გორის "დილა" ზურაბ არზიანის ინტერვიუს გამოეხმაურა

AutoSharing Option
მიმდინარე წლის 4 იანვრის "ლელოში" დაიბეჭდა გორის "დილას" ფეხბურთელის ზურაბ არზიანის ინტერვიუ - "მამუკა ჯუღელს ვენდობი და მის რჩევას დაველოდები" (იხილეთ ვრცლად) , რომელზეც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მცირედი განმარტების გაკეთება სურს.

თავიდანვე ვიტყვით, ასეთი ფორმით პოზიციის დაფიქსირების გზას ნამდვილად არ ავირჩევდით, გუნდს რომ მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს.

სამწუხაროა, რომ "დილას" ნახევარმცველი ჟურნალისტებთან საუბრის იშტაზე მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ყველანი კლუბის ირგვლივ არსებულ სიტუაციაში გარკვევის მოლოდინში ვართ.

მედიასთან კონტაქტში ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში პრობლემა რომ არ ჰქონიათ, ამაში უნდა დაგვეთანხმოთ.

უკლებლივ
ყველა მედია-სუბიექტს ჰქონდა მისთვის სასურველი მოთამაშისგან ინტერვიუს ჩამორთმევის საშუალება.

მეტიც, "დილას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით, რესპოდენტი-ფეხბურთელი თავად ეახლებოდა ამა თუ იმ გამოცემის ჟურნალისტს მისთვის სასურველ მისამართზე.

* * *

- ბოლო მატჩებში "დილას" შემადგენლობაში აღარ ჩანდი. რა იყო მიზეზი?
- არ ვიცი, მაგ კითხვას საკუთარ თავსაც ვერ დავუსვამ. მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

- გასაგებია, მაგრამ რამდენად სამართლიანი იყო გიორგი დარასელიას ასეთი გადაწყვეტილება?
- ჩემი აზრით, ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ მწვრთნელის მხრიდან ეს ალბათ, პირიქით იყო.

- არ გიცდია, გაგეგო მიზეზი?
- მიზეზი არ არსებობდა. არაფერი არ გამიფუჭებია და, ყოველივე ამის გათვალისწინებით, არც მქონია მწვრთნელთან დალაპარაკების სურვილი. მე თვითონ ვხვდები, რომ ეს უმიზეზო გადაწყვეტილება იყო, 6-7 მატჩი განაცხადშიც კი არ ვიყავი…

* * *

ახლა კი ჩვენი ინფორმაცია მათ საყურადღებოდ, ვისაც მიაჩნია, რომ "ტანჯული" ფეხბურთელი ვინმემ უმიზეზოდ მოიძულა.

გასული წლის ოქტომბერში ს/კ გორის "დილას" ადმინისტრაციამ ფიფას წესდების თანახმად შეიმუშავა შინაგანაწესი, რომელსაც სხვებთან ერთად არზიანიც გაეცნო და სწორედ მისი მე-15 პუნქტის დარღვევისთვის, კლუბის გადაწყვეტილებით, ნოემბრის ბოლოს სავსებით სამართლიანად იქნა ფინანსური სანქციით დაჯარიმებული.

ვერ გეტყვით, ამან იმოქმედა, თუ კიდევ სხვა რამემ, მაგრამ ფაქტია: მანამდეც ტრავმებისადმი საოცრად მიდრეკილი არზიანი, ლამის "შუშის" ფეხბურთელად იქცა - ვარჯიშში ხელს ხან წელის, ხან ფეხის ტკივილი უშლიდა.

სრულფასოვნად უვარჯიშებელი კი, გუნდში არსებულ საკმაოდ ჯანსაღ კონკურენციას ვერ უძლებდა, რის გამოც, მე-17 ტურიდან "დილას" მიერ გამართული 6-დან მხოლოდ ერთ მატჩში (ბათუმის "დინამოსთან") მოხვდა 18-კაციან განაცხადში.

აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ გასულ შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებულმა არზიანმა, ტრავმების გამო 2-ჯერ თქვა უარი ქვეყნის პირველ გუნდთან ვარჯიშზე.

და ბოლოს, "ლელოს" 4 იანვრის ნომრის "გმირი" მარტო ტრავმებისადმი რომ არაა მიდრეკილი, მისგან ზემოთ ნახსენები საკლუბო შინაგანაწესის კიდევ ერთხელ დარღვევით გამოჩნდა.

იგი ჟურნალისტს პრესცენტრისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად (მე-18 მუხლი) ესაუბრა.

fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული