გაიმართოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები! გაჩნდა ასეთი აზრი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა.
ფედერაციის არჩევნები როგორ ტარდებოდა, ერთი საკითხია, მაგრამ ახლა ისიც ვიკითხოთ, ფედერაციის ის სუბიექტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში, დღეს რას ამობობენ, დღეს ვისი ან რისი ეშინიათ?
არადა ყველაფერი ფედერაციის სუბიქტების ხელშია, არ ექნება ფედერაციის პრეზიდენტს მათი მხარდაჭერა და ქართული ფეხბურთის სახლსაც
საქართველოს ნაკრების შედეგზე და მის მთავარ მწვრთნელზე ბევრს რომ ლაპარაკობენ, ეს იმის ბრალი უნდა იყოს, რომ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებების შესანახ ფულს სახელმწიფო აძლევდა, ფედერაციაც იძულებული იყო ეთქვა, რომ თემურ ქეცბაია კარგი მწვრთნელია, რომ მისი მწვრთნელობის დროს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა ეროვნულ გუნდში და რომ მასთან კონტარქტის გაგრძელება აუცილებელი იყო.
მოკლედ, დამღლელია და მეტი არაფერი ფეხბურთის ზედმეტად პოლიტიზირება. ამას კარგი არაფერი მოაქვს თანამედროვე ეპოქაში, ეს ისეთი უნიჭო ბლეფია, რომ რაგბის მოტრფიალე კაცის სიტყვებს გაგახსენებს: რა არის ფეხბურთი? რა და ბანგი მდაბიურთათვის!
არადა ეს ოხერი ბანგიც თურმე აუცილებელი ყოფილა პოლიტიკოსებისთვის. ისე, კაცმა რომ თქვას, ფეხბურთი და პოლიტიკა ჰგავს ერთმანეთს. გუნდს ეთვლება ქულები, მოგება, ფრე, წაგება და პოლიტიკოსის შედეგიც დათვლადია, იქაც ატყუებენ ხალხს და აქაც, ამიტომაც, ძალიან საინტერესოა, რა როგორ იქნება გაისად.
2012 წელი არავისზე ნაკლები არ ყოფილა. საქართველოს ჩემპიონის გამოსაცხადებლად ფედერაციის აღმასკომის სხდომის ჩატარება გახდა საჭირო. რა თქმა უნდა, ესეც იუმორში გადავატარეთ, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება, ეს ის ექსკლუზიურობაა, რაც მანამდეც ჰქონდა ცოდვა-მადლით სავსე ქართულ ფეხბურთს.
2012 წელს პირველად ვნახე, რომ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის თავკაცი ჟურნალისტს ეკითხებოდეს, კითხვას რატომ არ მისვამო.
რაც თემურ ქეცბიააა ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, ყველაზე მართალი და მახვილი შეტევა მაშინ გააკეთა, როცა თქვა, ბელარუსში და ფინეთში რომ ჰქონდა ნაკრებს თამაშები, ქართველი ჟურნალისტები სად იყავითო.
შესაძლოა, რომ ქეცბაიამ დაახლოებით მაინც არ იცის, რა დღეშია ქართული მედია, რა ჯამაგირზე მუშაობს ხალხი იმ სფეროში, სადაც ბევრს გულრწფელად ჯერა იმ ეფემერული ღემრთის არსებობის, რომელიც მათ მოაფულიანებს.
ქეცბაია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტებთან ცამდე მართალი იყო, ოღონდაც ეს გამარჯვება მას არაფერს არ მატებს, მას სულ სხვანაირად ეთვლება შედეგი: სატურნირო ცხრილში დაგროვილი ქულებით.
ნაკრებში აღარ თამაშობენ ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი. მათ გარეშე ჩვენს ეროვნულ გუნდს თითქოს კოლორიტულობა მოაკლდა, თორემ შედეგი არც მათი ნაკრებში თამაშის დროს გვქონდა.
ქეცბაია ალბათ არც ზურაბ ხიზანიშვილს გამოიძახებს, ეყოლება ახალგაზრდები და ექნება იმის საშუალება, რომ თქვას, ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, გუნდის გადახალისება მიმდინარეობს, ახალი სისხლია საჭირო...
ცხადია, ეს არაერთხელ მოგვისმენია ნაკრების სხვა მწვრთნელებისგან, მაგრამ ამით საქმე წინ არ წასულა.
კითხვა კი კითხვად რჩება: რა ეშველება ქართულ ფეხბურთს? აქ უკვე აღარ ჯერათ ეფემერული ღმერთების, რადგან ასეთი ღმერთების ლიმიტი ამოიწურა. ის მოვა და გვიშველის - ასეთმა დამოკიდებულებამ არ გაამართლა.
რა ვიცი, იქნებ ეს კოჰაბიტაცია გამოდგეს მხსნელი ჰოთ დოგი მშიერი ქართული ფეხბურთისთვის. ნორმალური, ცივილური და პარტნიორული თანაცხოვრება ისეთი ფორმაა, რაც ქართულ ფეხბურთს მანამდე არ ჰქონია ხელისუფლებასთან. ალბათ ამის გამოა არიან დაშინებული ფედერაციის სუბიექტები და დღესაც ვერ ამბობენ, თუ როგორ ჩატარდა ფეხბურთის ფედერაციის ბოლო ორი არჩევნები.
ფეხბურთს კი ისევ თამაშობენ საქართველოში ჩამოტანილ მინდვრებზე, ხელოვნურ საფარზე და ბალახშემხმარ მოედნებზე. ყველაზე მაგარი ამ საქმეში ესპანელი ჩისკოა, ასე ჰგონია უმეტესობას.
ჩისკო ნამდვილად არ არის ეფემერული ვარსკვლავი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე მას არცთუ მცირე უპირატესობას აძლევს, მაგრამ ფეხბურთის თამაში რომ კარგად იცის, ამასაც ვერ დაუკარგავ. მაგრამ ახლა ესეც ვიკითხოთ: არის კი ჩისკო ისეთი, რომ ხალხი სტადიონზე მიიყვანოს?
ჩისკო "დინამო თბილისის" ფეხბურთელია, ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ ლეგიონერები სათადარიგოთა სკამზე დასვას.
"დინამო" ფინანსურად და ინფრასტრუქტურლად ყველაზე ღონიერად გამოიყურება, იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ პირველ ლიგაშიც გაიჩინა გუნდი.
ბევრი კარგი ფეხბურთელის ყოლით "დინამო" კონკურენტებს ასუსტებს, მაგრამ სად უნდა ითამაშოს ბევრმა კარგმა ქართველმა ფეხბურთელმა, როცა მოედანზე მხოლოდ თერთმეტის ადგილია, სკამზე კი უცხოელებსაც უნდა გაუწიო კონკურენცია.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მამუკა ჯუღელის და გორის "დილას" ამბავი მალე დასრულდება. რა არის ჯუღელის თანამდებობა "დილაში"? ამ კითხვაზე მკაფიოდ კლუბშიც კი ვერ გვიპასუხეს, ხოლო კულუარებში ამბობენ, "დილა" უცხოეთში რომ იყო შეკრებაზე, ჯუღელთან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრიც კი ჩავიდა დასალაპარაკებლადო.
ნუთუ ჯუღელიც ეფემერული ღმერთია? მან ისეთი ფეხბურთელები მიიყვანა "დილაში", რომლებიც მასზე იმას კი არ ამბობენ, ჩვენი მენეჯერიაო, არამედ ოჯახის წევრად მოიხსენიებენ.
მოკლედ, კოჰობიტაცია თუ გვიშველის, თორემ სხვა დანარჩენი რესურსი უკვე აღარ ჩანს.
2013 წელს ექსკლუზივები და საფეხბურთო ჰიტები კიდევ იქნება, რადგან ამის საფუძველი ისევ არსებობს. თაფლი და ნიგოზი თუ მართლა ააქტიურებს ტვინის უჯრედებს, ესეც კიდევ ერთი დამხმარე საშუალება იქნება ამ საახალწლო დღეებში, მოოხშივრე ხორცეულ-თევზეული და ალკოჰოლი ხომ მთლად ააფორიაქებს ქართულ ფეხბურთზე დაფიქრებულ კოჰაბიტატორებს.
ჩვენი საქმე არც ისე ცუდად უნდა იყოს ზედმიწევნით გასტრონომიულ პერიოდში, ასეთი განხცრომა-განტვირთვა მღელვარე 2012 წლის შემდეგ დიახაც საჭიროა.
და რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?
ამ ბლოგის ავტორი პირობას დებს, რომ ასეთ პროვოკაციულ კითხვას აღარ დასვამს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თქვენ კიდევ თემურას აბრალებთ, არ არის ლამაზი.