებისა თუ ქართული კლუბების ასპარეზობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე.
საფეხბურთო სკოლებსა თუ აკადემიებში არსებული სავალალო მდგომარეობა დიდ სირთულეს ქმნის ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის.
სამწუხაროა, რომ, პრაქტიკულად, ვერ ვიყენებთ ქართველი ერის უზარმაზარ საფეხბურთო პოტენციალს იმის გამო, რომ მომავალ თაობებს ელემენტარულ სავარჯიშო პირობებსაც ვერ ვუქმნით. ხშირ შემთხვევაში, იძულებულნი ვხდებით, სხვადასხვა არცთუ დიდი ისტორიის საფეხბურთო ქვეყნებიდან მოვიწვიოთ საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელები.
კარგად გვესმის, რომ ბავშვთა ფეხბურთის სწორად განვითარების გარეშე ვერანაირად მივაღწევთ იმ წარმატებებს, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ასე მოენატრა.
მძიმე მდგომარეობაა ეროვნული ჩემპიონატის კუთხითაც. კერძო მესაკუთრის მფლობელობაში მასში მონაწილე კლუბების მხოლოდ ნახევარი თუ არის. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებშიც ვერ დავიტრაბახებთ მათი მყარი ფინანსური მდგომარეობით.
დანარჩენი კლუბები მწირ დაფინანსებას იღებენ ადგილობრივი გამგეობების, სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისგან და ძალიან ხშირად გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ესა თუ ის კლუბი ჩემპიონატის დასრულებამდე ფუნქციონირებას.
რატომ ჩავარდა პრემიერის წინადადება?
სამწუხაროდ, 2010 წელს კლუბების პრივატიზების შესახებ იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას კერძო კომპანიების მხრიდან გამოხმაურება თითქმის არ მოჰყოლია.
თუმცა ბიზნესის პასიურობა ადვილი გასაგებია. ბიზნესმენი აკეთებს უმარტივეს კალკულაციას და ხედავს, რომ კლუბის შემოსავალი ნულის ტოლია, ხოლო ყოველწლიურად, კლუბის შესანახად გასაწევი მინიმალური ხარჯები, სულ მცირე, 3 მილიონ ლარს მაინც აღწევს.
ამავდროულად, ვერ ხერხდება კომპანიის იმიჯის ამაღლება იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სარგებლობს საკმაოდ დაბალი რეპუტაციით და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ქართული კლუბების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი.
ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, რთულია კლუბის შეძენაზე გადაწყვეტილების მიღება.
ნებისმიერი უცხოური კლუბის შემოსავალი სამ თითქმის თანაბარ ნაწილად იყოფა. თითოეულ მათგანს შევეხებით და ასევე განვმარტავთ, თუ რამდენად შესაძლებელია ქართველი კლუბებისათვის ამ მიმართულებებიდან შემოსავლების მიღება:
1. თამაშის დღეს მიღებული შემოსავლები (ბილეთების, აქსესუარების, მაისურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები).
კარგად მოგეხსენებათ, რომ გულშემატკივარს ეროვნულ ჩემპიონატზე გული აქვს აცრუებული. რბილად რომ ვთქვათ, თამაშებზე დასწრება არადამაკმაყოფილებელია.
თუმცა სტადიონები ყველა თამაშზეც რომ ივსებოდეს გულშემატკივარით, ბილეთის მიზერული ფასი (2 ლარი) იმის საშუალებას არ იძლევა, რომ კლუბმა თამაშის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს.
ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოა აქსესუარებისა თუ მაისურების რეალიზაციიდან მიღებული თანხებიც.
2. ტელეტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლები.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშების დაბალი რეიტინგის გამო, არც ერთ ტელევიზიას არ აქვს სურვილი, თუნდაც 1 თეთრი გადაიხადოს თამაშის ჩვენების უფლების მოპოვებაში.
3. სპონსორებიდან მიღებული თანხები.
ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას სპონსორებთან დაკავშირებით. მათი პასიურობა გამომდინარეობს ეროვნული ჩემიონატის ძალიან დაბალი დონისა და ქართული ფეხბურთის შერყეული რეპუტაციიდან.
ვფიქრობთ, რომ სწორი და დროული გადაწყვეტილებები მოგვცემს საშუალებას, რომ ქართული ფეხბურთი არსებული მძიმე ვითარებიდან გამოვიყვანოთ.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კლუბები აუცილებლად უნდა იყოს კერძო მფლობელების ხელში, მაგრამ როგორ უნდა დავაინტერესოთ ბიზნესი?
ხშირად გვესმოდა საუბარი საგადასახადო შეღავათების შესახებ იმ კომპანიების მიმართ, ვინც ინვესტიციებს ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის ახორციელებს. კომპანიებს დღემდე არანაირი დახმარება ან შეღავათი არ მიუღიათ და ბევრი მათგანი იძულებული გახდა, ესა თუ ის კლუბი მიეტოვებინა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც რთული ვითარება.
შემოთავაზებული მოდელი
ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ შემდეგი მოდელი:
1. კომპანიებს, რომელთა საკუთრებაში უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბი იმყოფება, მიეცეს საშუალება, მათ მიერ კლუბის შენახვაზე გაწეული ხარჯებიდან 2.5 მლნ ლარი ჩაეთვალოთ მოგების გადასახადში გადახდილად და ამავდროულად, ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს მათი მოგების გადასახადის 50%-ს.
