ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან: ალექსანდრე ჩივაძის ბოლო აკორდები საბჭოთა ნაკრებში

AutoSharing Option
ალექსანდრე ჩივაძე ისეთი ფიგურაა, მის კარიერაზე საუბარი ყოველთვის აქტუალური და საინტერესო იქნება.

ის საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო. ჩივაძის შემდეგ საქართველოს აღარ ჰყოლია ასეთი ინტელექტუალური, რბილი მანერით მოთამაშე მცველი.

ჩივაძეს მოსაყოლი ბევრი აქვს. ის არ იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის მასშტაბის ფეხბურთელი, ის სულ სხვანაირად თამაშობდა ფეხბურთს; მასზე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ წარმატებას, პირველ რიგში, საფეხბურთო ინტელექტით მიაღწია.

ჩივაძემ ერთხელ, 1982 წელს ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ამის შანსი 1986 წელსაც ჰქონდა მექსიკაში, მაგრამ...

80-იან წლებში საბჭოთა კავშირს მართლაც ჩინებული
გუნდი ჰყავდა, მაგრამ 1988 წლამდე დიდ ტურნირებზე უმედლოდ დარჩა, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი ვერ გავიდა.

ჩივაძეც სწორედ იმ პერიოდზე მოგვითხრობს, 1982-86 წლების საბჭოთა ნაკრებზე, იმდროინდელ მწვრთნელებსა
და ფეხბურთელებზე, მაშინდელ საინტერესო ამბებზე...

რა თქმა უნდა, ერთი საგაზეთო წერილი სრულად ვერ მოიცავს იმ წლების პერიპეტიებს, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს ჩივაძის მონაყოლი...

* * *
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვალერი ლობანოვსკი დაინიშნა. ცხადია, ჩვენი მიზანი 1984 წელს საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა იყო.

შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იყვნენ: პორტუგალია, ფინეთი და პოლონეთი. ჯგუფიდან ერთი გუნდი გადიოდა.

საბჭოთა კავშირს მაშინ ძალიან კარგი ნაკრები ჰყავდა. 1980 წლის ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დავმარცხდით და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ, 1982 წელს კი ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი დავკარგეთ.

Sportall.Geესპანეთში ჩვენი გუნდის გამოსვლა წარუმატებლად შეფასდა და მწვრთნელთა ტრიუმვირატიც დაიშალა. მხოლოდ საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა ასეთი რამის გაკეთება: ესპანეთი 82-ზე გუნდის მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ბესკოვი იყო, უფროსი მწვრთნელები კი ნოდარ ახალკაცი და ვალერი ლობანოვსკი.

1984 წლის ევროპის შესარჩევი ეტაპისთვისაც ფეხბურთელების საკმაოდ ძლიერი კონტინგენტი იყო ლობანოვსკის განკარგულებაში. კარში რინატ დასაევი, დაცვის ცენტრში სერგეი ბალტაჩა და მე, დაცვის ფლანგებზე თენგიზ სულაქველიძე და ანატოლი დემიანენკო, ნახევარდაცვაში ვლადიმერ ბესონოვი, ფიოდორ ჩერენკოვი, იური გავრილოვი, ხორენ ოგანესიანი, თავდასხმაში ოლეგ ბლოხინი... ქართველებიდან რამაზ შენგელიასაც იძახებდა მაშინ ნაკრებში ლობანოვსკი, თუმცა ამას უკვე იშვიათად აკეთებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ლობანოვსკიმ პირველად მიმართა 3-5-2 განლაგებას. მაშინ ეს ახალი ხილი იყო, მერე კი გერმანიის ფედერაციულმა ნაკრებმა ეს ტაქტიკური სქემა ძალიან კარგად დახვეწა და აამუშავა. როცა ლობანოვსკი 3-5-2 განლაგებით ათამაშებდა გუნდს, მარჯვენა მცველის პოზიციას ბესონოვი იკავებდა.

შესარჩევში პირველი მატჩი ფინეთთან გვქონდა და 2:0 მოვიგეთ. მომდევნო შეხვედრაში უკვე უშუალო კონკურენტთან მოგვიწია შეხვედრა, მაგრამ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა - პორტუგალია 5:0 დავამარცხეთ. შემდეგ პოლონეთს ვესტუმრეთ და 1:1 ვითამაშეთ. მასპინძელთაგან გოლი ზბიგნევ ბონეკმა გაიტანა. პოლონელებსაც კარგი ნაკრები ჰყავდათ, 1982 წლის მუნდიალზე ეს გუნდი ხომ მესამე ადგილზე გავიდა.

ევრო 1984-ის შესარჩევის ბოლოს პოლონეთს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ ჰქონდა და შინ პორტუგალიასთან 0:1 წააგო. როგორც შევიტყვეთ, პოლონელებმა თავი არ შეაკლეს პორტუგალიას, ჩვენ წინააღმდეგ კი ბონეკის და სმოლიარეკის გუნდმა დიდი თავგანწირვით ითამაშა.

ბოლო ტურში პორტუგალიას სტუმრად ვხვდებოდით და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ფრეც გვაძლევდა ხელს. ნოემბრის შუა რიცხვები იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უკვე დასრულებული იყო, ჩემპიონატის ბოლო ტურში თბილისის "დინამომ" მოსკოვში ცსკა-ს მოუგო და იმ შეხვედრაში გოლი გავიტანე, თუმცა ზედა კუნთის ნერვის ანთებამაც შემახსენა თავი.

როცა ლობანოვსკიმ სანაკრებო შეკრებაზე გადაგვიყვანა, ნერვის ანთების გამო ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, დანარჩენ ფეხბურთელებს კი მწვრთნელმა დიდი დატვირთვები "მიაყარა"...

საბჭოთა კავშირის მაშინდელ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფიოდორ ჩერენკოვი. მან, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად იცოდა ფეხბურთი, მასთან თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. რბილად თამაშობდა, ნამდვილი ინდივიდუალისტი იყო, მთელ მოსკოვს, მთელ საბჭოთა კავშირს უყვარდა, მოსკოვის "სპარტაკში" ჩერენკოვ-გავრილოვის ტანდემი მართლაც საუცხოო იყო, კიევის "დინამოს" სტუმრადაც ამარცხებდა...1983 წელს ჩერენკოვი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მოსკოვის ერთ-ერთ შემოგარენში არის ეკლესია, სადაც ქართველი მღვდელი მსახურობს და ჩერენკოვი მისი მრევლია. არცთუ დიდი ხნის წინ ამ მღვდელმა ჩერენკოვი ლაგოდეხში დაპატიჟა და ყოფილი ფეხბურთელიც ერთი კვირით ჩამოსულა. მაშინ ჩერენკოვის ნახვა ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, სამი წლის წინ ალმაათში საბჭოთა კავშირის ნაკრების ვეტერანები მიგვიწვიეს და იქ შევხვდი მას.

ის მართლაც დიდებული ფეხბურთელი იყო. როგორც ახლა ვიღებთ სიამოვნებას ხავის და ინიესტას თამაშისგან, ჩერენკოვის თამაშისგანაც ასე ვიხიბლებოდით.

და რა მოხდა პორტუგალიასთან თამაშამდე? დიდი დატვირთვების გამო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ძალაგამოცლილები იყვნენ, ხოლო რადგან მე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მხნედ ვიყავი. რა თქმა უნდა, ძალიან საკვირველი იყო, ასეთ ძლიერ, გამოცდილ მწვრთნელს ეს როგორ დაემართა.

პორტუგალიასთან სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი კი ვითამაშე, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ - 0:1 წავაგეთ და საფრანგეთი 84-ის მიღმა დავრჩით.

სერგეი ბოროვსკის მეტოქესთან ორთაბრძოლა საჯარიმოს გარეთ ჰქონდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი რუი ჟორდაომ გაიტანა. ამ თავდამსხმელმა ფინალურ ეტაპზეც გამოიჩინა თავი. პორტუგალიას მაშინ მართლაც კარგი გუნდი ჰყავდა, ჟორდაო, შალანა, ფერნანდო გომესი... საფრანგეთის ნაკრებს ნახევარფინალში შეხვდა და დამატებით დროის ბოლოს მიშელ პლატინის რომ არ გაეტანა, ვინ იცის, რა მოხდებოდა...

მოკლედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავედით და ლობანოვსკის ნაცვლად საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელად ედუარდ მალოფეევი დანიშნეს. ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით მინსკის "დინამო" 1982 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

მალოფეევი უცნაური მწვრთნელი გახლდათ. სანაკრებო შეკრებაზე სამჯერად ვარჯიშებს ატარებდა. მე და ბლოხინი მივედით მასთან და ავუხსენით, რომ შუა სეზონის დროს სამჯერადი ვარჯიშები არ შეიძლება, ძალიან დიდი დატვირთვაა ფეხბურთელებისთვისო. მალოფეევს ჩვენთვის არაფერი უთქვამს, მოგვიანებით კი "ზემოთ" განუცხადებია, ნაკრების ავტორიტეტული ფეხბურთელები ხელს მიშლიანო და გარკვეული პერიოდი მე და ბლოხინს ნაკრებში არ გვიძახებდა.

დანია, შვეიცარია, ნორვეგია და ირლანდია - ჩვენი მეტოქეები შესარჩევის ჯგუფში ესენი იყვნენ. მალოფეევმა რამდენიმე შეხვედრისთვის აღარ გამომიძახა. შესარჩევის დასრულებას ბევრი არაფერი უკლდა, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები სტუმრად დანიასთან 2:4 დამარცხდა. ორ-ორი გოლი გაიტანეს პრებენ ელკიაერმა და მიქაელ ლაუდრუპმა.

გამოჩნდა, რომ ჯგუფში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. შესარჩევში სამი მატჩი ჰქონდა დარჩენილი საბჭოთა ნაკრებს და მექსიკაში მოსახვედრად სამივე უნდა მოეგო. ჩვენს ნაკრებს მომდევნო მატჩი სწორედ დანიასთან ჰქონდა მოსკოვში. მალოფევმაც მე და ბლოხინი ნაკრებში დაგვაბრუნა.

დანიასთან საბჭოთა კავშირის ნაკრების დაცვის ცენტრში მე და ალექსანდრ ბუბნოვი ვიდექით. ბუბნოვი ფიზიკურად არანაკლებ ძლიერი იყო, ვიდრე ელკიაერი და მეც ვუთხარი, ელკიაერს მკაცრად ეთამაშე, თავიდანვე აგრძნობინე საკუთარი ძალა-მეთქი და მართლაც, დაახლოებით მეათე წუთზე ბუბნოვისა და ელკიაერის ორთაბრძოლა იმით დასრულდა, რომ დანიელთა თავდამსხმელი სარბენ ბილიკზე გადავარდა, ისე დაშავდა, რომ რამდენიმე წუთში შესაცვლელი შეიქნა.

ელკიაერი ძალიან დიდი დანაკლისი იყო დანიისთვის, ის შეხვედრა ოლეგ პროტასოვის გოლით 1:0 მოვიგეთ.

დარჩენილ ორ შეხვედრაშიც ირლანდიასთან და ნორვეგიასთან ქულათა მაქსიმუმი ავიღეთ, ორივე მატჩში ვითამაშე.

მექსიკა 86-ის საგზური მოვიპოვეთ, მაგრამ ამასობაში ლობანოვსკის კიევის "დინამომ" მეორედ აიღო თასების თასი, იმ პერიოდს დაემთხვა ჩერნობილის ტრაგედიაც. არ მთავრდებოდა უკმაყოფილება მალოფეევის მიმართ. მას ძალიან უჭირდა ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან ურთიერთობა. ასეთი უცნაური მწვრთნელი არ მინახავს. მას შემდეგ მალოფეევს დიდი გუნდები აღარ გაუწვრთნია, ბელარუსის ნაკრებში დანიშნეს, მაგრამ მალევე გაუშვეს...

მექსიკა-86-სთვის საბჭოთა კავშირის ნაკრებს ისევ ლობანოვსკი დაუნიშნეს. სანამ ლობანოვსკის ხელახლა დანიშნავდნენ, ლას პალმასის ტურნირში ვითამაშეთ და საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.

თბილისში რომ დავბრუნდი, კვლავაც ვაგრძელებდი "დინამოს" ვარჯიშის შემდეგ მოედანზე დარჩენას - მე და გია გურული მაღალი ბურთის კარში გადაგზავნაზე ცალკე ვვარჯიშობდით და ერთ-ერთი ასეთი წვრთნის დროს კუნთი გავიწყვიტე.

Sportall.Geამ ტრავმას სჭირდებოდა დასვენება, ფეხის ბოლომდე მოშუშება, წინააღმდეგ შემთხევაში, ტრავმა ადრე თუ გვიან თავს შეგახსენებდა.

ლობანოვსკის ხელმძღვანელობით მექსიკის მუნდიალზე რომ ჩავედით, პირველი შეხვედრა უნგრეთთან უნდა გვეთამაშა, მანამდე კი საკონტროლო მატჩი გავმართეთ მექსიკის ერთ-ერთ ქვედალიგელთან და ლობანოვსკიმ მითხრა, მსურს დავრწმუნდე შენს მზადყოფნაში და ნურაფერს ნუ მოერიდები, ისე ითამაშე, როგორც ოფიციალურ შეხვედრაშიო.

მეც მწვრთნელის დავალების შესრულებას ვაპირებდი, მაგრამ... მე-10 წუთზე გაწყვეტილმა კუნთმა შემახსენა თავი.

უნგრეთი, საფრანგეთი და კანადა - ჯგუფის მატჩების შემდეგ 1/8 ფინალში გავედით. ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მომდევნო მატჩი ბელგიასთან გვქონდა. ჩამოვიდა ჟურნალისტების ჯგუფი საბჭოთა კავშირიდან, ლობანოვსკი მათ ესაუბრა და ამის მერე კოტე მახარაძე მოვიდა ჩემთან და მითხრა, ლობანოვსკი აპირებს, რომ ბელგიასთან გათამაშოსო.

მეორე დღეს გუნდის უფროსი ნიკიტა სიმონიანი მეუბნება, ლობანოვსკისთან ერთად მთელი ღამე ვფიქრობდით შემადგენლობაზე, ასე ვიფიქრეთ, კიდევ არ შეგაწუხოს დაზიანებულმა კუნთმა და ჯობს, სათადარიგოებში იყოო. ლობანოვსკიმ კი მკითხა, ხომ არ გეწყინება სათადარიგოთა სკამზე ყოფნაო, რაზეც ვუპასუხე, რომ ამას, რა თქმა უნდა, არ ვითაკილებდი.

ლობანოვსკი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ბელგიას მოვუგებდით, მერე დანია-ესპანეთის წყვილის გამარჯვებულს ვხვდებით, ალბათ დანია მოიგებს და დანიელებთან მატჩისთვის კარგად უნდა მოემზადოო.

ბელგიასთან 3:4 წავაგეთ. მსაჯმა ძალიან საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, მატჩის შემდეგ გასახდელში ლობანოვსკი ცუდად გახდა და ძლივს მოვასულიერეთ.

მექსიკის მერე ისევ ვითამაშე ნაკრებში, საფრანგეთს 2:0 მოვუგეთ, მერე კი ასევე ამხანაგურ შეხვედრაში შვედეთთან თბილისში დავმარცხდით და ამაში პირველ რიგში საკუთარი თავი დავადანაშაულე. მატჩის შემდეგ ვუთხარი ლობანოვსკის, ნაკრებიდან წავედი-მეთქი. ეს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, მწვრთნელი ჩემს გადარწმუნებას შეეცადა, მაგრამ არ გადავთქვი.

გული მწყდება, რომ იმ ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწია. არადა, მოთამაშეთა კონტინგენტი ამის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა. მწვრთნელებიც ძალიან კარგი გვყავდა.

ბესკოვის
"სპარტაკი" შინ და სტუმრად ერთნაირად თამაშობდა. ბესკოვი შემოქმედი სპეციალისტი იყო, 3-4 ისეთ ფეხბურთელს ეძებდა, გუნდს რომ "დააშენებდა" - დასაევი, ხიდიატულინი, ჩერენკოვი და გავრილოვი, მერე მათ იარცევი დაამატა... ლობანოვსკი კი უფრო პრაგმატიკოსი გახლდათ. ის დიდი მწვრთნელი იყო, უბრალოდ, ჩემს საფეხბურთო მრწამსთან უფრო ახლოს ბესკოვი იდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან - ვლადიმერ ბარქაია
ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან - ოთარ კორღალიძე "გურიას" ძველ ამბებს იხსენებს
ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან - მევლუდ მიმინოშვილი
ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან - მურთაზ ხურცილავა
ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან - რამაზ მუმლაძე
ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან - ვლადიმერ გუცაევი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული