ეს მუხტი ყოველთვის იგრძნობოდა და იგრძნობა. ამიტომ თანხმდებიან ცნობილი ფეხბურთელები "ბენდელას თასზე" მონაწილეობაზე, რომ ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე ვალი მოიხადონ", - გვითხრა ქართლოს ჭუმბურიძემ.
ქართლოსი თავის ძმასთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად, "ბენდელას თასის" უკვე 22-ე (?!) გათამაშების ორგანიზატორია, ბოლო 12 წელი კი გვერდში დაუდგნენ: "იბერია ბიზნეს ჯგუფი", თბილისის ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
30 დეკემბერს "ბენდელას" სტადიონზე გადამწყვეტი მატჩები გაიმართა. ჯერ მოედანზე
უნდა გენახათ, ბავშვები რა აზარტით, ემოციითა და თავდადებით თამაშობდნენ, ან რა კომბინაციებს ათამაშებდნენ.
საბოლოოდ, "საბურთალო - 2"-მა დაძაბულ შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა.
ფინალში კი "დინამოს აკადემია" (მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი) "საბურთალო 1"-ს (მწვრთნელი: მიშა მოსიაშვილი) დაუპირისპირდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მატჩი ფეხბურთის ყველაზე მკაცრი გურმანის გემოვნებასაც დააკმაყოფილებდა - მოედანზე ქართული ფეხბურთის მომავალი ვიხილეთ, უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც ასაკისთვის გასაოცარ ფეხბურთს აჩვენებდნენ.
თავიდან საბურთალოელები დაწინაურდნენ, მაგრამ დავითაშვილის გუნდმა მდგომარეობა გამოასწორა და 4:1 გაიმარჯვა.
დიდების გათამაშების ფინალი ორი მატჩისგან შედგებოდა: სეუ (გიორგი სომხიშვილი, სერგი ორბელაძე, გურამ კაშია, დავით ოდიკაძე, გიორგი ნავალოვსკი, გოგი ფიფია, შოთა კუბლაშვილი) შედარებით უცნობი მოთამაშეებით შედგენილ "ვისოლთან" მეორე შეხვედრაში 3:4 დამარცხდა, მაგრამ პირველი დაპირისპირება 8:5 მოიგო და მთავარ პრიზს დაეუფლა.
ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს პრიზები "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა გრიგოლ ცაავამ და "ყავა პელეს" წარმომადგენელმა გადასცეს.
"ბენდელას" პოპულარიზაციაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი მერაბ ჟორდანიას: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის დროს ტურნირი წლის კალენდარში შეიტანა. ამჯერადაც საუკეთესო მოთამაშისთვის "ვიტესის" ფორმის ეკიპირება გამოაგზავნა, რომელიც... ისევ არნემელთა კაპიტანს, გურამ კაშიას ხვდა წილად.
ზედიზედ მესამე წელია, რაც საქართველოს ნაკრების მცველი "ბენდელაზე" საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს იღებს და გიორგი დემეტრაძის რეკორდი გაიმეორა, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა გიორგის შედეგიანობის (25 გოლი) გაუმჯობესება.
19 იანვრიდან 20 თებერვლამდე კი "ბენდელას თასი" პროფესიულ კლუბებს შორის გათამაშდება. ქართლოს ჭუმბურიძის თქმით, მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს თბილისის "დინამომ", ქუთაისის "ტორპედომ", "ზესტაფონმა", რუსთავის "მეტალურგმა", "ზოოვეტმა" - ზოგი დუბლებით ითამაშებს, ზოგიც - ძირითადი შემადგენლობით.
ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ "ბენდელას" ორგანიზატორები მაყურებლის დასაინტერესებლად 23-ე გათამაშების ფორმატის შეცვლას აპირებენ. როგორ და რა ფორმით, მალე გახდება ცნობილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"