[ექსკლუზივი] გიორგი დემეტრაძე: უნამუსო არ ვარ, 36 წლისამ ვითამაშო

AutoSharing Option
ფოტო
ისევე, როგორც ბურთის გატანის შემდეგ, გიორგი დემეტრაძემ 13 იანვარს, დილის 10 საათზეც ხელები ზევით აღაპყრო და ალბათ, ყველა გოლზე მეტი სიხარულით აღნიშნა პატიმრობიდან გათავისუფლება.

ამნისტიის შესახებ კანონს ხელი რომ მოეწერა, 13 იანვარს, დილით, ციხეები პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190-მა პირმა დატოვა [ფოტოგალერეა].

მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელიც იყო.

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან გიორგის უამრავი ხალხი ელოდა. ერთ-ერთს მაისურაზე მისი სურათი აღებეჭდა - ფეხბურთელს თავისუფლება კი წაართვეს, მაგრამ ხალხის სიყვარულს ვერაფერი მოუხერხეს, რადგან უბრალო, გულიანი და ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული დემეტრაძე გულშემატკივარს
გამორჩეულად უყვარდა.

VideoSportall.Ge
გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულება დატოვა


გიორგი დემეტრაძეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ შინ ვესტუმრეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- უპირველესად, გათავისუფლებას გილოცავ.
- გმადლობთ. თუ დამიჯერებთ, დღემდე ვერ ვხვდები, ციხეში რა მიზეზით ვიჯექი. ფეხბურთელი კაცი როგორ უნდა ვყოფილიყავი ქურდული სამყაროს წევრი? ეს ელემენტარულ ლოგიკაში ვერ ჯდება.

სურდათ, მეთქვა ის, რაც არასოდეს ჩამიდენია და ისიც, რაც სხვაზე არ ვიცოდი, მაგრამ ეს არ მიკადრია და ბედნიერი ვარ, ციხე რომ დავტოვე.

იმედია, ბევრი სხვა პატიმარიც გათავისუფლდება, რომელთა იქ ყოფნას ახსნა არ ჰქონდა. მაგალითად - შამილ ცინდელიანი, რომელიც ევროპის ჩემპიონია ბრძოლაში წესების გარეშე. ის იმიტომ დააკავეს, რომ "სპეცნაზში" გადასვლა და სპორტის მიტოვება არ ისურვა. წარმოგიდგენიათ?

- შენზე ფიზიკური ზეწოლა და დაშინება ხდებოდა?
- ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ, როდესაც გამუდმებით გესმის გაწამებული პატიმრების კივილი და ღმუილი. ამას მტერს არ ვუსურვებ. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ამოვისუნთქეთ, წამება და დაშინება წარსულს ჩაბარდა.

- 2 წლისა და 7 თვის პატიმრობის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებ?
- ციხეში 33 წლისა ჩამსვეს და უნამუსო არ ვარ, 36 წლისამ ვითამაშო. ახლა ამას ვერ შევძლებ. არადა, დაკავებამდე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, რადგან უკრაინისა და კვიპროსის კლუბებში მიწვევები მქონდა და სამწლიან კონტრაქტებს მთავაზობდნენ.

სამწუხაროდ, კარიერა არა კლუბში, არამედ ციხეში დამამთავრებინეს.

- ცხადია, გვაინტერესებს, როგორია შენი სამომავლო გეგმები.
- ერთი საათიც არ არის, რაც ციხე დავტოვე და ცხადია, ჯერ თავისუფლებით ვტკბები. ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ გადაწყვეტილი არ მაქვს, სად და რა როლში დავსაქმდე. ამაზე ახლა არც ვფიქრობ. უბრალოდ, მინდა, გონზე მოვიდე და ორი კვირა კარგად დავისვენო.

- მეგობრები გეხმარებოდნენ?
- კახა კალაძე და კიდევ გულიანი ადამიანი, რეზო არველაძეც.

- შენი დაკავების დროს დონეცკის "მეტალურგის" გენერალურმა დირექტორმა დმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში, თანხას ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის, "ბარსელონას" იმდროინდელი წევრი იაია ტურე გადაიხდიდა.
- მე და ტურე დონეცკის "მეტალურგში" ერთად ვთამაშობდით და ვმეგობრობდით, მაგრამ ტურეს კი არა, ჩემი გათავისუფლება მესის, "ბარსელონას" და მსოფლიო ფეხბურთის ყველა ვარსკვლავს რომ მოეთხოვა, მაინც არაფერი შეიცვლებოდა.

ამომიჩემეს და თავიანთი ავადმყოფური იდეების გამო არ მიშვებდნენ. მაგათ ხომ ხალხის წამება, ფულის და ქონების წართმევა სიამოვნებდათ... თქვენ ხომ არ იცით, 1 ოქტომბერს ციხე სიხარულისგან კინაღამ დაინგრა. უზარმაზარი სიხარული იყო. იმდენი ვიყვირეთ, ხმა ჩაგვიწყდა...

- ციხეში ვარჯიშობდი?
- სისტემატურად, ჩაკეტილი რომ ვიყავი და მერეც, როდესაც ღია ზონაში გადამიყვანეს. სხვათა შორის, ერთ კამერაში ვიყავით მე და მერაბ რატიანი.

ეს კაცი იყო თბილისის "დინამოს" მეპატრონე. დაიჭირეს და კლუბი წაართვეს. რაც ვიცი, მან და მისმა მეგობრებმა "დინამოს" 50 მილიონამდე დაახარჯეს და ეგრე სად არის?! გამოვა ეს კაცი, სასამართლოში სარჩელს შეიტანს და იქ ყველაფერი გაირკვევა. ძველი დრო აღარ არის, ქვეყანაც დალაგდება და ფეხბურთიც.

- დარწმუნებული ვარ, ციხეში ფეხბურთელების სტუმრობა ძალიან გაგახარებდათ.
- რა თქმა უნდა და ამისთვის ბიჭებს მადლობა. ლადო ბურდული, ლევან ცქიტიშვილი, ზვიად სტურუა, მიხეილ ბობოხიძე, კოკა მიკუჩაძე, დათო დათვაძე და დათო გოგოლაძე იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვაწყენინეთ - ვეთამაშეთ და მოვუგეთ.

სხვათა შორის, ციხეში საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა. თქვენ თუ გგონიათ, რომ შემოსულებმა შეგნებულად წააგეს, ცდებით. ციხეში ასეთი რამ არ ხდება.

გიორგი დემეტრაძე თავისუფალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დემეტრაძე გაათავისუფლეს [VIDEO]
გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"
ერთი კვირის ათასი წვრილმანი: შენახული ენერგია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ გათავისუფლებას.
ისე სასაცილო არ რის რამდენიმე წლის წინათ კარიერა დამთავრებულმა ფეხბურტელებმა რომ წააგეს? :D გახსოვთ ალბათ შოთას გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე როგორ თამაშბდნენ უცხოელი ვეტერენები.
giorgi
12:22 14-01-2013
0
შენ რო დადიოდი და აგროვებდი ფულს კითხე იმ ხალხს ქონდათ მოსაცემი,მთავარია ცქიტიშვილს უნახიხარ,წამალი არ შემოგიტანა.
გიორგი
19:07 14-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული