ბოლნისის "სიონში" დიდი ცვლილებები დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ბოლნისის "სიონმა" წარუმატებლად დაასრულა: 22 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა, საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა და წელსაც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.

შევიტყვეთ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორც ამტკიცებენ, "სიონის" ხელმძღვანელობა მოთამაშეთა დიდ ნაწილს დაემშვიდობება.

"ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა მხოლოდ 10 იანვრის შემდეგ გაირკვევა.

კლუბის კრება გაიმართება და გვეცოდინება, რა ბიუჯეტი თუ რისი შესაძლებლობები გვექნება და რა დონის მოთამაშეთა მოზიდვას შევძლებთ.

თუმცა, სერიოზულ საკადრო ცვლილებებს მართლაც არ გამოვრიცხავ. საქმე ისაა, რომ კონტრაქტი აბსოლუტურად ყველას დაგვიმთავრდა,
ხელმძღვანელებსაც და მწვრთნელებსაც"
- გვითხრა "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ.

ასევე უცნობია, კლუბი სეზონისთვის სად მოემზადება:

"ჯერ ამ საკითხშიც გაურკვევლად ვართ. შეკრებას 10 ან 15 იანვარს დავიწყებთ. ჯერ თბილისში ვივარჯიშებთ და გასასინჯ ფეხბურთელებს დავაკვირდებით.

მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, მერე სად ვივარჯიშებთ. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ ურეკში გავემგზავრებოდით.

მაგრამ ახლა უკრაინაში ან თურქეთში მომზადების იმედი გაჩნდა. ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

როგორც ვიცით, ჩვენ კვლავ დაგვაფინანსებენ და ნორმალური ბიუჯეტი გვექნება, მაგრამ დეტალები დასაზუსტებელია. შემადგენლობისა და შეკრების საკითხები სწორედ ამაზეა დამოკიდებული".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული