სააგენტოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შინდაგორიძე ვალდებული იყო, "დინამოსთან" მოლაპარაკება მათი შუამავლობით ეწარმოებინა, რადგან ამ ფეხბურთელთან კონტრაქტი გვაკავშირებსო.
31 დეკემბერს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ლაშა შინდაგორიძის ინტერვიუ, სადაც ფეხბურთელი სააგენტოს ამხელს (იხილეთ ვრცლად), რის პასუხადაც, Players Agents-ის სახელით, პოზიციის დაფიქსირება sportall.ge-სთან ბესო აბაშიძემაც ისურვა.
Players Agents
"გაოცებულები ვართ შინდაგორიძის უმადურობის უმაღლესი დონის გამოვლინებით.
ფეხბურთელთან ურთიერთობით, რომელსაც სამი
იმისთვის, რომ დანიაში მან ვერ შეძლო თავის დამკვიდრება, საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს პასუხი, რადგანაც წელიწადზე მეტი გავიდა და კლუბის მიერ ინგლისური ენის პედაგოგის გამოყოფის მიუხედავად, მას ინგლისურად კონტაქტი მწვრთნელებთან კვლავ არ შეეძლო.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც კლუბმა ის დანიიდან გამოუშვა, მისი ხუშტურები და ურთიერთობების შეუძლებლობა იყო. დაინტერესებული პირებისათვის მარტივად შეიძლება ამ ფაქტის შემოწმება მასთან ინგლისურად გასაუბრებით.
შინდაგორიძე ტყუის, როდესაც ის აცხადებს, თითქოს დანიიდან იმიტომ წამოვიდა, რომ პოლონეთში გუნდი ელოდა. ჩვენ იძულებულები გავხდით, მისთვის კლუბი მოგვეძებნა, რადგან დანიელები გვაჩქარებდნენ ფეხბურთელის კლუბიდან გაშვებას. რა თქმა უნდა, მას შეეძლო, ბოლო 6 თვე დარჩენილიყო "ორჰუსში", თუმცა თამაში არ მოუწევდა და ვარჯიშიც მხოლოდ 19-წლამდელთა გუნდთან იქნებოდა შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მისთვის ახალი კლუბის მოძებნა იქნებოდა გამოსავალი და "ორჰუსიდან" პირდაპირ ლოძში გავამგზავრეთ (ამ ფაქტის გარკვევა მარტივად დანიურ კლუბში მიმართვით არის შესაძლებელი).
ის ისტორია, რასაც შინდაგორიძე პოლონეთზე ყვება, ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარს ჰგავს. ეტყობა დანიურმა გარემომ ზღაპრების შეთხზვის მუზაზე მოიყვანა. აბსურდზე კომენტარს აზრი არ აქვს. ფაქტი ის არის, რომ პოლონეთში ტესტთამაშზე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლა მოითხოვა, რისი მიზეზიც თურმე ის გახდა, რომ "აზრზე არ იყვნენ იქ მყოფი ფეხბურთელები" და ის იქ არ დარჩებოდა.
რაც შეეხება პრაღის სინჯებს, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი ვცადეთ, რომ შინდაგორიძეს პრაღაში ეთამაშა. დუკლას სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩვენი მეგობარია და მასზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი შინდაგორიძის ფიზიკური კონდიციები იყო და ეს ყველაფერი შინდაგორიძემ ძალიან კარგად იცოდა.
გაუგებარია, უბრალოდ, რაში სჭირდება მას ამდენი ტყუილის მოფიქრება. ახალი წლების შემდეგ დოკუმენტალურად გავაცნობთ საზოგადოებას ამ კლუბის ოფიციალურ პოზიციას შინდაგორიძის სინჯებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კონტრაქტს, რომელიც 2009 წლიდან აქვს ჩვენთან გაფორმებული, თავდაპირველად მშობლების თანხმობით და მოგვიანებით თავად ხელმოწერილს, აბსოლუტურად ყველა პირობა წინასწარ ხელმოწერამდე იყო შეთანხმებული და რომელი პირობის მოტყუებაზე აქვს ფეხბურთელს საუბარი, გაუგებარია.
ბოლო კონტრაქტი ერთგვერდიანი ინგლისურენოვანი დოკუმენტია და რამდენიც არ უნდა გვეცადა, მოტყუებით მოგვეწერინებინა მისთვის ამ კონტრაქტზე ხელი (გაუგებარია, ტყუილი რაში უნდა დაგვჭირვებოდა, მასზე ორი წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდით), სულ 3 წუთი დასჭირდებოდა ნებისმიერ მსურველს მის გადასაკითხად.
"ზესტაფონთან" დაკავშირებით შეგიძლიათ იმდროინდელ მწვრთნელებს ჰკითხოთ, სად ვარჯიშობდა და შემდეგ როგორ და რა ფორმით დატოვა კლუბი. "ზესტაფონის" რიგებში შინდაგორიძეს გამარჯვების ბონუსიც აქვს აღებული და ყველანი მოლოდინში ვიყავით, რომ ზამთრის სეზონში კლუბთან მის პირად კონტრაქტზე დავილაპარაკებდით, თუმცა შინდაგორიძის "ზესტაფონიდან" წამოსვლის სცენარი იგივე იყო, როგორიც პოლონეთში - რუსთავის "მეტალურგის" დუბლებთან მატჩის პირველ ტაიმში შეცვლა ითხოვა, გამოიცვალა და თბილისში წამოვიდა!!!
ერთი რამ ნათელია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენმა სააგენტომ არცერთი თეთრი არ დაიშურა იმისათვის, რომ შინდაგორიძე ფეხბურთელად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს მან ვერ მოახერხა.
მომავალში რა იქნება, დრო გვიჩვენებს.
დასასრულ, გვინდა ვთქვათ, რომ არცერთ ჩვენს ფეხბურთელს: დავით ლეგაშვილს, დავით სხირტლაძეს, გიორგი ქვილითაიას და სხვებს მსგავსი რამ არასოდეს მოსვლიათ და ყველას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ".