ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ბიზნესმენის თვალით დანახული ქართული ფეხბურთი, არსებული ვითარების შეფასება და თუ რა გზით წარმოუდგენია მისი განვითარება. ცხადია, ქუთაისის "ტორპედოზეც" ვისაუბრეთ.
- სამი წელიწადია, რაც ქუთაისის "ტორპედოს" პატრონობთ. რა ჩანაფიქრის განხორციელება მოახერხეთ და რა ვერ შეძელით?
- კლუბში გრძელვადიანი პერსპექტივით მოვედით და ცხადია, სამ წელიწადში ყველა ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებდით, მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ "ტორპედო" თანმიმდევრულად ვითარდება.
ვასრულებთ პირობას და ბავშვთა ფეხბურთისთვის ბევრს
ქუთაისში უაღრესად ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან და მომავალს უფრო მეტ იმედს ვუკავშირებ. მშვენიერი ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის საფეხბურთო სკოლებთან. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ახალგაზრდა სპეციალისტების მასტერ-კლასებს ხელმძღვანელობს, რასაც სისტემატური ხასიათი მიეცა.
ამავე დროს, კომპენსაცია მიიღო ყველა სკოლამ, საიდანაც ფეხბურთელები წამოვიყვანეთ. 15-16 წლის ბავშვებში თანხის გადახდა რისკია და, შესაძლოა, დიდი ფეხბურთი 10-დან ერთმაც ვერ ითამაშოს, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რა ძნელი შესანახია საფეხბურთო სკოლები, სადაც ჩვენი ფეხბურთის მომავალ თაობებს ზრდიან. მათი შემოსავალი კი მხოლოდ კომპენსაციები არის და ამის გამო დავა არასოდეს გვქონია.
ჩვენი მიზანი სკოლების თანადგომა და ადგილობრივი რესურსის მაქსიმალური ათვისება არის. სანამ ამ რესურსს არ ამოვწურავთ, მანამდე უცხოელის ჩამოყვანას არ ვაპირებთ.
- სამწუხაროდ, ევროთასებსა და სანაკრებო მატჩებში ჩანს, რომ ადგილობრივი რესურსი ან სათანადოდ ათვისებული არ არის, ან არასაკმარისია. უცხოელთა ნატურალიზაციასა და გამოყენებას კი ევროპული გრანდებიც არ თაკილობენ.
- ჩვენ ფუნდამენტს ძლიერი გუნდისთვის ვაყალიბებთ და ლეგიონერს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოვიყვანთ, თუ ამ მიზნების განსახორციელებლად საკუთარი კადრები არასაკმარისი იქნება.
მიზნად დავისახეთ საქართველოში და ევროთასებზე წარმატებული ასპარეზობა. გულშემატკივარი ნატრობს, ქართული კლუბები ევროპული გათამაშებების ჯგუფურ ეტაპზე იხილოს.
თუ ბელორუსისა და მოლდოვის კლუბები ამას ყოველწლიურად ახერხებენ, ჩვენ მათზე არანაკლები რესურსი გაგვაჩნია. ასეთი წარმატება ქვეყნის სახელსაც ძალიან წაადგება.
- მიხარია, პერსპექტივაზე რომ ლაპარაკობთ, რადგან 1 ოქტომბრის შემდეგ ბევრს დაებადა კითხვა: "ვისოლი" "ტორპედოს" კვლავ უპატრონებს?
- რატომ არ უნდა ვუპატრონოთ?! ასე საკითხი არასოდეს დამდგარა. გუნდში გრძელვადიანი პროექტით მოვედით და მას აუცილებლად განვახორციელებთ. "ტორპედო" კი სწორად ვითარდება. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი არ არის, ყველა ამას აღნიშნავს: გვყავს პერსპექტიული გუნდები, ქუთაისელ ფეხბურთელებს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში იწვევენ - ეს ყველაფერი სულ რაღაც სამ წელიწადში მოვახერხეთ.
არადა, გუნდში მისვლისას საუკეთესოებში მოხვედრასა და ნაკრებში მოთამაშეთა გაშვებაზე ფიქრი გამორიცხული იყო. ამიტომაც მეამაყება, ამბიციური კლუბი რომ ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ ეს ჩვენი ჩანაფიქრის მხოლოდ მცირე ნაწილია.
სწორ განვითარებაში იმასაც ვგულისხმობ, კლუბს კერძო მესაკუთრე რომ ჰყავს. რაც უფრო მეტი ასეთი კლუბი გვეყოლება, ეროვნულ ჩემპიონატში უფრო ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდება.
დადგა დრო, რომ ბიზნესმა ჩვენს ფეხბურთს მეტი ყურადღება მიაქციოს. საქართველოში 10-12 კომპანია მაინც არის, რომელთაც ამ ტვირთის ზიდვა შეუძლიათ. ამით განვითარდება ის ქალაქებიც, სადაც კლუბებს ბიზნესიდან გამოუჩნდება პატრონი.
ჩვენი ნაკრების თამაშით ხშირად გულნატკენები ვართ, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ძლიერი საფეხბურთო სკოლები, ეროვნული ჩემპიონატი და კლუბებია. სხვაგვარად ძლიერ ნაკრებზე ფიქრი აბსურდია. "ტორპედოში" მიმდინარე პროცესები სწორედ ამას ემსახურება.
- კლუბების პრივატიზაცია უეფას რეკომენდაციაც არის, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში ასეთი კლუბები, ფაქტობრივად, წარმოდგენილი არ არის. მდგომარეობის გამოსასწორებლად აღმასკომის "განსახელმწიფოებრიობაც" ხომ არ არის აუცილებელი? ყველასთან ბოდიში, მაგრამ ზოგჯერ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აღმასკომის წევრები არა მსჯელობისთვის, არამედ თანხმობის მისაცემად იკრიბებიან.
- 12-თა საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ ფედერაციასთან კლუბებს უფრო საქმიანი და მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია.
სხვათა შორის, სპორტის ახალ მინისტრს, ლევან ყიფიანს ველაპარაკე და ქართული ფეხბურთის მომავალზე ის ხედვა დავინახე, რაც ძალიან გვჭირდება - ბავშვთა ფეხბურთის, ეროვნული ჩემპიონატისა და კლუბების განვითარებაზე, აგრეთვე, კლუბების პრივატიზებაზე. პირადად მე იმედიანად ვარ, რომ ყიფიანი ვითარებას დადებითად შეცვლის.
- ბიზნესი ფეხბურთით არ ინტერესდება და რომელ პრივატიზაციაზეა ლაპარაკი?
- დაახლოებით ვიცით, რა თანხა ხმარდება რაიონებში კლუბებს და ამ რაოდენობის ფარგლებში ბიზნესი რომ წახალისდეს, კლუბებს პატრონი გამოუჩნდება.
- ეს თანხები მაინც იხარჯება და შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი როგორ შეიცვლება?
- შეიცვლება, რადგან კერძო კლუბების სიმრავლე ეროვნული ჩემპიონატის სიჯანსაღეს განაპირობებს. სწორედ ეს იქნება დიდი შედეგის დასაწყისი.
ეროვნულ ჩემპიონატს დახმარება სჭირდება. ვგულისხმობ არა შეღავათს, არამედ ფეხბურთის განვითარების წახალისებას, რომელსაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი გადასახადის შეტანა, ხალხის გადასაქმება და ქვეყნის იმიჯის გაზრდა შეუძლია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ განვითარდება.
სამი წლის განმავლობაში ქუთაისის "ტორპედოს" 28 მილიონ ლარამდე დავახარჯეთ, რაშიც კომპანიას არათუ შეღავათი, წახალისებაც არ ჰქონია. არ ვამბობ, რომ ეს "ვისოლს" ახლა ესაჭიროება, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივებით ქართული ფეხბურთით სხვა ბიზნესმენებს დავაინტერესებთ. ნებისმიერ სფეროში ასეა - განვითარება შესაძლებელია არა შეღავათებით, არამედ ადეკვატური პირობების შექმნით.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- 1. საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებით ფეხბურთი უფრო მიმზიდველი გახდება; 2.სპორტში დახარჯული თანხის გადახდა წმინდა მოგებიდან არ უნდა ხდებოდეს - არადა, მათ ხარჯებშიც ვერ ვატარებთ.
წახალისების სხვა ფორმის გამოყენებაც შეიძლება. მაგალითად, მძიმე მდგომარეობა გვაქვს ინფრასტრუქტურაში. ხშირად ვთამაშობთ სტადიონზე, სადაც საფარი უვარგისია. ამ მიმართულებითაც დავფიქრდეთ, რა და როგორ გაკეთდეს. სახელმწიფო ფეხბურთში ფულს მაინც აბანდებს, მაგრამ შეიძლება სხვა მიმართულებით დაიხარჯოს და ბევრი კერძო კომპანია მოვიზიდოთ.
- ეს პრობლემები ყველა კლუბს გაწუხებთ და რა გაბრკოლებთ, მოთხოვნები რომ ჩამოაყალიბოთ და ფედერაციის, სპორტის სამინისტროს ან სხვისი შუამავლობით პარლამენტს წარუდგინოთ?
- ხომ გითხარით, მაიმედებს ყიფიანის პოზიცია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ამ მიმართულებით რა არის გასაკეთებელი. ჩვენც ყველანაირად მხარში ამოვუდგებით და თუ საჭირო გახდება, გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებთ. სახელმწიფოსთან ერთად, კერძო კომპანიებისა და საზოგადოების საზრუნავიც არის, გულშემატკივარი ჩვენი ჩემპიონატისკენ რომ შემოვატრიალოთ. "ტორპედოს" კი უფრო მეტი მაყურებელი გვყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს. ისინი უდიდეს სტიმულს გვაძლევენ.
- თუმცა, უცნაურია, რომ ბოლო დროს ქუთაისელები ჩემპიონატს ძველებურად აღარ სწყალობენ.
- კარგი იქნება, სტადიონი ყოველთვის რომ ივსებოდეს. ცხადია, გუნდისგან ბევრად მეტს ვითხოვთ და ეს უნდათ გულშემატკივრებსაც, მაგრამ დღეს "ტორპედო" ღირსეულ ფეხბურთს აჩვენებს, პროგრესი აშკარაა და მჯერა, ადრე თუ გვიან, ისეთ გუნდი გვეყოლება, ჩვენი სტადიონი მუდამ რომ შეივსება.
გუნდისა და ფეხბურთელების გასაზრდელად აუცილებელია საერთაშორისო თამაშები. "ტორპედოს" "ტრაბზონთან" თამაში სწორედ ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი. თურქები შეგვპირდნენ, რომ ქუთაისში გვეწვევიან. ურთიერთობა "ორდუსთანაც" დავამყარეთ და როგორც კი თავისუფალი დრო გვექნება, ამხანაგურად ვითამაშებთ. ამას გარდა, ზაფხულში სპარინგებს დონეცკის "შახტართან" და "მეტალურგთან" ვგეგმავთ. ანუ ჩვენი მიზანია, რომ "ნაჭუჭიდან" გამოვიდეთ.
- პირველ წრეში გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?
- გია გეგუჩაძესა და გუნდის ყველა წევრს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ყოველდღე ვრწმუნდები, რომ შარშან გეგუჩაძესთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სწორი არჩევანი იყო.
მეორე ეტაპზე უკეთესი ფეხბურთის ჩვენებას ვიმედოვნებთ. საამისოდ გუნდი თებერვალში ესპანეთში მოემზადება და "მარბელას თასზე" ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ფხაკაძე: სამწუხაროდ, კვლავ იყო არბიტრის უხეში შეცდომა