ზურაბ არზიანი: მამუკა ჯუღელს ვენდობი და მის რჩევას დაველოდები

AutoSharing Option
როგორც კი გორის "დილა" შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაფულიანა და გუნდის დაკომპლექტებაში მამუკა ჯუღელი აქტიურად ჩაერთო, "დილაში" ერთბაშად ბევრი კარგი ფეხბურთელი გაჩნდა.

ერთ-ერთი ზურაბ არზიანი გახლდათ, ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც დაცვით ფუნქციებშიც რიგიანად ირჯება და შეტევით ფაზაშიც.

თუმცა მისი კარიერა "დილაში" ისე ვერ წარიმართა, როგორც მას სურდა. გუნდის აწ უკვე ყოფილი თავკაცი გიორგი დარასელია საღსალამათ არზიანს ბოლო შეხვედრებში არ ათამაშებდა.

ახლა კი ჯერაც გაურკვეველია, ვინ იქნება "დილას" მთავარი მწვრთნელი და რა დაფინანსება ექნება კლუბს. ცხადია, გაურკვევლობაში არიან ფეხბურთელებიც და სანამ ბურუსი გაიფანტება,
"ლელოს" კითხვებს არზიანი პასუხობს.

- "დილას" ფეხბურთელებისთვის ტრივიალურია კითხვა - რას აპირებ?
- ჯერჯერობით გორის "დილას" ფეხბურთელი ვარ, კონტრაქტი კლუბთან ზაფხულამდე მაკავშირებს, თუმცა ჯერ გარკვეული არაფერია იმ მხრივ, თუ სად ვითამაშებ.

- ახალი წლის წინ "დილაში" კრება გაიმართა - რა გითხრეს იქ ფეხბურთელებს?
- გუნდი არსებობას გააგრძელებს და შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაცო. რაც შეეხება პირობებს, ახალ სპონსორს ვეძებთო. იმედია, "დილას" გამოუჩნდება სპონსორი, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ფეხბურთელებს იგივე პირობები არ გვექნება, რაც აქამდე გვქონდა.

- ბოლო მატჩებში "დილას" შემადგენლობაში აღარ ჩანდი. რა იყო მიზეზი?
- არ ვიცი, მაგ კითხვას საკუთარ თავსაც ვერ დავუსვამ. მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

- გასაგებია, მაგრამ რამდენად სამართლიანი იყო გიორგი დარასელიას ასეთი გადაწყვეტილება?
- ჩემი აზრით, ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ მწვრთნელის მხრიდან ეს ალბათ, პირიქით იყო.

- არ გიცდია, გაგეგო მიზეზი?
- მიზეზი არ არსებობდა. არაფერი არ გამიფუჭებია და, ყოველივე ამის გათვალისწინებით, არც მქონია მწვრთნელთან დალაპარაკების სურვილი. მე თვითონ ვხვდები, რომ ეს უმიზეზო გადაწყვეტილება იყო, 6-7 მატჩი განაცხადშიც კი არ ვიყავი...

- კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაქვს გატარებული, თუმცა ორი წლის წინათ მახაჭყალის "ანჟიდან" "დინამო თბილისში" იყავი განათხოვრებული მცირე ხნით. როგორ შეადარებდი "დინამოს" და "დილას"?
- ამ ორ გუნდს ვერც კი შევადარებ იმ მხრივ, რომ "დინამო" სულ სხვა კლუბია საკუთარი ბაზით, ინფრასტრუქტურით, ტიტულებით.

ჩემს დროს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა იყო. ის ძალიან კარგი სპეციალისტი და ადამიანია...

"დილაში" კი დაფინანსება იყო კარგი.

- საუკეთესო პერიოდი კი, ალბათ, "ანჟიში" გქონდა...
- მასეა, იმ გუნდში ხომ ოთხი წელი ვიყავი. სამწუხაროდ, ტრავმებმა შემიშალეს ხელი. წელის ტკივილები მქონდა და მარტო ამის გამო ერთი წელიწადი გამიცდა.

სად არ ვიყავი სამკურნალოდ, თურქეთში და გერმანიაშიც კი, მაგრამ პრობლემა ვერ გვარდებოდა. მერე გაირკვა, რომ უკანა კუნთი იყო დაზიანებული და წელის ტკივილსაც ეს იწვევდა.

მიუხედავად ამისა, რუსეთში ყველაზე უკეთ "ანჟიში" წარმოვაჩინე თავი. მახაჭყალაში ცხოვრება იოლი არ ყოფილა, მაგრამ ამასაც შევეჩვიე.

- ამ დროისთვის ვითარება ასეთია - "დილა" "დინამოს" სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა "დინამოს" სულ სხვა სავარჯიშო და მოსამზადებელი პირობები აქვს და, ამის გათვალისწინებით, ჩემპიონობის რა შანსი უნდა ჰქონდეს "დილას"?
- თუ "დილას" სპონსორი გამოუჩნდება და ფეხბურთელებს შეინარჩუნებს, "დინამოს" ჩემპიონობის მოპოვება ძალიან გაუჭირდება. კარგი გუნდია ქუთაისის "ტორპედო", მაგრამ არა მგონია, რომ ამ სეზონში ჩემპიონობისთვის "დინამოსა" და "დილას" გარდა, სხვა გუნდმაც იბრძოლოს.

- საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული ქართველი ლეგიონერები ამბობენ, რომ აქ თამაში თავისებურად რთულია. მაინც რა სპეციფიკა აქვს საქართველოს ჩემპიონატს?
- საქართველოში, ასე ვთქვათ, ბურთი კარგად იციან და აქ რომ პირობები იყოს, ბევრად წინ ვიქნებოდით წასული. უცხოეთიდან ჩამოსული ზოგი ფეხბურთელი, უბრალოდ, სათანადო პატივს არ სცემს საქართველოს ჩემპიონატს და ამიტომაც უჭირს აქ თამაში.

თავიდან მეც გამიჭირდა, "დინამოში" რომ მივედი. როცა რუსეთში ხარ და ეთამაშები "ზენიტს" და ცსკა-ს, მერე უცბად ძნელია აქ გადმორთვა. აქაურ სიტუაციასთან შეგუებაა საჭირო.

- დაბოლოს, თუ "დილას" სპონსორი არ გამოუჩნდა და სხვა პირობებს შემოგთავაზებს კლუბი, რა გადაწყვეტილებას მიიღებ?
- რაღაცას მოვძებნი. მყავს ჩემი მენეჯერი, რომელმაც ბავშვობიდან მომკიდა ხელი. მოკლედ, მამუკა ჯუღელს ვენდობი და მის რჩევას დაველოდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვალდას ივანაუსკასი, ანუ როგორ გავყიდოთ გორის "დილა"?
გიორგი დარასელია: მადლობა ყველას, ვინც "დილას" წარმატებულ სვლაში მეხმარებოდა
გორის "დილა" დაიშლება? დარასელია წავიდა, სალუქვაძე და ხოჯავა მიდიან
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ფეხბურტელია მაგ ნაკრებსი რომ არ უნდა დამაცჰი.
fani
17:08 04-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული