უეფას თავკაცისა და სფფ-ის ხელმძღვანელის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზვიად სიჭინავამ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდი შანსია, პლატინი მალე თბილისში გვეწვიოს.
"თავდაპირველად, კენჭისყრაზე გეტყვით. ოთხი შანსიდან დღეს ჩვენ ორი გამოვიყენეთ და მომავალი წლის ორი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ.
უდიდესი სურვილი გვქონდა, 19-წლამდელთა ელიტრაუნდიც თბილისში წამოგვეღო,
მე შევხვდი ბატონ მიშელ პლატინის. შეხვედრა დახურული იყო, თუმცა გეტყვით იმას, რომ ჩვენ ყველა ერთობლივ პროექტზე ვისაუბრეთ.
უეფას პრეზიდენტმა მოგვილოცა მომავალი წლის ორი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი თქვენდამი დიდი ნდობისო.
მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ბატონი პლატინი უახლოეს მომავალში გეგმავს შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დიდი შანსია, უეფას პრეზიდენტი თბილისში გვეწვიოს და სწორედ იქ შედგეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლოდ ისეთ გრანდიოზულ პროექტზე, როგორიცაა ევრო 2020. ბატონ პრეზიდენტს ძალიან აინტერესებდა ჩვენი ხედვა იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ევროპის საიუბილეო ჩემპიონატის მასპინძლობაში ბევრი ქვეყანა იყოს ჩართული და მათ შორის, საქართველოც მოიაზრება" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
ამის შემდეგ სფფ-ის ხელმძღვანელებმა რამდენიმე მოლაპარაკება გამართეს მეგობარი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებთან. გადაწყვეტილია ელიტრაუნდამდე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ტესტ-მატჩები რამდენიმე საკმაოდ სოლიდური ქვეყნის ნაკრებთან.
თუმცა, ზვიად სიჭინავას თქმით, როცა ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება, ყველა დეტალი მაშინ გახმაურდება. ეს კი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში მოხდება. სფფ-ის დელეგაცია სამშობლოში 6 დეკემბერს დაბრუნდება.
gff.ge
ასევე იხილეთ:
17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა