რა არის რევოლუცია? რა არის ოპიუმი ხალხისთვის?
ამაზე საკუთარი აზრი ჰქონდა როგორც ლენინს, ისე ჰემინგუეის. დიდმა მწერალმა ეს ყველაფერი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში მიმოიხილა: მოთამაშე, მონაზონი და რადიო. ხოლო ლენინმა რევოლუციაზე და ოპიუმზე სად რა ილაპარაკა და დაწერა, ზუსტად აღარ მახსოვს.
არ ვიცი, პარადოქსია თუ არა, მაგრამ ლენინი და
მათ ჯერ არაფერი იცოდნენ ექსტაზის აბების შესახებ, რომელსაც თინეიჯერები ხარბად ყლაპავენ დისკოთეკებზე, დიდხანს და მაგრად რომ იცეკვონ. ცხადია, ჰემინგუეი და ლენინი სულ სხვა ექსტაზებს გულისხმობდნენ.
მაგრამ დრო ყოველთის როდია ულმობელი ცნობილი ან დიდი ადამიანების ნააზრევთან. პოსტრევოლუციის პირობებში ჩვენთან არ გამქრალან ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბები, არადა, ამ ანაქრონიზმს ზოგადად არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა რევოლუციასთან და რეფორმებთან. მაგრამ ფეხბურთი საჭირო და აუცილებელი იყო, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც უფრო ცოტაა ექსტაზი, ვიდრე დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქებში.
ფეხბურთს ოპიუმის თვისებაც უნდა ჰქონდეს. ხაშხაშიდან მიღებულ არალეგალურ სუბსტანციას არ ვგულისხმობ, თუმცა ფეხბურთიც ისეთია, თუ გემოს გაუგებ, მისგან ვერ გათავისუფლდები, მასზე დამოკიდებული ხდები. ასეთი რამეები არ ეშლებათ დიდ თუ პატარა დიქტატორებს, ამას დემოკრატიული რეჟიმებიც უწევენ ანგარიშს, თუნდაც იმიტომ, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის კომფორტული ცხოვრებაა.
რევოლუციის შემდეგ მორიგი ცვლილებები მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ჯერ უცნობია საბიუჯეტო კლუბების სამომავლო სვე-ბედი. ფოთის "კოლხეთში" ხელფასები ვეღარ რიგდება, სხვა საბიუჯეტო გუნდებსაც შეექმნათ პრობლემები, ზოგს დაფინასება ჯერაც უწყვეტად აქვს, თუმცა გაურკვეველია, რა და როგორ ექნებათ რამდენიმე თვის შემდეგ.
აღარც ექსტაზი და აღარც ოპიუმი - უფერულ ყოფას ჰგავს ეს ყველაფერი. თუ ეს არა, მაშინ რაღაც ახალია საჭირო, მაგრამ რა?
ალბათ ჯობია, რომ ფეხბურთით ისევ გაერთოს ხალხი, ფეხბურთით ისევ შეიქმნას იმის განცდა, რომ ქვეყანაში არაფერი არ ჩამკვდარა და რომ ყველაფერი კარგად იქნება.
არ იქნება ფეხბურთი და იქნება ბუნტი -ალბათ ასე კატეგორიულად არ დადგება საკითხი, მაგრამ შეფერხებები საფეხბურთო კლუბების დაფინანსებაში სასურველი არავისთვის არ უნდა იყოს.
ახლახან "ლელოში" გამოქვეყნდა ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტის, ლევან ფხაკაძის კონცეფცია საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით (იხილეთ ვრცლად).
კონცეფცია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომლითაც კერძო სექტორისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს საფეხბურთო კლუბის ყოლა.
ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის.
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ფეხბურთში მოსაქმე ბიზნესმენებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება მარტივი რამე ვერ იქნება, მაგრამ თუ ამის ნება გაჩნდა, შეუძლებელი არაფერი არ უნდა იყოს.
ეს არაერთ მოწინავე ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და ჩვენთან რატომ არ უნდა გაამართლოს?
ამ საკანონმდებლო ბაზის შექმნა იქნება პირველი მძლავრი, ეფექტური პარტნიორობა სახელმწიფოსა და ფეხბურთს შორის. სახელმწიფოს მიერ ფეხბურთის ფედრაციისთვის დოტაციური თანხის გაღება კი მრავალჯერადი ინექცია ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ამას ის ეფექტი ვერ მოაქვს, რომ ფეხბურთი კომპლექსურად განვითარდეს.
ალბათ დადგა შესაფერისი დრო, რომ ფეხბურთი საქართველოში კონცეპტუალურად განვითარდეს. ჩვენ ყველაფერი ვიცით, როგორც ჩვენ გვინდა, ისე იქნება, ჩვენ ყველაზე ჭკვიანები და კარგები ვართ - ვინც ასე წაიყვანა საქმე, იმან კარგად ვერ დაამთავრა.
ექსტაზები კი აუცილებლად იქნება, საქართველოში ხომ საფეხბურთო საღერღელი ისევ აშლილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"