ამასთან დაკავშირებით საფეხბურთო სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენელი ბესო აბაშიძე დაგვიკავშირდა.
"ჩვენთვის მოულოდნელი გამოდგა ინტერვიუს ის ნაწილი, რომელშიც ტყავაძე ახსენებს ლაშა შინდაგორიძეს და გიორგი ქვილითაიას, ფეხბურთელებს, რომელთა სატრანსფერო უფლებები ხელშეკრულებების საფუძველზე ჩვენს სააგენტოს ეკუთვნის.
ლაშა შინდაგორიძესთან გაფორმდა სააგენტო ხელშეკრულება და მისი კარიერის განვითარებაზე ზრუნვა დავიწყეთ 2009 წლიდან. საქართველოს მაშინდელი U17-წლამდელთა ნაკრების (მწვრთნელი გიორგი დევდარიანი) ორ ფეხბურთელთან (დავით სხირტლაძე, დავით ლეგაშვილი) ერთად შინდაგორიძეც გავამგზავრეთ პრაღის "სლავიაში" ორკვირიან სინჯებზე.
ჩვენი ძალისხმევით შინდაგორიძე დანიიდან პოლონურ "ვიძევში" სინჯებზე აღმოჩნდა, მაგრამ ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო არ დატოვეს.
2012 წლის ზაფხულში შინდაგორიძე კვლავ ჩეხეთში გავამგზავრეთ, ამჯერად პრაღის "დუკლაში", სადაც სინჯზე ჯერ ორი კვირა დაჰყო, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, თუმცა "დუკლას" სამწვრთნელო შტაბი მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ არ დააკმაყოფილა.
გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელი უგუნდოდ რჩებოდა, დეკემბრის ბოლომდე "ზესტაფონში" განათხოვრება მოვახერხეთ - შინდაგორიძის სატრანსფერო უფლებები დღემდე პირველი ლიგის "სასკოს" ეკუთვნის.
ცხადია, ყველაფერი ზემოთდასახელებული სააგნეტოს ხარჯით ხდებოდა და შინდაგორიძისგან სააგენტოს ერთი თეთრი არ მიუღია.
დეკემბრის დასაწყისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შინდაგორიძემ "დინამოში" დაიწყო ვარჯიში. მიუხედავად ჩვენს მიერ "დინამოს" გაფრთხილებისა, რომ შინდაგორიძის კონტრაქტის გაფორმების პროცესში ჩავერთეთ, "დინამომ" ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჩვენი გვერდის ავლით დაიყოლია. აღნიშნული "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა თავად ტყავაძემ.
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას: ხელშეკრულების საფუძველზე მის კარიერაზე სააგენტომ ზრუნვა 2010 წელს დაიწყო.
სინჯებზე წავიყვანეთ დანიურ "რანდერსსა" და ავსტრიულ " ზალცბურგში", სადაც ბრწყინვალედ წარმოაჩინა შესაძლებლობები. პირველ შემთხვევაში "რანდერსი" დანიური სუპერ ლიგიდან გავარდა და ტრანსფერი არ შედგა. ზალცბურგში" კი დაკვირვების პროცესში მთლიანად სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და ტრანსფერი ჩაიშალა.
ამის შემდეგ ქვილითაიამ დანიაში "დანა ქაფზე" ითამაშა, სადაც 4 თამაშში 5 ბურთი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში.
ისევე როგორც შინდაგორიძის შემთხვევაში, "დინამოს" სპორტული დირექტორი ტყავაძე ქვილითაიასაც დაუკავშირდა და კვლავ აგენტების მონაწილეობის გარეშე მოინდომა მისი გადაბირება. შინდაგორიძისგან განსხვავებით, ქვილითაია მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ჩვენი რჩევები გაითვალისწინა.
შემოთავაზებულ კონტრაქტზე ჩვენი შენიშვნები და წინადადებები "დინამომ" არ გაითვალისწინა. მეტიც, ქვილითაიას ურჩია, ჩამოშორებულიყო აგენტებს, რადგან ისინი კარიერას დაუღუპავდნენ.
ვფიქრობთ, რომ ხსენებულ ინტერვიუში ქვილითაიასადმი ტყავაძის ცინიკური ტონი ამით იყო განპირობებული", - ამბობს აბაშიძე.
სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთი მიდგომა ქართული ფეხბურთისთვის მიუღებელია:
"დასანანია, რასაც "დინამოს" წარმომადგენელი აკეთებს. ამ მოქმედებებით ტყავაძე იგნორირებას უკეთებს ფიფას პრინციპებს და არღვევს რეგულაციებს, რითაც უპირველესად, სახელს უტეხს კლუბს, ხოლო უახლოეს მომავალში, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, არაა გამორიცხული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის "დინამოს" სანქცია დააკისროს.
შეუძლებელია ეს ფაქტები გვახარებდეს, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი უმოქმედობა მომავალში უფრო დიდ ზიანს მოუტანს "დინამოს" სახელს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ქართულ რეალობაში იმ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რასაც კლუბებს, ფეხბურთელებსა და აგენტებს შორის ჯანსაღი ურთიერთობები ჰქვია".
* * *
კომენტარისთვის თბილისის "დინამოს" დავუკავშირდით და იურისტი, ლევან ზუხბაია დაგვალაპარაკეს.
"თუ ფეხბურთელი მეტყვის, რომ მის აგენტს უნდა დაველაპარაკო, ცხადია, დაველაპარაკები - ეს ფიფას რეგულაციებით არის გათვალისწინებული.
მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა: შინდაგორიძე "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს რომ ელაპარაკა, შეხვედრას მეც ვესწრებოდი და მან აგენტის დახმარება არ ისურვა, ურთიერთობა აღარ გვაქვსო. ამიტომ, "დინამოს" ჰქონდა სრული უფლება, მოლაპარაკება აგენტის გარეშე ეწარმოებინა.
ხომ არ დავაძალებდით, გინდა თუ არა დაგვალაპარაკეო? თუმცა, მეორე დღეს აგენტი ბესო აბაშიძე დაგვიკავშირდა და მოლაპარაკებაში ჩართვა გვთხოვა.
თუ პრეტენზიები აქვთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანონ და პასუხს აუცილებლად გავცემთ.
მიმაჩნია, რომ აგენტი კონტრაქტის ჩაშლას არ უნდა ცდილობდეს. ასევე მოხდა გიორგი არაბიძის შემთხვევაშიც, ხელშეკრულება შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში ისევ აბაშიძე ჩაერთო, შეთანხმება ჩაიშალა და ამ პერსპექტიულ ბიჭს დრო გაუცდა.
ჩვენის მხრივ კი ვიტყვი, რომ კლუბის კანონიერ ინტერესებს ყოველთვის დავიცავ", - ამბობს ზუხბაია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"