ანუ, თუ კლუბის განვითარებას სჭირდება 5 მლნ ლარი, აქედან 2,5 მლნ ლარის ოდენობით კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს შეღავათით და მისივე მოგების გადასახადიდან 2.5 მლნ ლარის ოდენობით განახორციელოს აუცილებელი ინვესტიცია კლუბის შენახვისათვის, ხოლო დარჩენილი 2.5 მლნ კი დახარჯოს თავისი საკუთარი სახსრებიდან.
ამავდროულად, ამ საგადასახადო შეღავათით გამოყოფილი თანხა კომპანიამ უნდა დახარჯოს მხოლოდ კლუბის შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე: ხელფასებზე, მივლინებებზე, კომუნალურ გადასახადებზე, შეკრებებზე, ტრანსპორტირებაზე და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ შერჩეული აუდიტის მიერ დადასტურებული ხარჯების და არა უმეტეს 2.5 მლნ ლარისა გამოქვითვა მოხდება კომპანიების მოგების გადასახადიდან.
პარალელურად, კლუბები უნდა დავავალდებულოთ, რომ სამი წლის განმავლობაში შეიქმნას სულ მცირე, 300 ბავშვზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები. მისი სტანდარტები მკაცრად უნდა განისაზღვროს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ.
ამ ღონისძიების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 30 მლნ ლარით ნაკლებს ყოველწლიურად, მაგრამ ამავროულად, დაზოგავს იმ უზარმაზარ თანხას, რომელიც იხარჯება გამგეობების თუ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ კლუბების შენახვაზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ბიზნესს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებით დავაინტერესებთ.
შედეგად მივიღებთ ძლიერ ეროვნულ ჩემპიონატს, ჯანსაღ და სტაბილურ ქართულ კლუბებს და მივცემთ მომავალ თაობას იმის საშუალებას, რომ მიიღონ პროფესიონალური წვრთნა და გაიმეორონ დიდი ქართველი საფეხბურთო ვარსკვლავების მიღწევები.
ეს ყველაფერი ბუნებრივად გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მათი წარმატება გარდაუვალი იქნება. ამ ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს დროებითი ხასიათი. შეგიძლიათ შეგვზღუდოთ 5 წლით.
იმედს ვიქონიებთ, რომ ამ პერიოდში განვითარდება ქართული ფეხბურთი და ამაღლდება ეროვნული ჩემპიონატის დონე, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის მის პოპულარობას, გულშემატკივარს დაუბრუნებს სტადიონებს, გაჩნდება უამრავი დაინტერესებული პირი, ვისაც ქართულ ფეხბურთში ინვესტირების სურვილი გაუჩნდება, კლუბებს კი მიეცემათ საშუალება, ყოველგვარი სუბსიდირებისა თუ შეღავათების გარეშე უზრუნველყონ საკუთარი ზრდა და განვითარება. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და თანადგომის".
* * *
ეს არის პირველი კონკრეტული წინადადება, რომელიც დაახლოებით იმის მსგავსია, რაც სუსხიან და არასაფეხბურთო ნორვეგიაში წლების წინ განახორციელეს. შედეგად, ბიზნესი არათუ დაინტერესდა ფეხბურთით, არამედ ნორვეგიული კლუბები ევროპის ჩემპიონთა და ევროპის (მანამდე უეფას თასის) ლიგების ჯგუფური ეტაპის ხშირი მონაწილეები გახდნენ.
საქართველო ნორვეგია არ არის და მით უფრო სასურველია ისედაც მწირი ბიზნეს-რესურსის დაინტერესება. ამით ორი კურდღლის დაჭერა არის შესაძლებელი - ფეხბურთი ქვეყნის ეკონომიკისთვის შემოსავლიან დარგად შეიძლება რომ იქცეს და რაც მთავარია, ხალხს სიხარული დაუბრუნდება.
ასევე იხილეთ:
ირაკლი ქავთარაძე: პრემიერლიგა ერთ კვირის წინ დაფუძნდა
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/42447-irakli-qavtharadze-premierliga-erth-kviris-tsin-dafudznda.html
პირველ რიგში უნდა მოისპოს ყველანაირი გარიგებული თამაში, მსაჯის მოსყიდვა, გადაბირება, ზეწოლა, შეურაცყოფა, დაშინება დ.ა.შ. ხშირ შემთხვევებში მიკერძოებული მსაჯობა აფუჭებს თამაშს და ფეხბურთელებს თამაშის ხალისს უკარგავს. ეს რომ იყოს მხოლოდ არა უშავს... ქართული ფეხბურთი დაავადებულია გარიგებებით! და ამის საშველად უნდა გატარდეს დაუყოვნებელი ქმედითი ღონისძიებები:
1. გფფ-ში ახალი კადრები
2. კანონმდებლობის გაცილებით გამკაცრება. მსაჯის და სტუმარი გუნდის წევრებისათვის შეურაცხყოფის მიყენების დასჯა. მოსყიდვის დასჯა სამაგლითოთ, ჩემპიონატიდან მოხსნის ჩათვლით
3. სტადიონების ლიცენზიების გამკაცრება (ხშირ შემთხვევაში არკონდიციური სტადიონები)
ამ და სხვა უფრო პატარა პრობლემების მოგვარების შემდეგ შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელ ორგანიზმში უკვე ინვესტიციების ჩადებაც... რადგან არსებულ ფეხბურთში ფულის ჩადება ნიშნავს მომაკვდავი კაცი გაუშვა მინდორზე... ჯერ უნდა მოარჩინო, მერე დაეხმარო და შემდეგ მოსთხოვო...
მეორე თუ ესეთ კანონს მივიღებთ, ის უნდა შეეხოს კალათბურთს, რაგბს, ხელბურთს, მძლეოსნობას და ა.შ.
ამ შემთხვევაში წელიწადში უკვე 30